დღეს 15 აპრილია ! წლების წინ, ზუსტად ამ დღეს “ლივერპულის” 96 ქომაგი დაიღუპა. ჰილსბოროს ტრაგედია კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდია.

გთავაზობთ ამონარიდს სტივენ ჯერარდის წიგნიდან :

“მე ვთამაშობ ჯონ-პოლისთვის”!.. ყოველთვის, როცა “ენფილდზე” მივდივარ, მანქანის სვლას “შენკლის ჭიშკართან” ვანელებ და ჰილსბოროს მემორიალთან ვჩერდები. თავს მოვალედ ვგრძნობ “ლივერპულის” იმ 96 ფანის მიმართ, რომელნიც 1989 წელს “Fa Cup”-ის ნახევარფინალიდან სახლში ვეღარ დაბრუნდნენ.

ვხედავ გულშემატკივართა მიერ პატივისცემისა და გარდაცვლილთა ოჯახების თანადგომის ნიშნად დატოვებულ შარფებს. ასევე ვხედავ ცეცხლის ალს, რომელიც ჩაუქრობლად ანთია, რათა შეახსენოს მსოფლიოს, რომ ის 96 ადამიანი არასოდეს იქნება დავიწყებული!

მემორიალთან გაჩერებული ვათვალიერებ სახელებს და ჩემი მზერა ერთ-ერთზე ჩერდება… ჯონ-პოლ ჯილჰული, 10 წლის, ყველაზე პატარა შეფილდზე დაღუპულთა შორის; გულშემატკივარი, რომელიც გარდაიცვალა საყვარელი გუნდის გამო; ბიჭი, რომელიც მაშინ გამოესალმა სიცოცხლეს, როცა ეს-ესაა უნდა დაეწყო ყველაფერი; ადამიანთა ყოფისათვის აუტანელი სიკვდილით დამარცხებული… მე ვიცნობდი ჯონ-პოლს, ის ჩემი ბიძაშვილი იყო.

მანქანის გაჩერების შემდეგ შევდივარ “ენფილდზე”, ჯონ-პოლსა და მის მშობლებზე ფიქრი, ასევე იმაზე ფიქრი თუ როგორი იღბლიანი ვარ მე თან მსდევს. თითქმის 9 წლის ვიყავი, როცა ჰილსბორომ წაგვართვა ჯონ-პოლი. ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობა 1 წელი და ცოტა მეტი იყო, თუმცა გვაერთიანებდა ერთი საფეხბურთო გატაცება. ჯონ-პოლი აღმერთებდა ლივერპულს ისეთივე აღტაცებით, როგორიც მომიცავს ხოლმე ყოველთვის, როცა ჩვენი წითელი მაისური მაცვია. ისე ვგავდით ერთმანეთს… ჯონ-პოლი სიამაყით დააბიჯებდა მერსისაიდის განაპირა მხარეში, ჰიუსტონის ქუჩებში “ლივერპულის” მაისურით. კლუბი მისთვის სამყარო იყო.

სამუდამოდ საშინელ დღედ დარჩა ჩემთვის 1989 წლის 15 აპრილი, შაბათი. სახლში, სადაც მე ვიზრდებოდი, საფეხბურთო კლუბი “ლივერპული” რელიგიასავით იყო. როცა შევიტყვეთ, რომ თამაშზე რაღაც მოხდა, სასწრაფოდ შემოვიკრიბეთ ტელევიზორთან მე, მამაჩემი პოლი, დედაჩემი ჯული და ჩემი ძმა პოლი, რათა სიახლეებისთვის გვეყურებინა. მიშტერებულები შევცქეროდით დაუჯერებელ, საშინელ, სასტიკ სურათებს. კოშმარული ატმოსფერო ოყო იმ ღამეს ჩვენს სახლში, ყველას ერთი რამ გვაწუხებდა: “ნეტავ, ვინმე ნაცნობი არ იყოს გარდაცვლილებში”…

დილით რვის ნახევარზე კარზე კაკუნი გაისმა. ჩავირბინე კიბეზე და კარი გავაღე. პაპა ტონი აღმოჩნდა, უსიტყვოდ შემოვიდა წინა ოთახში. მალე მთელი ოჯახი იქ შევიკრიბეთ და შევყურებდით პაპას, რომელსაც სახეზე რაღაც საშინელება აღბეჭდოდა.

“ცუდი ამბავი მაქვს”, თქვა მან, “ჯონ-პოლი გარდაიცვალა”.

 

ცრემლები, სიბრაზე, შიში, დაბნეულობა… ყველაფერმა ერთდროულად მოგვიცვა. არ ვიცოდით ჯონ-პოლი თამაშზე რომ იმყოფებოდა. ის ყოველთვის დადიოდა ენფილდზე, მაგრამ “Fa Cup”-ის ნახევარფინალი განსაკუთრებული ფუფუნება იყო. პაპამ განგვიმარტა, რომ ჯონ-პოლის დედამ, ჯეკიმ, როგორღაც უშოვა ბილეთი, რადგან მან იცოდა, თუ როგორი მნიშვნელოვანი იყო შვილისთვის მისი გმირების ასეთ მნიშვნელოვან თამაშზე ნახვა. ოჯახის მეგობარმა წაიყვანა ჯონ-პოლი, შეფილდი ხომ სულ რაღაც 7 მილის მოშორებითაა. მაგრამ ის ვეღარ დაბრუნდა! _ ეს სიტყვები მუდამ თან მდევს.

მკაცრმა საექსპერტიზო პროცესმა გაახანგრძლივა ჯონ-პოლის დაკრძალვა. მე არ ვყოფილვარ იქ სკოლის გამო. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მიზეზი იყო, მამას არ უნდოდა რომ დავსწრებოდი დაკრძალვას ჩემსავე დასაცავად, მე ხომ უბრალოდ პატარა ბავშვი ვიყავი. ვცდილობდი როგორმე გამეცნობიერებინა, რომ ჩემი ბიძაშვილი გარდაიცვალა იმ გუნდის მხარდაჭერისას, რომელსაც ორივე ვაღმერთებდით.

ყოველთვის, როცა ვხედავდი ჯონ-პოლის მშობლებს ჩემს ვარჯიშებზე, ვმტკიცდებოდი გადაწყვეტილებაში, რომ უნდა მიმეღწია დიდი წარმატებისთვის. “ლივერპულში” ჩემი დებიუტის წინ მათ მითხრეს: “ჯონ-პოლი ისე იამაყებდა შენით…” ამ მატჩის განმავლობაში ვგრძნობდი ჯონ-პოლი მიყურებდა, ამაყი იყო, რომ შევძელი ჩვენთვის საზიარო ოცნების განხორციელება. როდესაც მესმის გამარჯვების ყიჟინა, ყოველთვის ვფიქრობ, თუ როგორ იზეიმებდა ისიც.

“ლივერპული” დღემდე ზრუნავს და ეხმარება ყველა იმ ოჯახს, ვინც საყვარელი ადამიანი დაკარგა ჰილსბოროზე. ეს არის გუნდი, რომლის ფესვებიც ღრმადაა გამჯდარი გულშემატკივართა ერთობაში. მახსოვს, ჯეკი მეუბნებოდა, თუ როგორ უდგას მხარში კლუბი. ყველა წლისთავზე “ენფილდზე” იმართება ჰილსბოროს ტრაგედიის გასახსენებელი აქცია. მოთამაშეთათვის სავალდებულოა მასზე დასწრება, რათა გუნდმა აჩვენოს ხალხს თავისი პატივისცემა იმ 96 ადამიანისადმი. არ არსებობს მიზეზი, რაც აქციაზე წასვლაში შემიშლის ხელს, რადგან ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია.

როდესაც მელვუდიდან “ენფილდზე” მივდივართ ჰილსბოროს მხარდასაჭერ აქციაზე, გზაში ლეგიონერებს ვესაუბრები, თუ რატომაა სავალდებულო ამ აქციაზე დასწრება. მათ მხოლოდ სმენიათ ჰილსბოროს ტრაგედიის შესახებ, არ იციან სრული ისტორია. ბევრ რამეს წერდნენ მაშინაც და ახლაც სხვადასხვა გაზეთები, მაგრამ მე ვიცი სინამდვილე, მე ოჯახის წევრი დავკარგე ჰილსბოროზე… ჩემი მონათხრობით გაოგნებულები არიან და უსიტყვოდ მისმენენ.

გუნდთან ერთად მივდივარ ამ დღეს “ენფილდზე” და ისევ მაფორიაქებს ფიქრები ჯონ-პოლზე. ჩემთვის ხომ მხოლოდ პროფესიული მოვალეობა არაა აქციაზე დასწრება, ეს ძალიან პირადულიცაა, რადგან იქ მე ვდგავარ როგორც მგლოვიარე ნათესავი და როგორც გუნდის კაპიტანი. ჰილსბოროზე გარდაცვლილთა მოსაგონარი საღამო რამდენიმე საათს გრძელდება. ჩვენ ვმღერით ჰიმნებს, ვლოცულობთ და ვგლოვობთ იმ 96 ადამიანს. 2006 წელს, 15 აპრილს, როდესაც საკმაოდ ემოციური სიტყვით გამოვედი “კოპის” წინაშე, ვნახე “ლივერპულის” ყოფილი სარეზერვო მეკარე პოლ ჰარისონი, მან მამა დაკარგა ჰილსბოროზე. ეს საშინელებაა, ჩემთვის წარმოუდგენელია ჩემი მშობლების გარეშე ცხოვრება.

“You’ll Never Walk Alone” _ ჩვენი ცნობილი სიმღერა უფრო მეტია, ვიდრე სიტყვათა ერთობლიობა ან ლამაზი მელოდია. ესაა ხალხის შეკავშირებულობა. ჩვენ ერთად ვდგავართ როგორც კარგ, ასევე ცუდ დროსაც. ჰილსბოროს ტრაგედიაში გარდაცვლილთა ოჯახების დახმარების ფონდი დიდ საქმეს აკეთებს. ისინი იბრძვიან სამართლიანობისთვის, რომ ძირფესვიანად იქნეს გამოძიებული, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი ჰილსბოროზე. “ენფილდზე” ყოველთვისაა ბანერი წარწერით “ Justice for the 96 ”და მე მთელი არსებით ვეთანხმები ამას. მთავრობამ უნდა ჩაატაროს შესაბამისი, ჭეშმარიტი გამოძიება, რათა ჰილსბოროზე გარდაცვლილთა ოჯახებმა სიმშვიდე მოიპოვონ. მათ ეცოდინებათ, რომ ვიღაც აგებს პასუხს ამ ტრაგედიის გამო, ტრაგედიისა, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა.

ჰილსბოროს მსგავსი ტრაგედია აღარასოდეს არსად არ უნდა განმეორდეს. არავინ არ უნდა დაკარგოს სიცოცხლე საფეხბურთო მატჩზე. ყოველთვის, როცა ვხედავ “შენკლის ჭიშკართან” ჯონ-პოლის სახელს, ამოტვიფრულს ცივ მარმარილოზე, საოცარი სევდითა და სიბრაზით ვივსები. აქამდე არავისთვის მიმიცია უფლება სცოდნოდათ, მაგრამ ეს სიმართლეა: მე ვთამაშობ ჯონ-პოლისთვის!..

* თარგმნა სოფო გუგოშვილმა