ისტორია

1888 წელს ინგლისის საფეხბურთო ლიგის დაარსებისას „ენფილდი“ ლიგის ერთ-ერთი სტადიონი იყო, რომელმაც 1888 წლის 8 სექტემბერს, ინგლისური ფეხბურთის „პირველ შაბათს“ „აკრინგტონის“ საფეხბურთო კლუბს უმასპინძლა, თუმცა მათ არა „წითლები“, არამედ „ლურჯები“ დახვდნენ, „ევერტონის“ სახით. როგორც „ევერტონის“, ისე „ლივერპულის“ დაბადება „წმ. დომინგოს“ ეკლესიის საპატიო პალატისა და ჯონ ჰოულდინგის - ქალაქ ლივერპულის მერის ძალისხმევის შედეგად მოხდა. სწორედ ამ უკანასკნელმა დაატოვებინა „ენფილდი“ „ევერტონს“ და მანვე დააარსა საფეხბურთო კლუბი „ლივერპული“.

წმ. დომინგოს საფეხბურთო კლუბი მოყვარულთა გუნდი იყო, რომელიც დაფუძნებული იყო რწმენაზე, რომ ახალგაზრდები რელიგიური, სწორი ცხოვრების გზაზე ჯანმრთელი გუნდური შეჯიბრის საშუალებით უფრო მყარად იდგებოდნენ. „სტენლი პარკზე“ ჩატარებული ორიოდე წლის შემდეგ გუნდს სახელი გადაერქვა და მათი დამაარსებელი ეკლესიის საპატიოდ საფეხბურთო კლუბი „ევერტონი“ ეწოდა, თუმცა წმ. დომინგოს გუნდი არა ეკლესიაში, არამედ „ვილიჯ სთრითზე“ მდებარე „კუინზ ჰედ ჰოტელში“ შეიკრიბა, რომელიც „ევერტონის“ ძველი საკონდიტროს გვერდზე მდებარეობდა. აქედან გამომდინარეობს „ევერტონის“ ზედმეტსახელი „კანფეტები“ (The Toffees). სახელწოდება „ევერტონის“ აღებით გუნდმა სამუდამოდ გასწირა თავი ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული გაურკვევლობისათვის - თითქმის საუკუნის შემდეგ წარმოიშვა კითხვა „მითხარი ერთი, ქვეყნის რომელ ნაწილშია ქალაქი ევერტონი“?