ბილ შენკლის ბიოგრაფია » Liverpool Fc - ფანკლუბი

ბილ შენკლის ბიოგრაფია

ავტორი: akaki, 24-08-2013, 10:39, კატეგორია - ბიოგრაფიები, 2 661, 1


გთავაზობთ საკმაოდ ვრცელ პოსტს “ლივერპულის” ლეგენდარულ მწვრთნელ ბილ შენკლიზე, რომელმაც “წითლებს” გრანდის სტატუსი მოუტანა. უბრალოდ კაცი, რომელმაც “ლივერპული” ააყვავა. ახლა რასაც შემოგთავაზებთ, მერწმუნეთ ბილ შენკლიზე ყველაფერია.

“ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ ფეხბურთი სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხია. ასეთი მიდგომა გულს მწყვეტს. გარწმუნებთ, ფეხბურთი გაცილებით მეტია. “
“ფეხბურთში ან პირველი ხარ, ან არაფერი. მეორე ადგილი ჩემთვის არარსებობს”.
მსაჯების პრობლემა ისაა, რომ მათ იციან წესები, მაგრამ ფეხბურთის არაფერი გაეგებათ”.
ეს ბილ შენკლის სამი საყვარელი ფრაზა იყო, რომელზეც გუნდის თამაში ჰქონდა აწყობილი, გუნდის, რომელიც პრაქტიკულად მარტომ ჩამოაყალიბა. ახლა კი ამ კაცის ვრცელ ბიოგრაფიას გაგაცნობთ.

ინგლისში ბილ შენკლიზე უფრო ტიტულოვანი მწვრთნელებიც არიან, ისეთი სპეციალისტების მოძიებაც შეგვიძლია, რომლებიც მასზე უკეთესი საფეხბურთო ტაქტიკოსები იყვნენ, მაგრამ მეტ ბასბის გარდა, ვერ დაგვისახელებთ მეორე დამრიგებელს, რომელიც ფეხბურთელთა და გულშემატკივართა შორის ისეთი დიდი და უანგარო სიყვარულით სარგებლობდა, როგორითაც “ლივერპულის” შოტლანდიელი მწვრთნელი.

შენკლი უდიდესი მოთხოვნილებებით გამოირჩეოდა, თუმცა, მის ნებისმიერ მითითებას მოთამაშეები განუხრელად ასრულებდნენ. მისტერ ბილი ფეხბურთელთაგან “მინდორზე სიკვდილს” (!) ითხოვდა და საკუთარი მაგალითით უჩვენებდა ფეხბურთელებს, თუ რას ნიშნავდა საქმისა და ლივერპულისადმი ერთგულება.

“დიდი მოტივატორი” – ასე იხსენიებს ბილ შენკლის კევინ კიგანი. შოტლანდიელმა “ლივერპულის” წევრებს შორის თბილი, მეგობრული, ლამის ოჯახური ურთიერთობა დაამყარა. იგი გუნდის მოთამაშეებს ხშირად სახლში იწვევდა, ჩაითა და ფუნთუშებით უმასპინძლდებოდა და საკუთარი ცხოვრებიდან საინტერესო ისტორიებს უყვებოდა. ამასთან, ფეხბურთელებსა და მწვრთნელს შორის გარკვეული დისტანცია ყოველთვის შენარჩუნებული იყო.

ბილ შენკლიმ კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანა ინგლისური საფეხბურთო ტრადიცია, რომლის მიხედვითაც თამაშისას უმთავრესი ფსიქოლოგიური განწყობა, მოგებისადმი დაუოკებელი სწრაფვა და პარტნიორის მხარდაჭერაა. ბილ შენკლის პერიოდში “ენფილდზე” სხვა სტადიონებისგან განსხვავებული სიტუაცია იყო დასადგურებული – “ლივერპული” მაღალ შედეგსაც აჩვენებდა, მისი ფეხბურთელები კი მინდორზე საკუთარი თავისა და გულშემატკივრებისათის სიამოვნების მისანიჭებლად გადიოდნენ.

შენკლი ვერ ეგუებოდა მცირეოდენ “ხალტურასაც” კი, მისთვის ცხოვრების მიზანი ფეხბურთის სამსახური გახლდათ და მან შთამომავლობას მილიონების საყვარელი თამაშის ერთგულებისა და სიყვარულის მაგალითი დაუტოვა.

შენკლი შოტლანდიის საგრაფო აღმოსავლეთ ეირშირის მეშახტეთა პატარა ქალაქ გლენბაკში 1913 წლის 2 სექტემბერს დაიბადა. მას ცხრა და-ძმა ჰყავდა. ოჯახში ფეხბურთი ძალიან უყვარდათ და ბილის ოთხი ძმაც პროფესიულ დონეზე ტამაშობდა. ერთ-ერთი ძმა ბობი კი მოგვიანებით წარმატებული მწვრთნელიც გახდა და 1962 წელს “დანდი იუნაიტედს” შოტლანდიის ჩემპიონატიც მოაგებინა.

შენკლის ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა, ბილმა ერთხელ განაცხადა, 15 წლამდე აბაზანაში ბანაობა არ მღირსებიაო. გლენბაკის მცხოვრებთა დიდი უმრავლესობისათვის მეშახტეობის გარდა სარჩო-საბადებლის შოვნის ერთადერთი წყარო ფეხბურთი იყო. ბილი და მისი ძმები “გლენბაკ ჩერიპეკსის” ღირსებას იცავდნენ. ეს გუნდი პროფესიულ ფეხბურთელთა აღზრდის ნამდვილი კონვეიერი გახლდათ – დროის საკმაოდ მოკლე მონაკვეთში მან 49 მოთამაშე დააფრთიანა და სხვა უფრო მაღალი კლასის გუნდებისაკენ დაულოცა გზა. ასევე იყო ბილ შენკლის შემთხვევაშიც.

1932 წლის ზაფხულში ბილს “კარლაილ იუნაიტედის” სკაუტებმა მიაქციეს ყურადღება და გუნდშიც აიყვანეს, თუმცა მწვრთნელები შენკლის ძირითად შემადგენლობაში დაყენებას არ ჩქარობდნენ და თავის გამოჩენის შანსი პირველად მხოლოდ 1932 წლის ბოლო კალენდარულ დღეს მისცეს. ზუსტად ერთი წელი გაატარა “კარლაილში” ბილმა და მიუხედავად იმისა, გუნდის მხოლოდ 16 მატჩში რომ მიიღო მონაწილეობა, იგი “პრესტონ ნორთ ენდის” სკაუტების თვალთახედვის არეალში მაინც მოხვდა და 1933 წლის ივლისში ინგლისურ კლუბში გადავიდა. სატრანსფერო თანხამ 500 გირვანქა შეადგინა.

დროის მცირე მონაკვეთში ბილი პრესტონელთა საკვანძო მოთამაშე გახდა. შენკლიმ დიდი როლი ითამაშა “ნორთ ენდის” პირველ დივიზიონში გადასვლის საქმეში და ორჯერ ზედიზედ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის ფინალშიც ითამაშა. თუკი 1937 წელს პრესტონელებმა ჩრდილო-ინგლისურ “სანდერლენდთან” წააგეს, მომდევნო წლის 30 აპრილს ბილ შენკლიმ და მისმა პარტნიორებმა “უემბლიზე” “ფადერსფილდს” დამატებით დროში 1:0 სძლიეს და პლანეტის ყველაზე ძველი საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ. იმ შეხვედრაში შენკლიმ კარგად ითამაშა, განსაკუთრებული ყურადრება კი მისმა ასპარეზობამ მას შემდეგ მიიქცია, როდესაც “პრესტონმა” ნახევარფინალში ლამაზ სტილში ბირმინგემის “ასტონ ვილას” 3:1 მოუგო.

1938 წელსვე შედგა შენკლის დებიუტი შოტლანდიის ეროვნულ გუნდში. იმ შეხვედრაში ინგლისის ნაკრებს 1:0 მოუგეს და უდიდესი სიხარული განაცდევინეს შოტლანდიის მთელ მოსახლეობას. ბილის სანაკრებო კარიერა 1939 წელს დაწყებულმა მეორე მსოფლიო ომმა შეაფერხა – შენკლიმ მხოლოდ 5 ოფიციალური მატჩი ჩაატარა სკოტთა უპირველესი გუნდის შემადგენლობაში. ომის დროს ინგლისში ჩემპიონატისა და თასის გათამაშებები შეცერებული იყო, თუმცა, სხვადასხვა სახის არაოფიციალური ასპარეზობები მაინც მრავლად ტარდებოდა, შენკლი კი იმ პერიოდში “ნორთჰემპტონ თაუნის”, “ლივერპულის”, “არსენალის”, “კარდიფ სიტის”, “ბოლტონ უონდერერზის”, “ლუტონ თაუნისა” და “პარტიკ თისლის” მაისურით მოთამაშე იხილა ინგლისელმა გულშემატკივარმა.

ჩემ მიერ ჩამოთვლილ გუნდთაგან უკანასკნელი შოტლანდიისა გახლავთ. მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელი ორი წელი ბილმა სამშობლოში გაატარა, 1946-47 სეზონის დაწყების წინ კი “პრესტონს” დაუბრუნდა და გუნდის შემადგენლობაში კიდევ სამიოდე წელი გაატარა.

1949 წლის მარტჩი ბილ შენკლი მოთამაშის სტატუსით ფეხბურთს საბოლოოდ ემშვიდობება და “კარლაინ იუნაიტედის” ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელად ინიშნება. დამწყებმა დამრიგებელმა მოთამაშეთა პატივისცემა დაიმსახურა, გუნდის შედეგებიც გაუმჯობესდა, თუმცა შენკლის მალე მოუწია კლუბის დატოვება – კლუბმა კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური ხელშეკრულება დაარღვია და ბილმაც უხელფასოდ მუშაობა არ ისურვა.



შენკლი ლივერპულში ჩავიდა, სადაც იქაური “წითლების” ხელმძღვანელებმა იხმეს, თუმცა მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა – “ლივერპულის” ბოსებმა გამოუცდელი მწრთნელის დანიშვნისაგან თავი შეიკავეს. ცოტა ხნით ბილ შენკლი “გრიმსბი თაუნისა” და “უორგტინგტონს” მოძღვრავდა, მისი სამწვრთნელო ტალანტი კი პირველად იმ “ჰადერსფილდში” გაიშალა, რომელიც ფეხბურთელობისას ინგლისის თასის ფინალში გაამწარა.

სწორედ შენკლიმ აღმოაჩინა დენის ლოუ, რომელიც “ჰადერსფილდში” 15 წლისა ჩაიყვანა. ბილმა თინეიჯერ თანამემამულეს თავიდანვე დიდი ნდობა გამოუცხადა, ძირითად შემადგენლობაში მიანდო ადგილი და ლოუმაც არ გაუმტყუნა – რამოდენიმე თვეში იგი შოტლანდიის ნაკრებში გამოიძახეს.

16 წლის ლოუში “ევერტონმა” იმ დროისთვის ასტრონომიული სატრანსფერო თანხა 45 ათასი გირვანქა შესთავაზა “ჰადერსფილდს”, შენკლიმ კი წარბშეუხრელად განაცხადა, დენისს მხოლოდ მაშინ შეველევი, როცა მის სანაცვლოდ 100 ათასს გადამიხდიანო. ბილის ეს სიტყვები საფეხბურთო სამყაროში სასაცილოდ იქცა, იმდროინდელ გაზეთებში ისიც კი დაიწერა, სატრანსფერი ფული ამ ზღვარს არასდროს მიაღწევსო…

მოგვიანებით დენის ლოუ “მანჩესტერ სიტიმ” 55 ათასათ გადაიბირა, იმდროისთვის შენკლი “ჰადერსფილდიდან” უკვე წასული იყო. ბილის პროგნოზი თუ წინასწარმეტყველება კი 1962 წელს ახდა, როცა “მანჩესტერ იუნაიტედმა” შოტლანდიელი 115 ათას გირვანქად შეიძინა. 1959 წლის პირველ დეკემბერს ბილ შენკლი “ჰადერსფილდიდან” აიბარგა და “ლივერპულში” მთავარი მწვრთნელი ფილ ტეილორი შეცვალა. ახალი დამრიგებლის ხელფასი ყოველწლიურად 2.500 გირვანქით განისაზღვრა.

წესითა და რიგით, შენკლი “ენფილდ როუდზე” უფრო ადრეც უნდა მისულიყო, მაგრამ შოტლანდიელმა მერსისაიდელთა წინა შეთავაზება უარყო. შენკლის არ მოსწონდა ის ამბავი, რომ გუნდის დაკომპლექტებაში აქტიურად ერეოდნენ კლუბის დირექტორატის წევრები და ხშირად შემადგენლობასაც ისინი არჩევდნენ. შენკლის მუშაობის პერიოდში ასეთი რამ არასოდეს მომხდარა. ბილმა თანაშემწეებად ჯო ფეგანი, რუბენ ბენეტი და ბობ პეისლი მიიწვია და საქმესაც საოცარი მონდომებით შეუდგა. მან რამდენიმე მიმართულებით დაიწყო საქმიანობა.



შენკლიმ “ლივერპულში” წვრთნის პრინციპულად ახალი მეთოდიკა დანერგა და რაც მთავარია, კოლექტივის ერთ მუშტად შეკვრა მოახერხა. გუნდის ბაზა, სტადიონის მინდორი, გასახდელები, საბავშვო-საფეხბურთო აკადემია სავალალო მდგომარეობაში იყო, ამიტომაც შენკლის ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით უწევდა მუშაობა. დაკისრებულ მოვალეობას მან თავი სათანადოდ გაართვა, რაც ყველაზე სწრაფად გულშემატკივარმა იგრძნო და შოტლანდიის გუნდში მისვლის დღიდან ორ-სამ თვეში მატჩების მსვლელობისას “ენფილდის” აუდიტორია გაორმაგდა, ხშირად კი ტრიბუნებზე ანშლაგი იყო.

“ლივერპულში” მუშაობის პირველ სეზონში შენკლიმ გუნდი მეორე დივიზიონში მესამე ადგილზე გაიყვანა და ეს შედეგი ბილს წარმატებად ჩაუთვალეს, თუმცა, სამომავლოდ მისგან მხოლოდ უძლიერესთა შორის დაბრუნებას მოითხოვდნენ, ამიტომაც როდესაც “ლივერპულმა” 1960-61 სეზონი კვლავ მესამე პოზიციაზე დაასრულა, კლუბის დირექტორთა საბჭომ შენკლი კინაღამ პოსტიდან დაითხოვა. ბილმა საკუთარი პოზიცია დამაჯერებლად დაიცვა და თავისი გაიტანა, მთავარ მწვრთნელადაც დარჩა და რაც მთავარია, სატრანსფერო ფულიც მიიღო.

“წითლები” განახლება სრული სვლით გაგრძელდა. გუნდის შემადგენლობაში ახალი ფეხბურთელები გამოჩნდნენ, რომელთა შორის მცველი ჯერი ბირნი, გარემარბი იან კალაგენი და ბომბარდირი როჯერ ჰანტი გამოირჩეოდნენ. შენკლიმ “პრესტონიდან” გორდონ მილნი გადაიყვანა, რომელიც მოგვიანებით “ლივერპულის” ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ჰავბეკად აღიარეს. ბილ შენკლის მანქანის მექანიზმი სრულად ასამუშავებლად საჭირო იყო შემქმნელი ტიპის ფორვარდის დამატება და მწვრთნელმაც ყურადღება თანამემამულე იან სენტ-ჯონზე შეაჩერა.

გუნდის დაკომპლექტება 1961 წლის ზაფხულში დასრულდა, როცა შენკლიმ “დანდი იუნაიტედიდან” უელსელი მცველი რონ იეტსი გადაიბირა. საგრძნობლად მომძლავრებულმა “ლივერპულმა” წარმატებით გადაჭრა დაკისრებული ამოცანა და 1962 წლის მაისში პირველ დივიზიონში თამაშის უფლება დაიმსახურა. სადებიუტო სეზონი გუნდმა მერვე პოზიციაზე დაასრულა და ასოციაციის თასის ნახევარფინალამდეც მიაღცია. შენკლის, გუნდის გულშემატკივრებისა და კლუბის მეთაურთა ამბიცია ამაზე ამაზე შეჩერებას არ აპირებდა და 1964 წელს გუნდმა 17-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ მოიპოვა ინგლისის საუკეტესო გუნდის ტიტული…

მომდევნო სეზონი “ლივერპულის” უმდიდრეს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა. გუნდმა საჩემპიონო ტიტული შეინარჩუნა, გულშემატკივრები კი ყველაზე მეტად საფეხბურთო ასოციაციის თასის მოგებით გაახარა. 1965 წლის 1-ელ მაისს კლუბმა მესამედ იასპარეზა საპატიო პრიზისთვის ჩატარებულ გადამწყვეტ მატჩში და პირველად მოახერხა თასის დაუფლება. ეს დღე გუნდის ქომაგთათვის დაუვიწყარია – “უემბლიზე” ბილ შენკლის ბიჭებმა დამატებით დროში “ლიდს იუნაიტედს” 2:1 მოუგეს და პირველად წაჰგვარეს თასი მერსის ნაპირზე.

“ლივერპულისთვის” თანდათან ევროტრიუმფის კონტურებიც გამოიკვეთა. ვინ იცის, როგორ დასრულდებოდა 1964-65 წლების ჩემპიონთა თასის გათამაშება, ნახევარფინალში ესპანელ მსაკს მედიბლისს გაუგებარი არაობიექტურობა რომ არ გამოეჩინა. “ენფილდზე” ჩატარებულ პირველ მატჩში “ლივერპულმა” ელენიო ერერას “ინტერი” 3:1 დაჩაგრა და განმეორებით შეხვედრაში “სან სიროზე” საბოლოო წარმატების იმედითაც გავიდა სათამაშოდ, მაგრამ…ესპანელმა არბიტრმა მილანელებს ჯერ უშუალოდ თავისუფალი საჯარიმოდან პირდაპირ კარის მიმართულებით დარტყმული ბურთი ჩაუთვალა, შემდეგ კი ლივერპულელთა მეკარის ლოურენსის მიერ დაუფლებული ბურთის “გამოგლეჯვას” ყურადღება არ მიაქცია, რასაც კიდევ ერთი გოლი მოჰყვა.

მოგვიანებით ინგლისელმა ჟურნალისტებმა დაწერეს, მედიბლისი მოსყიდული რომ იყო…მომდევნო სეზონში “ლივერპული” თასების თასის გათამაშებაში ჩაერთო და ნახევარფინალში “სელტიკის” ძლევის (2:0, 0:1) შემდეგ გლაზგოს “ჰემპდენ პარკზე” ფინალში “დორტმუნდის ბორუსიას” შეხვდა. ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დრამატული გადამწყვეტი მატჩის ბედი დამატებით დროში გაირკვა – 110-ე წუთზე ლიბუდას გოლმა გამარჯვება გერმანელებს მოუტანა (2:1).

ბილ შენკლი მიღწეულით არ კმაყოფილდება და 1967 წლიდან გუნდის განახლების კიდევ ერთ, რიგით მესამე ტალღას იწყებს. თუკი აქამდე შენკლი ფეხბურთელების დამატებით იყო დაკავებული, ამჯერად მან გუნდის რამოდენიმე აღიარებული ლიდერი დაითხოვა. “ენფილდიდან” სენტ-ჯონი, ჰანტი, იეტსი, ლოურენსი წავიდნენ. მათ სანაცვლოდ ბილმა გუნდში ნიჭიერი ფეხბურთელები კლემენსი, ლოიდი, ჰოლი, ჰეივეი, ჰიუზი, ოდნავ მოგვიანებით კი ჯონ ტოშაკი მოიყვანა, მაგრამ სამი სეზონის განმავლობაში “ლივერპული” ვერც ჩემპიონატსა და ვერც თასზე მნიშვნელოვან წარმატებას ვერ აღწევდა.

მერსისაიდელები სატურნირო ცხრილში მეხუთე საფეხურზე ქვევით არ ეშვებოდნენ, მაგრამ წარმატებას მიჩვეული გულშემატკივრები გაცილებით მეტს ითხოვდნენ. მათ დიდხანს ცდამ არ მოუწიათ. 1971 წელს “წითლებმა” ასოციაციის თასის ფინალამდე გააღწიეს. “არსენალთან” შებმა ორივე გუნდის გულშემატკივრებისათვის სულისშემკვრელი გამოდგა. დამატებით დროში ლონდონელებმა გადამწყვეტი გოლი გაიტანეს და თასიც მათი ნადავლი გახდა.

იმავე წლის 10 მაისიდან კი “ლივერპულის” ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო. სწორედ ამ დღეს გადაწყვიტა ბილ შენკლიმ კევინ კიგანის აყვანა…

თავდაპირველად კევინი ნახევარდაცვში თამაშობდა და მერსისაიდელებმა იგი ვეტერანი იან კალაგენის შემცვლელის პერსპექტივით აიყვანეს. წინასარეზერვო მზადებისას ჩატარებულმა ტესტ-მატჩებმა კი ბევრი რამ შეცვალა – კიგანი ბრწყინვალდე თამაშობდა მოწინააღმდეგეთა კარის საიხლობეს, გოლებიც ბლომად გაჰქონდა და შენკლიმ მას კვალიფიკაცია შეუცვალა.

ასე აღმოჩნდა ახალბედა ფეხბურთელი უელსელ ჯონ ტოშაკთან შეწყვილებული. მათი ურთიერთქმედება იმდენად ორგანული და სინქრონული იყო, ჟურნალისტებმა ტოშაკი-კიგანის ტანდემს “სიამის ტყუპი” შეარქვეს და სპეციალისტთა დიდი ნაწილი ამ დუეტს დღემდე ბრიტანული ფეხბურთის იდეალურ სათავდამსხმელო წყვილად მიიჩნევს.

1972-73 წლებში სეზონი ფანტასტიკური გამოდგა. “ლივერპულმა” მერვედ მოიპოვა ინგლისის ჩემპიონობა და როგორც იქნა, ევროტურნირის გამარჯვებულიც გახდა. ბილ შენკლის გუნდმა უეფას თასის ფინალის ორრაუნდიანი პაექრობა მიონხენგლადბახის “ბორუსიას” მოუგო (3:0, 0:2) და ინგლისურ კლუბთაგან პირველი შეიქნა, რომელმაც ერთსა და იმავე სეზონში ქვეყნის ჩემპიონობა და ევროთასი მოიპოვა. წარმატებული გამოდგა მომდევნო სეზონიც. გუნდმა თასის ფინალში “ნიუკასლ იუნაიტედს” დამაჯერბლად 3:0 სძლია და მეორედ დაისაკუთრა სანუკვარი პრიზი.

“უემბლიზე” ტრიუმფულად დასრულებული ფინალიდან მალე კი მან მთავარ მწვრთნელობიდან გადადგომაზე გააკეთა განცხადება და კლუბი ხელმძღვანელებს ურჩია მის სანაცვლოდ ბობ პეისლი დაენიშნათ. შენკლის შესაძლო წასვლის ცნობამ “ლივერპულის” ქომაგები შოკირებული დატოვა, ქალაქის ერთ-ერთი წარმოების მუშები კი გაფიცვთ დაიმუქრნენ, თუკი კლუბის მესვეურები ბილს გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლევინებდნენ.

1974 წლის 12 ივნისს შენკლიმ საგანგებო პრესკონფერენცია მოიწვია და საკუთარი გადაწყვეტილებაც ახსნა:

“60 წელი ფეხბურთის სიყვარულით ვცხოვრობდი, დროის უდიდესი ნაწილი საყვარელი საქმისადმი ერთგულ მსახურებს მიჰქონდა, ახლა კი მეტი დრო მსურს დავუთმო ოჯახს და სხვა ამბებითაც მივიღო სიამოვნება”
საზოგადოებისთვის მართლაც ძნელი ასახსნელი იყო იმ ადამიანის ეს სიტყვები, რომელმაც აღნიშნულ პრესკონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე ერთ-ერთ ტელეარხს განუცხადა, ფეხბურთი სიცოცხლეზე მეტს ნიშნავსო…

ბილ შენკლი გულშემატკივრებს არა მხოლოდ მისი სამწვრთნელო ავტორიტეტისა და დამსახურების გამო უყვარდათ. “ლივერპულის” ქომაგები დიდად აფასებდნენ მის ადამიანურ თვისებებსაც. გუნდის ვარჯიშების შესვენებისას ბილი საბეჭდ მანქანას მიუჯდებოდა ხოლმე და ცდილობდა მისი მისამართით გაგზავნილი არც ერთი წერილი უპასუხოდ არ დაეტოვა.

გულშემატკივრები შენკლის ხშირად სახლშიც სტუმრობდნენ და მწვრთნელთან ერთად სხვადასხვა საფეხბურთო თემაზე საუბრობდნენ. ხელმოკლე ოჯახიდან გამოსულ დამრიგებელს გულთან ახლოს მიჰქონდა უბრალო ადამიანების გასაჭირი და ხშირად უსახსრო ქომაგისათვის მატჩზე დასასწრები ბილეთიც კი უყიდია. ხანდახან კი “ენფილდის” კონტროლიორს გულშემატკივრის სტადიონზე უფასოდ შეშვებასაც სთხოვდა.

ფეხბურთისადმი და საქმისადმი ფანატიკური სიყვარული ბილ შენკლის თავადვე უბრუნდებოდა. “ლივერპულის” მოთამაშეებს შორის იგი არა მარტო შეუბალი ავტორიტეტით სარგებლობდა, არამედ ფეხბურთეკთა მხრიდან პატივისცემითა და სიყვარულით იყო გარემოცული. გუნდის მოთამაშეები აღტაცებას ვერ მალავდნენ შენკლის ფეხბურთისადმი ერთგულებით.

“ლივერპულის” ყოფილი კაპიტანი ტომი სმიტი იგონებს, თუკი “ლივერპულს” მატჩი არ ჰქონდა, ბილი “გუდისონ პარკზე” “ევერტონის” თამაშის სანახავად მიდიოდა, “ლურჯების” დასვენების შემთხვევაში შენკლი “ნიუკასლში” მიემგზავრებოდა, თუ “ესნტ ჯეიმს პარკზეც” მატჩი არ იყო დანიშნული, ჩვენი მწვრთნელი პარკში მიდიოდა და ბიჭუნების თამაშს უცქერდა და როცა ბავშვებიც არ თამაშობდნენ , ბილი მოზარდებს თავად უყრიდა თავს და მათ საფეხბურთო შეხვედრას უკეთებდა ორგანიზაციასო.

ნიშანდობლივია იმავე სმიტის ერთი მოგონებაც. ერთ-ერთი ვარჯიშის დროს მუხლის ტრავმის მომიზეზებით “წითლების” კაპიტანმა გასახდენში დროზე ადრე ითხოვა წასვლა, რაზეც შემდეგი პასუხი მიიღო: – შვილო, ეს მუხლი შენ კი არა, “ლივერპულს” ეკუთვნის და კეთილი ინებე, წვრთნის ბოლომდე იმუშავეო.

1981 წლის 26 სექტემბერს ბილ შენკლის გულის შეტევა დაემართა და ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მან დაიჟინა, საერთო პალატაში დაეწვინათ. “ყოველთვის ხალხთან ერთად ვიყავი და ბოლომდე მათთან დავრჩები”– ეს განცხადება შენკლიმ საავადმყოფოში მისულ ჟურნალისტებს გაუკეთა. 29 სექტემბერს ბილ შენკლი ჰოსპიტალ “ბროდგრინში” გარდაიცვალა.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ბილ შენკლიმ წარმოთქვა ფრაზა, რომელიც მისი ანდერძის სახით “ენფილდის” ერთ-ერთი გასახდელის შესასვლელში დიდ პლაკატზეა წაწერილი:

ერთად შეკრება – დასაწყისია, ერთად ყოფნა – პროგრესი, ერთად მუშაობა – წარმატება.

კომენტარები


Gerrard 23N
მომხმარებელი

მაგარი კაცი ყოფილა. ყოჩაღ ავტორ ვისამოვნე ამ კაცის ისტორია რომ წავიკითხე

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

ორშაბათი, 23:00 სთ.


  • კრისტალ პალასი
  • VS

    20.08.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    12.08.2018


  • ვესტ ჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



თქვენი აზრით, რომელია გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა?
მატჩის საუკეთესო

ნაბი კეიტა

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze