YNWA - უფრო მეტი ვიდრე ჰიმნი

ავტორი: johnson, 28-02-2018, 19:02, კატეგორია - სიახლეები, 1 532, 14


უკვე 55 წელია, "ლივერპულის" ყოველ მატჩზე გულშემატკივრები ლეგენდარულ სიმღერას ასრულებენ. ეს უბრალოდ ტრადიცია არ არის, ზოგჯერ ეს ჰიმნი სასწაულებსაც ახდენს. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი სტამბულის ფინალია - იმ დღეს "წითლებმა" მეხუთედ მოიგეს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი.

როგორც იცით, აღნიშნული მატჩის პირველი ნახევარი მერსისაიდელებმა 0:3 დათმეს. შესვენებაზე კი სქაუზერებმა თავიანთი საფირმო სიმღერით საკუთარი სახელი ისტორიაში ჩაწერეს :

"რიგებს შორის ცივ ბეტონზე ვიჯექი. ვცდილობდი მომხდართან შეგუებას. განადგურებული ვიყავი. უცებ, საიდანღაც, YNWA-ს პირველი სიტყვები გავიგონე, ჩემმე მეგობარმა კი დაიძახა : "ეს სიმღერა არ არის ყველაფრის პასუხი"." - იხსენებს "ლივერპულის" ერთ-ერთი გულშემატკივარი.


"ამის მიუხედავად, გულშემატკივართა ხმა უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ფანები ერთმანეთს წამოდგომაში ეხმარებოდნენ და ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ 40 000 ადამიანი ფეხზე არ დადგა. რამდენიმე ადამიანის მიერ დაწყებული სიმღერა წამებში იმედისა და სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა. ეს იყო ყველაზე გულწრფელი You’ll Never Walk Alone, რომელიც ოდესმე მომისმენია. თითოეული სიტყვა რწმენითა და სიყვარულით იყო წარმოთქმული.

იტალიელები ფიქრობდნენ, რომ ფინალი მოიგეს და მოედნის საპირისპირო მხარეს უკვე ზეიმობდნენ კიდეც გამარჯვებას. უნდა გენახათ თუ როგორ შეიცვალა ჩვენი ხასიათი ჰიმნის შესრულების დროს. ევროპაში არ არის ასეთი ჰიმნი და არ არის კლუბი, რომელსაც ასეთი კავშირი აქვს თავის გულშემატკივრებთან. მე იქ ვიყავი და ვცახცახებდი - 40 000 ადამიანი თავისი გუნდის მხარდასაჭერად გაერთიანდა."
- წერდა იოჰან კრუიფი, რომელიც ამ სასწაულის მოწმე პირადად გახდა.

პირველი YNWA
ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ეს სიმღერა პირველად არათუ ლივერპულში, არამედ ინგლისშიც კი არ შესრულებულა. მისი ავტორები არიან რიჩარდ როჯერსი(კომპოზიტორი) და ოსკარ ჰამერშტაინი(მწერალი). ერთ-ერთი ვერსიით, როჯერსმა მისი დაწერა საუკეთესო მეგობარის დაკრძალვაზე გადაწყვიტა. მეორე ვერსიით კი მათ ეს სიმღერა მეორე მსოფლიო ომის დასრულებას მიუძღვნეს. ორივე ვერსია შეგვიძლია რეალურად მივიჩნიოთ, რადგან სიმღერა სწორაც რომ ტრაგიზმისა და იმედის ნაზავია.

პირველად ის 1945 წლის 19 აპრილს, ნიუ-იორკში, ბროდვეის თეატრში, მიუზიკლ "კარუსელის" პრემიერაზე გაჟღერდა. აღსანიშნავია, რომ როჯერსმა ამ მიუზიკლისთვის ორი ათეული სიმღერა დაწერა, თუმცა მაყურებელს YNWA განსაკუთრებულად დაამახსოვრდათ. ამერიკელმა კომპოზიტორმა, ირვინგ ბერლინმა ის 23-ე ფსალმუნსაც შეადარა. როცა ჯაზმენმა, მელ ტორმმა როჯერსს უთხრა, რომ სიმღერის მოსმენის დროს მან იტირა, რიჩარდმა უპასუხა : "ასეც უნდა ყოფილიყო". შესაძლოა, ქვეყანაში, რომელმაც დიდი დეპრესია და ომები გამოიარა, სწორედ რომ ტრაგიზმისა და იმედის გაერთიანება იყო საჭირო.


შტატებში როგორც მიუზიკლი, ისე ეს სიმღერა ძალიან პოპულარული გახდა. 1956 წელს ის დიდ ეკრანზეც გადაიტანეს. რეჟისორს სურდა, რომ მთავარი როლი ფრენკ სინატრას შეესრულებინა, თუმცა გადამღებ ჯგუფსა და მსახიობს შორის გაუგებრობა მოხდა. მოგვიანებით სინატრამ ეს სიმღერა მაინც ჩაწერა.

აღსანიშნავია, რომ YNWA-ს "ქავერები" გააკეთეს 50-იანების ვარსკვლავებმა : ლუი ამსტრონგმა,  რეი ჩარლზმა და როი ჰამილტონმა.

"ლივერპულმა" ბრძოლა მოიგო
გარდამტეხი აღმოჩნდა 1964 წელი. ლივერპულური ჯგუფის, Gerry & The Pacemakers-ის წყალობით, სიმღერა მთელს ბრიტანეთში გახდა პოპულარული. ჯგუფის პროდიუსერი ბრაიან ეპსტაინი ასევე იყო "ბიტლზის" ინტერესების დამცველი. ის ყველაფრის ჩაშლას შეეცადა, თუმცა საბოლოოდ არაფერი გამოუვიდა. 

60-იან წლებში "ლივერპული" ძალიან პროგრესირებადი კლუბი იყო : მერსისაიდელებმა დიჯეიც კი მოიწვიეს, რომსაც თითოეული მატჩის წინ სტადიონზე კვირის 10 საუკეთესო სიმღერა უნდა გაეჟღერებინა. 1963 წლის 19 თებერვალს, "ვესტ ბრომთან" მატჩამდე, YNWA სწორედ ამ ათეულში მოხვდა. ორ კვირაში ის უკვე ჩარტების ლიდერი იყო, ხოლო მომდევნო 4 კვირის განმავლობაში ამ პოზიციას ინარჩუნებდა. მაშინაც კი, როცა სიმღერა ათეულს მიხმა აღმოჩნდა, მსაჯის სასტვენამდე გულშემატკივრებმა მაინც დაიწყეს მისი შესრულება. კლუბის ხელმძღვანელობის რეაქციამაც არ დააყოვნა - მალე YNWA ყოველ მატჩზე ირთვებოდა. ამ მომენტიდან ის კლუბის ჰიმნი გახდა.

1965 წელს, "უემბლიზე" მერსისაიდელებმა "ლიდსი" დაამარცხეს და ინგლისის თასს დაეუფლნენ. კომენტატორმა მაშინ YNWA-ს "ლივერპულის" საფირმო სიმღერა უწოდა.


ცხადია, ეს სიმღერა ყოველთვის "ლივერპულთან" ასოცირდება, მაგრამ მას კიდევ 20 კლუბის გულშემატკივრები ასრულებენ. არის შემთხვევები, როცა სხვა გუნდების ფანები ცდილობენ YNWA მიისაკუთრონ. მაგალითად, 2004 წელს, "მან. იუნაიტედის" გულშემატკივარმა საჯაროდ განაცხადა, რომ პირველად სწორედ "ეშმაკებმა" შეასრულეს ის მიუნხენის ტრაგედიის შემდეგ, გლაზგოში კი დღესაც ბევრი ფიქრობს, რომ ეს სიმღერა პირველად "სელტიკის" ფანებმა გააჟღერეს.

"ენფილდზე" ესმოდათ, რომ შეიძლებოდა ვინმეს მართლაც მიესაკუთრებინა ეს ჰიმნი, ამიტომაც 1992 წელს, კლუბის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, You Will Never Walk Alone კლუბის გერბზეც დააწერეს.

წარმოუდგენელია, მაგრამ YNWA-ს "ევერტონის" გულშემატკივრებიც ასრულებდნენ
რატომ გახდა ეს სიმღერა თავისი რთული მელოდიითა და სევდანარევი ტექსტით ფეხბურთის სიმბოლო ? ალბათ იმიტომ, რომ გარკვეულწილად ფეხბურთშიც ვხვდებით ასეთ მოვლენებს - სტადიონზე ხომ ადამიანები მოდიან და ერთიანდებიან. დიახ, სიხარული ადამიანებს აერთიანებთ, მაგრამ არა ისე მტკიცედ, როგორც ეს სევდას და მწუხარებას შეუძლიათ. სქაუზერებს შესაძლოა ეს სიმღერა კიდევ მრავალი წელი შეესრულებინათ, თუმცა ჰილსბოროს ტრაგედიის შემდეგ, მის შესრულებას ისინი არასდროს შეწყვეტენ ! 

"ლივერპულის" გულშემატკივრებმა ეს ისტორია კარგად იციან - 1989 წლის 13 აპრილს, ინგლისის თასის 1/2 ფინალური მატჩის დროს, სტადიონზე მოხდა ჭყლეტვა, რასაც 96 სქაუზერის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"ჩვენს გონებაში ამ სიმღერის არსი უმალვე შეიცვალა - ჩვენ არამხოლოდ ვეუბნებოდით ფეხბურთელებს, რომ ისინი მარტო არ არიან, არამედ ვმღეროდით იმ 96 დაღუპულისთვისაც." - ამბობს "ლივერპულის" ერთ-ერთი სტაჟიანი გულშემატკივარი.

ტრაგედიიდან 4 წლის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის მატჩზე "მილანსა" და "რეალს" შორის, შეხვედრა წუთიერი დუმილით შეჩერდა, რომლითაც "სან სიროზე" შეკრებილმა გულშემატკივრებმა, მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა პატივი მიაგეს გარდაცვლილ სქაუზერებს. ამ დროს, "მილანის" ფან-სექტორზე, ადამიანმა მცირე ჯგუფმა YNWA-ს შესრულება დაიწყო, მალე მათ მთელი სამხრეთ ტრიბუნა შეურთდა.


დავუბრუნდეთ 1989 წლის ტრაგედიას, რომლის გამოც 1/2 ფინალური მატჩი ჩაიშალა. გადათამაშება მოგვიანებით შედგა, "ლივერპულმა" დაამარცხა "ნოტინგემი" და თასის ფინალში გავიდა, სადაც "წითლების" მეტოქე თანაქალაქელი "ევერტონი" იყო. დერბი "უემბლიზე" შედგა. მატჩის დაწყებამდე კი Gerry & The Pacemakers-მა YNWA შეასრულა.

"მახსოვს "ევერტონის" გულშემატკივრებიც ჩვენთან ერთად ასრულებდნენ ამ სიმღერას. ეს რაღაც მაგიური, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში." - იხსენებს ჯგუფის სოლისტი, ჯერი მარდსენი.

ფინალის შემდეგ, ტრაგედიისას დაღუპული ოჯახების მხარდაჭერთან გუნდის წარმომადგენელმა, მარგარეტ ასპინოლმა განაცხადა : "ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს, ეს ჩვენი ლოცვაა. ახლა ის ამ ოჯახებს ეკუთვნით. მაპატიე ჯერი, მაგრამ ახლა ეს სიმღერა სწორედ იმ 96 ადამიანისაა."

YNWA როგორც ინსპირაციის წყარო
რა თქმა უნდა, ეს სიმღერა ყოველთვის "ლივერპულთან" ასოცირდება, თუმცა ის საფეხბურთო სამყაროს მიღმაც ძალიან პოპულარულია.

1967 წელს, ელვის პრესლიმ ამ სიმღერის საკუთარი ვერსიაც ჩაწერა და განაცხადა, რომ ეს თავისი კუმირის, როი ჰამილტონის საპატივცემულოდ გააკეთა. მალე ეს სიმღერა კიდევ არაერთმა ცნობილმა მომღერალმა შეასრულა.

YNWA-მ კიდევ უფრო სწრაფად მოიცვა მუსიკალური ინდუსტრია. მას Queen-ისა და Pink Floyd-ის კონცერტებზეც კი სკანდირებდნენ მაყურებლები. Queen-ის გიტარისტი, ბრაიან მეი იხსენებს, რომ ერთ-ერთ კონცენტრტზე, მაყურებელთა მიერ YNWA-ს სპონტანურად შესრულებამ მათ We will rock you-სა და We are the champions-ის შექმნა შთააგონა.


მთელს მსოფლიოში, ეს სიმღერა ერთობისა და იმედის სიმბოლო გახდა.

2001 წელს, ამერიკელმა მომღერალმა ბარბარა სტრეიზანდმა YNWA "ემის" დაჯილდოებაზე, 11 სექტემბერს დაღუპულთა პატივსაცემად შეასრულა. ოპერის მომღერალმა, რენე ფლემიგნმა კი ეს სიმღერა ტრაგედიის წლისთავსა და ბარაკ ობამას ინაუგურაციაზე შეასრულა(2009 წლის 20 იანვარს).

YNWA-ს ერთ-ერთი ყველაზე შთაბეჭდავი შესრულებისთვის კი 1990 წელს "უემბლიზე" შეგეძლოთ მოგესმინათ, სადაც ნელსონ მანდელას ციხიდან გათავისუფლებას აღნიშნავდნენ. როცა სცენაზე მანდელა ავიდა, მას რამდენიმე წუთიანი ოვაციებით შეხვდნენ, რომელიც სპონტანურად დაწყებულმა YNWA-მ შეწყვიტა.



***
ამ სიმღერის მნიშვნელობაზე კიდევ ბევრი შეიძლება ვწეროთ და ვიკამათოთ. უდავოა, რომ ის ისეთივე დიადი და ლეგენდარულია, როგორც თვითონ "ლივერპული". ეს უფრო მეტია, ვიდრე საფეხბურთო კლუბის ჰიმნი, მან ადამიანებს იმედი აჩუქა.

და მაინც, YNWA-ს მნიშვნელობაზე ყველაზე ზუსტ შეფასებას ალბათ ისევ Gerry & The Pacemakers-ს ლიდერი, ჯერი მარდსენი შეძლებს :

"ერთხელ, აშშ-ში ყოფნისას, ედ სალივანის შოუში მიმიწვიეს. იქ იყვნენ ბილ შენკლი და მთლიანად "ლივერპული". მე ედის ბიჭების სცენაზე მოწვევა და ჰიმნის ერთად შესრულება შევთავაზე. ჩვენ ის 66 მილიონი ამერიკელი მაყურებლისთვის ვიმღერეთ. როდესაც სცენიდან ჩამოვედი, შენკლიმ მითხრა : "ჯერი, შვილო, მე თქვენ საფეხბურთო გუნდი მოგეცით, შენ კი ჩვენ ეს სიმღერა გვაჩუქე". ამ დიდებული მწვრთნელის სიტყვებს კიდევ რა შემიძლია დავამატო?".

ცხადია, YNWA-თი ლივერპული დღესაც ამაყობს. უახლოეს წარსულს თუ გადავხედავთ, ალბათ ყველას გაგვახსენდება ავსტრალიაში, 95 000 გულშემატკივრის მიერ შესრულებული ჰიმნი. ასევე, "ლივერპულისა" და "ბორუსიას" ფანების ერთობლივი სიმღერა "ენფილდზე", რომელმაც უეფასგან სპეციალური ჯილდოც დაიმსახურა !

 

კომენტარები


johnson
ადმინისტრატორი

კიდევ ბევრი რამის დამატება შეიძლება და უკეთესი სათაურიც ალბათ :დ მაგრამ მართლა უსასრულოდ შეიძლება ამ სიმღერაზე წერო ! 8

პ.ს. წითლად რომ არის ტექსტი, ლინკია ჩასმული დააჭირეთ და ვიდეოზე გადაგიყვანთ

reversi
VIP Member

წყალივით ჩავიკითხე ძალიან დიდი გრძნობა და ემოციაა ამ გუნდში ამიტომაც ყავს ასეთი ერთგული გულშემატკივრები სხვანაირად წარმოუდგენელიც იქნებოდა ეს ხომ ლივერპულია რა მნიშვნელობა აქვს სადაა და რისთვის იბრძვის?! მთავარია ხო იბრძვის... 4

gio_chyoi
რედაქტორი

ყოჩაღ გუგა ძაან კაი სტატია იყო. კარგია რო ამ სიმღერაზე ყველას ლივერპული ახსენდება. ძაან მაგარი ჰიმნი გვაქვს, მარა სიმართლე ვთქვა თვითონ ორიგინალის და მომღერლების ნამღერზე მეტად მიყვარს ფანების შესრულებით. მე მგონი ნათლად ასახავს ეს ჰიმნი სრულიად ლივერპულს

Capitan
მომხმარებელი

YNWA !!!

danielle
VIP Member

ეს ხო მევასება და მევასება, მაგრამ ალიანს არენაზე გოლის მერე მუსიკას რომ რთავენ ისიც ძაან მაგარია

shoti
მომხმარებელი

მადლობა ავტორს მშვენიერი სტატიაა ... YNWA

jerar-toria-liverpool
მომხმარებელი

ერთი საათია ჰიმნს ვუსმენ,ისევ ხელახლა ისევ თავიდან და ემოციებს ვერ ვითოკავ,აი რას ნიშნავს ლეგენდარული კლუბი,კლუბი ლეგენდა თავისი ისტორიით ხდება,თავისი წარსულით,დიდებით და მარცხით,ლეგენდარული მატჩებით,სტამბულის ფინალით და ლეგენდარული კაპიტნებით,კრუიფისნაირი ლეგენდების აღიარებით რო ლივერპული განსაკუთრებულია,კლუბის სიყვარულით და ერთ მუშტად შეკრული გულშემატკივრებით,არაბი მილიარდერების ნაყიდი ფეხბურტელებით კლუბი ვერასოდეს გახდება ლეგენდარული,ვერც პსჟ და ვერც სიტი,ვერც ჩელში ვერასოდეს გაუტოლდებიან ლივერპულს და მრავალი სხვა კლუბები,ნეიმარი ტრამვას რო მიიღებს პირველ ტაიმში და მაყურებელი მოედანს რო ტოვებს,ასეთი კლუბის ფანი როგორ უნდა იყო არ მესმის,რა მნიშვნელობა აქ ვინ თამაშობს შენს კლუბში,მთავარია შენ იბრძვი,დებ იმის მაქსიმუმს რაც შეგიძლია,როგორც ფეხბურთელებისაა კლუბი ისეა გულშემატკივრებისთვის,ყველა თამაშს ვერ მოიგებ,თამაშს სტადიონზე მარტო 11 ფეხბურთელი არ აგებს,არამედ მილიონობით ხალხი,ვიღაცა დღეს დაგვამარცხებს მაგრამ ხვალ და ზეგ შანსი მოგვეცემა,სტადიონზე გასულ ბიჭებს ბოლომდე უნდა ედგე გვერდით ტრიბუნებიდან თუ ეკრანებიდან,ბოლო წამებზე 5-0 რომც იყოს და ვაგებდეთ,მაშინ ჭირდებათ მათ მხარდაჭერა რადგან ყველაზე მეტან ისინი განიცდიან,რო არ დაეცნენ და მომავალში რევანში აიღონ,რო თავი არ იგრძნონ მარტო,სწორედ ამისთვისაა ეს ჰიმნი ზედგამოჭრილი,,you'll never walk alone"რო დღევანდელი დღით არაფერი არ მთავრდება და ისინი არ არიან მარტო,აი ლივერპულს ეს გამოარჩევს ყველა სხვა დანარჩენი კლუბებიდან,ლივერპული მარადიულია და ეს ჰიმნი თაობებიდან თაობებს გადაეცემა და აჟღერდებააა~

_z_l
მომხმარებელი

PINK FLOYD-ის სიმღერაში YNWA-ზე გილმორის სოლო მაგრად ჯდება. სელტიკის ფანებიც მღერიან, უშუალოდ მიმღერია მათთან ერთად:) სამწუხაროდ ლივერპულის ფანებთან ერთად ჯერ ვერ შევძელი

FirminO
მომხმარებელი

YNWA ........

liverpool-fan
VIP Member

საღოლ გუგა გენაცვალე ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე... დიდებულო გუნდი გვყავს და დიდებული სკაუზერებიც გვყავს

lashafss
VIP Member

ამას წავიკითხავ ახლა უგულოდ წაკითხვა არიქნება :X მანქანის სერია უნდა ავიღო ასეთი : )))))

LUIS SUARES 001
VIP Member

დიდებული გუნდი დიდებული გულშემატკივრებით და ჰიმნით.YNWA

GoGson
VIP Member

ისე ძაან ბევრი ჩემთვის ახალი ვერსია აღმოვაჩინე ამ სიმღერის )))) მადლობა :დ აქამდე ჩემი საყვარელი ვერსია ელვის პრესლის იყო, იმენნო დაგბურძგლავთ

cotne_suarez
მომხმარებელი

Bravo

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

ამხანაგური მატჩი


  • ჩესტერი
  • VS

    07.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
ვის გულშემატკივრობთ მუნდიალზე?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - რეალი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze