მაიკლ ოუენის ბიოგრაფია II

ავტორი: akaki, 6-02-2013, 14:28, კატეგორია - სიახლეები, 1 714, 0


 ოუენი ბევრ გუნდს დაუკავშირეს, იყო საუბარი მის დაბრუნებაზე ჩემპიონთა ლიგის მფლობელ ლივერპულში, მაგრამ საბოლოოდ ის ნიუკასლის ფეხბურთელი გახდა. კაჭკაჭებმა მასში £12.5მლნ. გადაიხადეს. ოუენის პრეზენტაციას ნიუკასლში 20 000 ადამიანი დაესწრო. აღსანიშნავია, რომ იყვნენ ლივერპულის ფანები, რომლებიც მას ინგლისში დაბრუნებას ულოცავდნენ. ოუენმა სეზონის წინ მიიღო ტრავმა, რის გამოც სეზონის დასაწყისის გამოტოვება მოუწია. მან პირველი სადებიუტო მატჩი ჩაატარა და გოლი გაიტანა 18 სექტემბერს ბლექბერთან 3:0 მოგებულ მატჩში, სადაც ნიუკასლმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. ოუენმა შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა 17 დეკემბერს ვესტ-ჰემის წინააღმდეგ 4:2 მოგებულ მატჩში, სადაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. 31 დეკემბერს ოუენმა ტოტენჰემთან მატჩში სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც მარტის ბოლომდე მოუწია უქმობა. შემდეგ ის მოედანზე დაბრუნდა, მაგრამ ბოლო მატჩების უმეტესობა მოედანზე სათადარიგო სკამიდან შემოსულმა გაატარა, ბოლო მატჩი კი საბოლოდ გამოტოვა. 11 მატჩი 7 გოლი – მიუხედავად მისი ხშირი ტრავმიანობისა მან მაინც კარგი სტატისტიკა გამოიმუშავა.

შემდეგი სეზონის მესამე მატჩის დროს მან ტერფის ძვალი მოიტეხა და საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც მთელი სეზონი გაუცდა. მან გამოტოვა შემდეგი სეზონის დასაწყისიც. ოუენის ტრავმები ნიუკასლს საკმაოდ ძვირი უჯდებოდა, რასაც ემატებოდა ის, რომ ყოველკვირა 100 000 ფუნტს იღებდა, ნიუკასლმა 6,2 მლნ. ფუნტად იყიდა მისი შემცვლელი ობაჰამი მარტინსი.

 

ოუენი მიუხედავად მძიმე ტრავმისა მაინც დაბრუნდა, მაგრამ ნაკრებში თამაშის დროს კვლავ მიიღო ტრავმა, რის გამოც 7 კვირა იუქმა, შემდეგ დაბრუნდა და გუნდის მაისურით რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლიც გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მან მიღებული ტრავმისთვის ფიფასგან კომპენსაცია მიიღო 1მლნ. ფუნტის ოდენობით. საბოლოოდ ოუენმა ძირითად შემადგენლობაში 24 მატჩის ჩატარება მოასწრო და 11 გოლი გაიტანა, ყველა ტურნირში ერთად კი მან 13-ჯერ გამოიჩინა თავი. ნიუკასლის გულშემატკივრებს კვლავ დაუბრუნდათ იმედი, რომ ოუენი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა, რადგან ის გახდა ნიუკასლელთაგან სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, გაუსწრო რა ობაჰამი მარტინსს.

 

ოუენს ნაკრებში დაბრუნება უნდოდა, რის გამოც მას ინგლისი ბ_ში თამაში არ ეთაკილა, მან იქ ორი შეხვედრა ჩაატარა და მწვრთნელს დაუმტკიცა, რომ ნაკრებში დაბრუნებას იმსახურებდა. ის ნაკრებში 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაბრუნდა, სადაც ინგლისი ჯგუფში ჩარჩენის ზღვარზე იყო. ოუენმა მაშინათვე გაუტანა გოლი ესტონეთის ნაკრებს, შემდეგ ისრაელთან გამოიჩინა თავი, ბოლოს კი რუსეთის ნაკრებთან დუბლი შეასრულა. სამივე ეს შეხვედრა ინგლისელებმა 3:0 მოიგეს. რუსეთთან გატანილი გოლი ბოლო, მე-40 გოლი იყო ოუენის სანაკრებო კარიერაში, რადგან ინგლისის ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდა და ოუენმაც სანაკრებო კარიერა დაასრულა. საბოლოოდ მაიკლ ოუენმა ინგლისის მაისურით 89 შეხვედრა ჩაატარა და 40 გოლი გაიტანა. ის მეოთხე საუკეთესო ბომბარდირია ინგლისის ნაკრების ისტორიაში. მატჩების და გოლების საშუალო კოეფიციენტით კი პირველია.

 

 გუნდში მოვიდა კევინ კიგანი და მაიკლ ოუენი ნიუკასლის კაპიტანი გახდა. ეს სეზონი აღმოჩნდა ცუდი ოუენისთვის და კატასტროფული ნიუკასლისთვის. სეზონის მიმდინარეობისას ოუენმა ორჯერ მიიღო ტრავმა, რის გამოც მას 2 თვე უქმობა მოუწია, ტრავმამოშუშებული კი ფორმაში არ იყო და მოედანზე სათადარიგო სკამიდან შედიოდა, საბოლოოდ ოუენმა პრემიერლიგაში 8 გოლის, ხოლო სულ 10 გოლის გატანა მოახერხა, ნიუკასლმა კი პრემიერლიგა დატოვა, რადგან სატურნირო მდგომარეობაში მე-18 პოზიცია დაიკავა. შეიძლება ითქვას, რომ ოუენის წარმატებული კარიერა ვერც ნიუკასლში გაგრძელდა, თუმცა ეს ძირითადად ხშირი ტრავმების დამსახურება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ოუენი გუნდის ლიდერი ვერ გახდა მან კაჭკაჭების მაისურით 79 შეხვედრაში 30 გოლის გატანა მოახერხა, რის გამოც ფანები მას ალან შირერის შემდეგ საუკეთესო ფორვარდად ასახელებენ. ნიუკასლი გავარდა, პარალელურად კი ოუენის 4 წლიანი კონტრაქტი ამოიწურა. ინგლისის ნაკრების ათიანი თავისუფალი აგენტი გახდა.

 

სატრანსფერო ფანჯრის დაწყების პირველი დღიდანვე დაიწყო ოუენზე ნადირობა. მიუხედავად უდიდესი გამოცდილებისა, ოუენი მხოლოდ 29 წლის იყო და არსებობდა იმედი, რომ ის ტრავმებს თავს დააღწევდა და კვლავ გააგრძელებდა გოლების ხშირ გატანას. ოუენმა თავად განაცხადა, რომ ბედნიერი იქნებოდა, თუ ლივერპულში დაბრუნების შანსს მიიღებდა. ენფილდზე უკვე გამოჩნდა ბანერები წარწერით „სახლში გელიან მაიკლ“. ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ყველა ავტორიტეტულ ჟურნალს და ფანებს იმედი ჰქონდა, რომ ოქროს ბიჭუნა სახლში დაბრუნდებოდა, მათ იმედი ჰქონდათ, რომ ოუენს მეორე სუნთქვა გაეხსნებოდა და ტორესს იდეალურ მეწყვილეობას გაუწევდა, რაც იმ დროინდელ ლივერპულში პრობლემა იყო. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჯერარდს და ოუენს კონტაქტი ჰქონდათ და ჯერარდი ჰპირდებოდა, რომ ენფილდზე დაბრუნებაში დაეხმარებოდა. ლივერპული იმ დროს ინგლისში და ჩემპიონთა ლიგაზე ჩემპიონობისთვის მებრძოლი და ფავორიტი გუნდი იყო, რაც დიდ წილად გუნდის მწვრთნელის რაფა ბენიტესის დამსახურება იყო, სწორედ ამიტომ მას დიდი ავტორიტეტი ჰქონდა და მიუხედავად ფანების დიდი სურვილისა, გადამწყვეტი მნიშვნელობა მის სიტყვას ჰქონდა. ბენიტესმა კი განაცხადა, რომ მას არ სურს პუბლიკამ უკარნახოს თუ ვინ ათამაშოს მოედანზე, სწორედ ამიტომ, ის ოუენის ენფილდზე დაბრუნების წინააღმდეგი იყო, ის მის ტაქტიკაშიც არ ჯდებოდა და ფიქრობდა, რომ მისი ტრანსფერი გუნდს დახმარებას ვერ გაუწევდა. ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში ოუენთან მოლაპარაკება თავად ფერგიუსონმა დაიწყო, ის არწმუნებდა, რომ მანჩესტერი ის გუნდი იყო, რომლითაც ის დიდ ფეხბურთში დაბრუნდებოდა და ტიტულებს მოიპოვებდა. ოუენს ბევრი არ უფიქრია და 3 ივლისს მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი გახდა, მან იუნაიტედისთვის მნიშვნელოვანი 7ნომრიანი მაისური მოირგო. ოუენის წითელ ეშმაკებში გადასვლამ დიდი აღშფოთება გამოიწვია ლივერპულში, ბევრმა გულშემატკივარმა მისი ფორმა დაწვა. ამ საქციელის გამო ის ბევრ სკაუზერს დღესაც სძულს.

 

 ოუენმა ახალ გუნდთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან პირველი გოლი შეცვლაზე შესულმა გაიტანა მალაიზიურ 11_თან 84-ე წუთზე. მალაიზიურ ტურნეში მან კიდევ სამი გოლი გაიტანა. მან პირველი გოლი ოფიციალურ მატჩში ლიგის თასზე გაიტანა ბირმინგემის წინააღმდეგ, რომელიც იუნაიტედთან 1:0 დამარცხდა, ამას მოჰყვა 22 აგვისტოს გატანილი პირველი პრემიერლიგური გოლი უიგანთან, 5:0 მოგებულ მატჩში. ოუენმა თავისი მანჩესტერულ კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა მანჩესტერ სიტისთან 4:3 მოგებულ მატჩში, სადაც შეცვლაზე შესულმა შეხვედრის ბოლო წუთზე გუნდს გამარჯვება მოუტანა. ამ მოგების შემდეგ ალექს ფერგიუსონმა გააკეთა კომენტარი, სადაც თქვა, რომ გუნდმა ოუენი სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი გოლების გასატანად იყიდა. ოუენმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა ლიგის თასზე ბარნლისთან მატჩში. მან იუნაიტედური კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა ვოლფსბურგის წინააღმდეგ, სადაც წითელმა ეშმაკებმა 3:1 იმარჯვეს, სამივე გოლი ოუენმა გაიტანა, მანამდე კი მოსკოვურ ცსკას გაუტანა, პრემიერლიგაში კი ვესტ-ჰემის კარი აიღო. ის თითქმის ყველა მატჩში შეცვლაზე გამოდიოდა. მარტში ოუენს ტრავმებმა გაახსენა თავი და სეზონის ბოლომდე უქმობა მოუწია. საბოლოოდ მის ანგარიშზე ყველა ტურნირში ერთად 9 გოლი გახლდათ. ის განაცხადში იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ჩემპიონთა ლიგის მფლობელიც გახდა.

 აღსანიშნავია, რომ ოუენმა ლივერპულის მაისურით მონაწილეობა მიიღო ჯეიმი კარაგერის მიერ მოწყობილ ქველმოქმედებით მატჩში ევერტონის წინააღმდეგ. მას ეს მატჩი გატანილი გოლების გარეშე არ დაუტოვებია.

 

მომდევნო სეზონში ოუენმა გოლების ანგარიში ბოლტონთან მატჩში გახსნა, როდესაც გუნდი 2:1_ს აგებდა, შემდეგ ლიგის თასზე სკანთროპ იუნაიტედის წინააღმდეგ დუბლი შეასრულა. ოქტომბერში მას ტრავმა გაუმიზეზდა რის გამოც ორი თვე იუქმა, დაბრუნებულმა კი ბლექპულს გაუტანა. თებერვალში მცირე ტრავმა ჰქონდა, რომელიც მოიშუშა, მაგრამ ფორმა დაკარგა. სეზონის ბოლოს კი მის ანგარიშზე ყველა ტურნირში ერთად 5 გოლი იყო, აღსანიშნავია, რომ მან სასტარტო შემადგენლობაში შეხვედრა მხოლოდ ორჯერ დაიწყო და 19-ჯერ გამოჩნდა მოედანზე.

პირველ ივნისს ოუენს კონტრაქტი ამოეწურა და კვლავ ალაპარაკდნენ მის ლივერპულში დაბრუნებაზე, თუმცა ფერგიუსონმა კონტრაქტი ერთი წლით გაუხანგრძლივა, მაგრამ ოუენი ტრავმებმა კვლავ შეაწუხა, ამას დაემატა ძლიერი კონკურენცია იუნაიტედის თავდასხმის ხაზში, რამას გამოიწვია ის, რომ მანჩესტერის შვიდიანი მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა მოედანზე სტოკ სიტის წინააღმდეგ მატჩში, თუმცა ლიგის თასზე ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამი გოლი გაიტანა.

 

სეზონის ბოლოს ოუენმა თავის თვითერის გვერდზე დაწერა, რომ გუნდთან კონტრაქტს აღარ ახანგრძლივებდა და მისი თანამშრომლობა მანჩესტერულ გუნდთან დამთავრდა. ის თავისუფალი აგენტი გახდა, რამაც გამოიწვია ის გარემოება, რომ ბევრ გუნდს სურდა მისი შეძენა, თუმცა არცერთ გრანდს, მას ძირითადად ჩემპიონშიფის გუნდებს უკავშირებდნენ, თუმც თავად ფეხბურთელმა იქ თამაშზე სასტიკი უარი განაცხადა. მას შემდეგ, რაც სატრანსფერო ფანჯარა ისე დაიხურა, რომ წითლებმა, რომელთაც მხოლოდ ორი ფორვარდი ჰყავდათ ვერცერთი ფორვარდის შეძენა ვერ მოასწრეს, დაიწყო საუბარი ოუენის სახლში დაბრუნებაზე და კარიერის დასრულებაზე. ეს საუბარი ჭორებს გასცდა და ოფიციალურად დაიწყო მოლაპარაკებები, ბევრმა სკაუზერმა მას წითელ ეშმაკებში გადაბარგებაც აპატია, მაგრამ როჯერსმა მისი გადმოსვლა არ ისურვა, საბოლოოდ კი ის სტოკ სიტის ფეხბურთელი გახდა და სწორედ იქ გადაწყვიტა კარიერის დასრულება.

 

 მისი დებიუტი სტოკ სიტიში სიტისთან მატჩში შედგა, რომელიც 1:1 დასრულდა. მან მონაწილეობა მიიღო კრისტა-პალასთან სათასო დაპირისპირებაში. მან ახალ გუნდთან სადებიუტო თავის კარიერაში კი ბოლო 222-ე გოლი გაიტანა სუონსისთან მატჩში.. საბოლოოდ ოუენმა თავის ბოლო გუნდთან 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მან თავის კარიერაში ბოლო მატჩი საუთჰემპტონის წინააღმდეგ ჩაატარა, როდესაც უოლტერსის ნაცვლად 74-ე წუთზე შევიდა მოედანზე. ოუენის შემოსვლას როგორც მასპინძელი, საუთჰემპტონის ფანები, ასევე სტოკ სიტის ფანები ფეხზე წამომდგარი შეეგებნენ. მსაჯმა დასტვინა და ოუენის კარიერა 33 წლის ასაკში დასრულდა. ბევრი ჟურნალისტის აზრით ოუენის სტოკში გადასვლის მიზეზი ის გახლდათ, რომ მას არ უნდოდა კარიერა ოლდ-ტრაფორდზე წითელი ეშმაკების ტაშის ქვეშ დაესრულებინა. მან ბევრ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ხშირად იხსენებს ლივერპულში გატარებულ დროს, საუკეთესო დროს მის კარიერაში.

 

 ოუენმა კარიერის მანძილზე დიდი თანხა გამოიმუშავა არა მარტო ფეხბურთით, არამედ რეკლამებითაც. ის გადაიღეს პერსილის რეკლამაში, რისთვისაც მილიონი ფუნტი მიიღო. ის ასევე იყო პეს 2008_ის სახე. მისი ჰობი ვერტმფრენებია. თავისუფალი დროის დიდ ნაწილს სწორედ ფრენაში ატარებს, ჰყავს ვერტმფრენიც. მას უელსში თავის მშობლიურ ქალაქთან ახლოს აქვს სახლი, სადაც ის და მისი ოჯახი ხშირად დაიდან და ცხოვრობენ. მაიკლი დაინიშნა 2004 წელს, ხოლო დაქორწინდა 2005 წელს ივნისში. მისი მეუღლე ლუიზა ბონსალი და მაიკლი სკოლაში ერთად სწავლობდნენ. ოუენი მას ხელახლა 2001 წელს შეხვდა, უელსის ქალაქ ფლინთშირში, სადაც ოუენი თავის მანქანებს ლუიზა კი ცხენებს ინახავდა. ისინი ერთმანეთს დაუახლოვდნენ, რაც 2006 წელს ქორწინებით დაგვირგვინდა. მათ ჰყავთ ოთხი შვილი. კარიერის ბოლოს სწორედ მათ გადაუხადა ოუენმა დიდი მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის მათგან გრძნობდა. ჭორები ვრცელდებოდა, რომ ოუენი ცოლს ღალატობდა, თუმცა მან განაცხადა, რომ მას თავისი ცოლი ძალიან უყვარს და მის მიტოვებას არ აპირებს.

 

მაიკლ ოუენმა მთელი კარიერის მანძილზე უამრავი ჯილდო მოიგო, როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური. ის ლივერპულთან ერთად გახდა ფა თასის მფლობელი, ორჯერ ლიგის თასის მფლობელი, ერთხელ ფას სუპერთასის მფლობელი, უეფას თასის მფლობელი, უეფას სუპერთასის მფლობელი. ინდივიდუალურად ლივერპულის მაისურით მოიგო ოქროს ბურთი, ბბს_ს წლის საუკეთესო სპორტსმენი, პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, მუნდიალის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, მოხვდა პრემიერლიგის 10 წლის სიმბოლიურ ნაკრებში, ორჯერ გახდა პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელი. მანჩესტერთან ერთად მან მოიგო ჩემპიონთა ლიგა, პრემიერლიგა, სუპერთასი და ლიგის თასი.

 

სტატიის ბოლოს კი მინდა შემოგთავაზოთ მაიკლის ის ყველა საინტერესო კოემნტართა კრებული, რომლებიც ინტერვიუებიდან არის ამოკრებილი. ამისთვის დიდი მადლობა „მოცლილი მკითხველის ბლოგს“.

 

„გამიხარდა, როდესაც ერთი ტანდაბალი ბიჭით რამდენიმე გრანდი დაინტერესდა. ლივერპული ჩემს ქალაქთან ახლოს იყო, თან ბითლზები ბავშვობიდან მიყვარდა, ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება“

„რატომ არ მოვკვდი, როდესაც ლივერპული დავტოვე და ესპანეთში, მადრიდის რეალში წავედი. ლივერპული ყველაფერს მაძლევდა, მე კი არ დავუფასე და წავედი იქ, სადაც დავიკარგე და ჩემი თავი ახლაც არ მიპოვია. იქ იყვნენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებშიც ჩავიკარგე. არ ვამბობ, რომ ისინი ბევრად მჯობდნენ, მაგრამ მე მათში ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელი გავხდი. დღემდე ვნანობ იმ საქციელს“.

„ნიუკასლზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის. ეს გუნდი ყველაზე რთულ მომენტში გვერდით დამიდგა და ყველაფერი მომცა, მე კიდევ ყველაფერს ვაკეთებდი, რომ დავხმარებოდი, როცა ჯანმრთელი ვიყავი, გავიტანე 30 გოლი, მაგრამ გუნდი პრემიერლიგიდან გავრდა, დღემდე ვერ ვხვდები რატომ“.

 

„დღემდე არ ვიცი რატომ წავედი მანჩესტერში. ამით ხომ ყველა სკაუზერს შევაძულე თავი. ჩემი გატანილი გოლებით მეამაყება, მაგრამ არ დარჩა გულშემატკივარი, ვისაც უყვარს მაიკლ ოუენი, ამაზე საშინელი რა უნდა იყოს ფეხბურთელის კარიერაში? არც არაფერი“

„დიდი მადლობა სტოკს, რომელმაც ახალგაზრდა ვეტერანს თავშესაფარი მისცა და ფეხბურთიდან გააცილა“

„ზოგჯერ ვფიქრობ და მივდივარ დასკვნამდე, რომ დიდი ხნის წინ უნდა წავსულიყავი, მაშინ როდესაც პირველად მივიღე მძიმე ტრავმა. ჩემზე როგორც ბებერზე ისე საუბრობდნენ, ალბათ ტრავმების ბრალია, რადგან როცა ტრავმები არ მაწუხებდა ღმერთმა იცის თავს არ ვზოგავდი“.

„წარმატების მიღწევაზე რთული მისი შენარჩუნებაა. ჩემი ისტორია დაწერილია ადამიანზე, რომელიც ოქროს ბიჭუნადან არაფრად იქცა“.

„არ უნდა წავსულიყავი ლივერპულიდან. მე ხომ იქ ისე ვეყვარებოდი გულშემატკივარს როგორც სტივი უყვართ, ჩემი ძმა. ეს იყო საშინელი შეცდომა ჩემს ცხოვრებაში, რომელსაც ვეღარასოდეს გამოვასწორებ“.

 

„ჩემი მაგალითი ჭკუის სასწავლებლად გამოადგება მომავალ თაობას. ვთხოვ მათ, რომ არ მიატოვონ და უერთგულონ თავიანთ საყვარელ გუნდს“.

 

ახლა კი გთავაზობთ ცნობილ ფეხბურთელთა კომენტარებს მაიკლ ოუენზე.

 

„მაიკლის გვერდით 10 წლიდან ვთამაშობ და როდესაც გავიგე, რომ ის მანჩესტერის ფეხბურთელი გახდა, ამის დაჯერება ძალიან გამიჭირდა. ეს ძალიან რთულია ჩემთვის“ - სტივენ ჯერარდი

 

„მე მისი ფანი ვიყავი მთელი კარიერის მანძილზე, ხშირად არ მინდოდა, რომ მის გუნდს გაეტანა, მაგრამ თუ მაიკლი გაიტანდა ძალიან მიხაროდა“ - ჯეიმი კარაგერი

 

„მაიკლის წასვლა ძალიან მეწყინა. ვარწმუნებდი, რომ რეალში წასვლით დიდ შეცდომას უშვებდა, მაგრამ ვერ დავარწმუნე. საბოლოოდ ის ამაში თავად დარწმუნდა“  - ჯეიმი კარაგერი

 

„ის უდიდესი ფეხბურთელია. როდესაც ის ბურთს ეხება ყოველთვის გოლს უნდო ელოდეთ“ - ემილ ჰესკი

 

რთულ სიტუაციაში ვარ. ყველამ იცის, რომ ლივერპულის ფანი ვარ და არ მინდა მანჩესტერმა წარმატებებს მიაღწიოს, მაგრამ მინდა რომ ოუენის კარიერა წარმატებულად გაგრძელდეს. -  რობი ფაულერი

 

„ოუენი არის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი ევროპაში და შეიძლება ითქვას მსოფლიოში. როცა მისი რეალში გადმოსვლის შესახებ გავიგე ძალიან გამიხარდა“ -  იკერ კასილიასი

 

„მე ვიცნობ მას კარგად. ის დარბის ძალიან სწრაფად, მოძრაობს კარგად და ყოველთვის იღებს შანსს, რომელსაც იყენებს. ის არის ბრწყინვალე ფორვარდი“. - ალან შირერი

 


ამ სტატიაზე ჯერ კიდევ არ გამოუგზავნიათ კომენტარი. დააფიქსირე აზრი პირველმა...

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 15:30 სთ


  • ვესტ ბრომვიჩი
  • VS

    21.04.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 3:0

    14.04.2018


  • ბორნმუთი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

დეიან ლოვრენი

მეტოქე - მანჩესტერ სიტი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze