“მე სალაჰის კონკურენტი ვიქნები!“ » Liverpool Fc - ფანკლუბი

“მე სალაჰის კონკურენტი ვიქნები!“

ავტორი: Jurgen Klopp, 3-06-2018, 13:38, კატეგორია - სიახლეები / ბიოგრაფიები, 2 383, 14


“ლივერპულის“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილი ჰარი უილსონი უკვე რამდენიმე წელია, პირველ გუნდში მოსახვედრად იბრძვის, თუმცა მის ამბიციებს, ჯერჯერობით, სერიოზულად არ განიხილავენ. რა თქმა უნდა, გუნდში მყოფები უკეთ ხედავენ სიტუაციას, ვიდრე ჩვენ - მონიტორებიდან, თუმცა ჰარის ტალანტისა და პროგრესის დაიგნორება, უბრალოდ შეუძლებელია.

ტრენტ ალექსანდრ-არნოლდს შანსი მიეცა და იგი დღეს ისე თამაშობს, რომ კონკურენციას უგებს გაცილებით გამოცდილ კლაინსა და გომესს. ბენ ვუდბერნი პირველ გუნდთან ერთად მუდმივად ვარჯიშობს. ეს კი არა, წითელი მაისურით, მან რამდენიმე სრული მატჩი უკვე ჩაატარა. არადა, უელსის ნაკრების თამაშების მიხედვითაც კი აშკარად ჩანს, რომ ბენი გაცილებით შეუმდგარი მოთამაშეა, ვიდრე უილსონი.

ჯერჯერობით, “ლივერპულში“ ჰარისთვის ყველაფერი ძალიან სამართლიანად არ მიდის, მაგრამ ის კვლავ ელოდება საკუთარ შანსს. აი ნახავთ, მოვა დრო, როცა მის შესახებ მთელი ინგლისი ილაპარაკებს.

უილსონი “ლივერპულში“ 8 წლის ასაკში აღმოჩნდა. უელსელმა კეთილსინდისიერად ითამაშა ყველა ასაკობრივი გუნდისთვის, მაგრამ ის ყოველთვის გამოირჩეოდა თანატოლებს შორის - მათზე ბევრად ნიჭიერი იყო. ასე, ნელნელაობაში, 15 წლის ასაკში, მან 18-წლამდელთა გუნდისთვის ითამაშა და მომენტალურად გახდა ძირითადის მოთამაშე: 2013/14 სეზონისას, იგი U-18 გუნდის საუკეთესო ბომბარდირად მოგვევლინა.

ბიჭუნას უელსის ნაკრებიდან აქტიურად აკვირდებოდნენ. ეროვნული გუნდის მაისურით ჰარის დებიუტი 2013 წელს შედგა. მაშინ ის მხოლოდ 16 წლის იყო, ამგვარად კი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელსაც ოდესმე უთამაშია უელსის ნაკრებისთვის. უილსონმა გარეთ ბეილის რეკორდი მოხსნა და გაამდიდრა თავისი ბაბუა.

როცა უილსონი ერთი წლისა იყო, მისმა ბაბუამ 50 ფუნტი დადო, რომ მისი შვილიშვილი, ოდესმე უელსისთვის ითამაშებდა. 15 წლის მერე ბაბუამ ბუკმეკერისგან კუთვნილი 125 ათასი ფუნტი მიიღო. გახარებულმა ბაბუამ სამუშაო მიატოვა, ვინაიდან მის გამო, ჰარის თამაშებს ვერ უყურებდა.

ბაბუამ თავის შვილიშვილს გარკვეული თანხა შესთავაზა, მაგრამ ჰარიმ უარი თქვა: “მე მას ვუთხარი, რომ ფული თვითონ დაეტოვებინა, ვინაიდან ის, სრულებით მისი მოგებულია.“



უილსონი ნამდვილი ლივერპულელია. კლუბისთვის მიცემულ ერთ-ერთ პირველ ინტერვიუში მან თქვა, რომ ყველაზე დიდ სიამოვნებას მაშინ იღებს, როცა “ლივერპულის“ პრინციპულ მეტოქეს, “ევერტონს“ ან “მანჩესტერ იუნაიტედს“ უტანს.

წელიწადნახევრის წინ ახალგაზრდა უელსელის საკუთარ რიგებში ხილვა “რეინჯერსს“ სურდა. კლუბში არ იყვნენ წინააღმდეგნი, რომ მოთამაშე იჯარით გაეშვათ, მაგრამ უილსონმა არ მოისურვა “ლივერპულის“ დატოვება და თქვა, რომ პროგრესირებას მშობლიურ კლუბში აპირებდა.

2016 წლის ზაფხულში უილსონმა მერსისაიდელებთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და ახალგაზრდულ გუნდში კაპიტნის სამკლაური მიიღო. ჰარისთვის ეს დიდი მოტივატორი გახდა.

ოცნებისკენ მიმავალ გზაზე, ჰარიმ ახალ სეზონში “ლივერპულის“ U-23 გუნდში რეკორდი მოხსნა: გამართულ 28 მატჩში მეტოქეთა კარი 19-ჯერ აიღო და ამასთან, გააკეთა 9 ასისტი. აღნიშნულ სეზონშივე, ჰარიმ პირველად ითამაშა “ლივერპულის“ მთავარი გუნდის მაისურით - მან ინგლისის თასის მატჩში “პლიმუთის“ წინააღმდეგ მინდორზე მხოლოდ 25 წუთი გაატარა. ამ დრომდე, ეს არის უილსონის ერთადერთი გამოჩენა “ლივერპულის“ პირველ გუნდში.

2017/18 სეზონის პირველ ნახევარში უილსონმა ახალგაზრდულ შემადგენლობაში ბურთაობისას პრემიერ ლიგა 2-ში გამართულ 12 მატჩში 10 გოლი გაიტანა, მაგრამ იურგენ კლოპმა უელსელის თამაში ვერ ან არ დაინახა.

2018 წლის 31 იანვარს, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცოტა ხნით ადრე, უილსონმა კლუბთან კვლავ გააფორმა ახალი კონტრაქტი და მომენტალურად, სეზონის ბოლომდე ის “ჰალ სიტიში“ იჯარით სათამაშოდ გაუშვეს.

“მინდოდა დამემტკიცებინა, რომ უკვე მზად ვიყავი ზრდასრულთა დონეზე თამაშისთვის. კლოპმა მითხრა, რომ მოსწონს ჩემი თამაში და მელვუდში (“ლივერპულის“ საწვრთნელი ბაზა) ვარჯიშის საშუალებაც მომცა. ვუთხარი მას, რომ მზად ვიყავი ძირითადში თამაშისთვის, მაგრამ მან მიპასუხა, რომ ცოტა დამეცადა და საკუთარი თავი ჩემპიონშიფში გამომეცადა,“ - იხსენებს უილსონი.

“ჰალისთვის“ უელსელი საკვანძო მოთამაშე გახდა. მან გუნდი ლიგა 1-ში დაქვეითებისგან იხსნა. “ვეფხვების“ შემადგენლობაში ჰარიმ 13-ჯერ ითამაშა, გაიტანა 7 გოლი და გააკეთა 4 ასისტი. უილსონმა არათუ გააძლიერა “ჰალის“ შეტევა, არამედ, გუნდის ერთპიროვნული ლიდერის როლი შეასრულა. გულშემატკივრებმა უელსელი უზომოდ შეიყვარეს. ცხადია, მათ არ სურთ, რომ ფეხბურთელი “ლივერპულში“ დაბრუნდეს. სხვათა შორის, აპრილში ჩემპიონშიფის ყველა გუნდის გულშემატკივრებმა თვის საუკეთესო მოთამაშედ ჰარი დაასახელეს.

წარმატებული გამოსვლის კიდევ ერთი ჯილდო ეროვნული გუნდის სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა გახდა. ეს მარტში, პირდაპირ ჰარის დაბადების დღეზე იყო. უელსელმა იმ დღით სიამოვნება ბოლომდე მიიღო და ნაკრებისთვის თავისი პირველი გოლი გაიტანა.

თამაშის რა ასპექტებშია ასე კარგი ეს ახალგაზრდა უელსელი? 

უილსონის ნიჭი მისი საფეხბურთო ინტელექტი და ჯადოსნური მარცხენაა. ჰარი მოედანს შესანიშნავად ხედავს: კარგად გადაადგილდება და მოწინააღმდეგის მცველებს თავგზას უბნევს თავისი მახვილგონივრული პასებით - ეს ის სათამაშო უნარია, რომლითაც დღევანდელ “ლივერპულში“ ადამ ლალანა გამოირჩევა. ეს უკანასკნელი, უილსონს კლუბში ყველაზე დაუფასებელ მოთამაშედ მიიჩნევს: “ყველა ბენ ვუდბერნის, ტრენტის, ოვის შესახებ საუბრობს, მაგრამ ჩრდილში დარჩენილი ჰარი, კვლავ თავდაუზოგავად მუშაობს. მას ნათელი მომავალი აქვს. ჰარი დიდი ტალანტია.“



უილსონი საკუთარ თავში აერთიანებს რობერტო ფირმინოსა და ლალანას ყველაზე “შეუმჩნეველ“ უნარებს - ჰარის მეტოქეების ყურადღების მიქცევა და თანაგუნდელებისთვის ზონების გათავისუფლება შეუძლია.

თამაშის მანერითა და ბურთთან მოპყრობით, შეგვიძლია, უილსონი მოჰამედ სალაჰს შევადაროთ. ჰარის შესანიშნავი მარცხენა და კარგი სისწრაფე აქვს, მაგრამ ორი მთავარი რამ, რითაც მას სალაჰის მსგავსად შეუძლია თავის მოწონება - ეს არის მეტოქის კარში ბურთის გადაგზავნა და დრიბლინგი, რომლითაც მეტოქის ჩამოშორება მოკლე მანძილზეა შესაძლებელი. რა თქმა უნდა, სანამ უილსონი ამ “სქაილებს“ ახალგაზრდულ დონეზე აჩვენებს, მის დონეს ვერ შევაფასებთ ობიექტურად, მაგრამ შეგიძლიათ, ნახოთ მისი თამაში ჩემპიონშიფში.

უილსონისთვის ყველაზე მოსახერხებელი პოზიცია შეტევის მარჯვენა ფლანგზეა - სწორედ იქ, სადაც სალაჰი თამაშობს. როცა “ჰალში“ მყოფ ჰარის ეგვიპტელთან კონკურენციის შესახებ ჰკითხეს, მან ამგვარად უპასუხა:

“მომწონს თამაში და ბრძოლა საუკეთესოებთან. ისინი უფრო ძლიერ ფეხბურთელად მხდიან. მათთან ერთად მინდორზე ყოფნისას შენ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია, თანაც ფიქრის გარეშე, რადგან იცი, რომ ისინი უსიტყვოდ გაგიგებენ.“



რატომ არ თამაშობს უილსონი “ლივერპულის“ ძირითად შემადგენლობაში? 

ნებისმიერ შემთხვევაში, მიზეზი კლოპია. იურგენს ან ის სურს, რომ ჰარიმ მაქსიმალურად თანმიმდევრულად განვლოს გზა პირველ გუნდამდე (მაშინ არსებობს კითხვა, რატომ არ ჩააბარეს ეს გამოცდა ტრენტმა და ვუდბერნმა?), ან უბრალოდ, არ სჯერა მოთამაშის (ეს იმის მიუხედავად, რომ გერმანელი მწვრთნელი უელსელს მერსისაიდული მომავლის შესახებ ესაუბრება).

მაგრამ, შესაძლოა, საქმე უილსონის სუსტ მხარეებს შეეხება. ასეთი, მას ორი აქვს.

ჰარი ცუდად თამაშობს მარჯვენა ფეხით. ერთადერთი, რაც მას შეუძლია, არის პასი და იმასაც, სიახლოვეში მყოფს თუ გაუკეთებს. 17 წლიდან იგი ინდივიდუალურად ვარჯიშობს სუსტი ფეხის გასაუმჯობესებლად. როგორც მწვრთნელი ნილ კრიტჩლი ამბობს, ჰარის დიდი წარმატებები აქვს, მაგრამ ჯერჯერობით, ეს წარმატებები არცთუ იოლად შესამჩნევია.

თუმცა უელსელის მთავარი პრობლემა, რომელსაც ყველა მასთან მომუშავე სპეციალისტი შენიშნავს, არის ფიზიკური მონაცემები. მას მოძლიერება არ აწყენდა, მით უმეტეს, როცა პრემიერ ლიგაში ასეთი ძლიერი ფეხბურთელები თამაშობენ: ფიზიკა უდიდეს როლს ასრულებს. თანაც, ადგილობრივი ჟურნალისტები წერენ, რომ კლოპი უილსონს ფირმინოს როტაციისთვის გამოიყენებს.

სავარაუდოდ, უილსონის “ჰალში“ გაშვებით იურგენს სწორედ ის სურდა, რომ მოთამაშე ფიზიკურად გაძლიერებულიყო. ამბობენ, რომ ჩემპიონშიფი ამისთვის საუკეთესო ადგილია.

ლივერპულელი ჟურნალისტების თქმით, უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში უილსონი გუნდთან ერთად ვარჯიშის მერე ინდივიდუალურად მუშაობდა თავის ფიზიკურ ფორმაზე. ჰარიმ შესანიშნავად იცის, თუ რა სჭირდება.

“მომდევნო სეზონში სალაჰთან და მანესთან ერთად ვითამაშებ. ძალიან საინტერესოა. ვაპირებ, ამ ბიჭებს ბომბარდირობაში შევეცილო. ზედმეტად თავდაჯერებული ვარ? დაითვალეთ, მომდევნო სეზონში ტაბლოზე რამდენჯერ გამოჩნდება ჩემი გვარი!“

დაიმახსოვრეთ ჰარი უილსონის შესახებ - იქამდე, სანამ მას პრემიერ ლიგაში ექნება დებიუტი. შემდეგ, შეგეძლებათ იამაყოთ, რადგან მის შესახებ იცოდით, სანამ იგი დიდი ვარსკვლავი გახდებოდა.

ავტორი: ვახო გოგალაძე (sport.adjara.com)

კომენტარები


gogaynwa96
მომხმარებელი

პრე სეზონში გამოჩნდება რისი "მაქნისია" თუ ისევ "ჩაისვარა" კდიე 1 წელი იჯარა, ოღონდ არა ჰალში არამედ სადმე გაცილებით მაგარ გუნდში, ან იქნებ სტივიმ წაიყვანოს რეინჯერშიი, გაასწორებდა :))

chipe888
მომხმარებელი

არ მჯერა პრე სეზონების გამო ფეხბურთელის დაწინაურების. რაიან კენტმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა პრე სეზონზე და მერე სადღაც ტრაკში გაისროლეს. მართლა უსამართლობაა,როცა ამ ბიჭს შანსი არ ეძლევა. კი შესაძლოა ფიზიკაში ცუდად აქვს საქმე მარა ვუდბარნი ხომ დაფრინავს ამ მხრივ. ვფიქრობ,რომ ფეკირის გარდა შემტევი აღარ უნდა მოვიდეს,რადგან ასეთი ბიჭები დაიჩაგრებიან და ეს უსამართლობა იქნება. ყელტიტველა ბიჭები ჯობია აკადემიიდან მოიყვანო,ვიდრე სხვა გუნდიდან,რადგან მაღალ დონეზე ასვლის შედეგ კლუბის დატოვებას ნაკლებად მოინდომებენ. ალბათ კლოპმა უფრო იცის მარა შანსს იმსახურებს ვილსონი

lashafss
VIP Member

ძაან კაი ბიჭია ეს და იმედია მოუმატებს , პრე სეზონზე ვნახოთ რას იზამს

kloppo
მომხმარებელი

ძაან მომწონს და მეიმედება ვილსონის . და თუ კლოპმა წელს დატოვა და იქნება ზამენის ფლანგელი ნამდვილად გააამართლებს. ოღონდ თუ ათამაშებს და არ შემოიყვანს ბოლო წუთზე როგორც მტელი წელი სოლანკე აწვალა. მოკლედ ბურთიც და მოედანის ჰარის ხელშია მთავარია იურგენი მოხიბლოს

Ynwa Scousers
VIP Member

კაია ავტორი რომ მოგიწერია სადღაც მქონდა წაკითხული და ვერ ვიხსენებდი სად ;)

GoGson
VIP Member

მეც ვფიქრობ რომ ფეკირი თუ მოვიდა აღარანაირი დემბელე და ლემარი და ეგეთი ძვირი და ამბიციური ხალხი აღარაა საჭირო. იმას არ ვიძახი რო ცუდია ან სიღრმე არგვინდა, კი ბატონო გვინდა. მაგრამ უილსონი აღარაა პატარა და რავიცით იქნებ დემბელეზე კარგიც გამოდგეს ?

არნოლდის მაგალითი საუკეთესო დასაბუთებაა... დღეს მაგის ასაკის ფლანგის მცველი მსოფლიოში არაა)))))))

ფეკირის გარდა ერთი ფორვარდი ვიყიდოთ , ვარდი ან ზაჰა(უფრო ვარდი მინდა) და უილსონს , ვუდბარნს სა სოლანკეს მიეცეს ხოლმე შანსი. ამ შემთხვევაში ინგსი, სტარიჯი, ორიჯი წავიდნენ და მაგათ ვაკანტურ ადგილებზეა საუბარი. სიღრმე დაგვრჩება. შეტევაში ჩემბო , ტრავმამოშუშებული ლალანა , ვარდი და ეს სამი პატარა ბიჭი უკვე სიღრმე გამოვა.

და ლემარის ან დემბელეს 100 მილიონი ჯობია მცველს და მეკარეს მიხმარდეს. ესაა ჩემი აზრი. თორე დემბელეს წინააღმდეფი არ ვარ, უბრალოდ მგონია რო ჩვენი კაცი არასდროს გახდება და ეგეც ბარსა რეალზე გააკეთებს აქცენტს მომავალში, თან მაგაში გადახდილი ფული ბევრ პოტენციურ ერთგულ ტალანტს წაგვარტმევს და თან მეკარეს დააკლდება და ობლაკის ნაცვლად სიტყვაზე შეგვრჩება ბატლენდიიი:დ რაც არ უნდა ცუდ გუნდში ეთამაშა ბატლენდს მაინც ყველაზე მეტი გოლი გაუშვა და აი მანდ დასამარდა მაგის პერსპექტივა ისეთები უშვა. მაგას ისევ რაიანი მირჩევნია ჰადერსფილდის

Capitan
მომხმარებელი

ბენსაც და უიოლსონსაც უნდა მიეცეს წელს შანსი მარტო თასებზე არა ზამენაზე უნდა შემოიყვანოს ხოლმე 80 წუთზე კი არა 60 დან მაინც უნდა მიეცეთ ბიჭებს შანსი... ჰარი სისხლით ლივერპულელია და ვფიქრობ რო დიდ ფეხბურთს ითამაშებს... არნოლდი ბენი უილოსნი კენტი და ის შავკანიანი ბავშვი როა ბრაისერი კაი თაობა მოდის და ამათმა უნდა ითამაშონ დიდი ფეხბურთი

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

ვილსონიც და კენტიც მირჩევნია რომ სკამზე გვყავდეს მაინც და მიეცეთ შანსი ვიდრე სოლანკე იყოს ან რომელიმე სხვა არაფრის მაქნისი

cotne_suarez
მომხმარებელი

wooodburns mirchevia es bevrjer. upro swrafia . ragaca bevri aklia woodburns yvela komponentshi ver vxedav woodburns did varskvlavad

gio_chyoi
რედაქტორი

რატო არ აძლევს ამას შანსს მართლა ვერ ვხვდები. ეხლა პრე სეზონზე ვნახოთ რას იზავს მაგარი ბიჭია არადა

LUIS SUARES 001
VIP Member

ერთ ერთი საუკეთესოა აადემიელებს შორის,მინდა მთავარ გუნდში თამაშობდეს მაგარი იგროი დადგება მჯერა

lasha77
VIP Member

შანსი აუცილებლად მიეცემა ალბათ . მთავარია კლოპს დაანახოს რომ ბოლომდე იხარჯება . არნოლდში დაინახა რაღაც და დასვა კიდეც ძირითადში . გაუმრთლა კლაინი რომ დაიმტვრა მაგრამ ძალიან სარისკო იყო 18 წლის ბიჭის ამხელა პასუხიმგებლობის მიცემა

liverpool-fan
VIP Member

მეიმედება ამ ბიჭის მე პირადად ვუდბარნს მირჩევნია

STEVEN8
მომხმარებელი

უილსოოოონ. შენსკენ ვარ

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

ორშაბათი, 23:00 სთ.


  • კრისტალ პალასი
  • VS

    20.08.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    12.08.2018


  • ვესტ ჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



თქვენი აზრით, რომელია გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა?
მატჩის საუკეთესო

ნაბი კეიტა

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze