მადრიდის “ატლეტიკოს” “ლივერპულის” ნახევარმცველის მარკო გრუიჩის ტრანსფერი უნდა, რომელიც ამჟამად ბერლინის “ჰერტაშია” განათხოვრებული. ესპანელები 23 წლის სერბ ნახევარმცველს როდრის შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც დიდი ალბათობით ამ ზაფხულს კლუბს დატოვებს და “მანჩსტერ სიტიში” €70 მილიონად გაემგზავრება.

ESPN-ის მიხედვით, ინგლისური კლუბი სერბს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა, თუ შემოთავაზებული წინადადება მინიმუმ €40 მილიონი ევრო იქნება. ეს თანხა განპირობებულია სწორედ იმით, რომ გრუიჩი ბუნდესლიგაში კარგ სეზონს ატარებს და “ჰერტას” მაისურით ჩატარებულ 19 შეხვედრაში 4 გოლიც აქვს გატანილი.

ბერლინერთა მთავარმა მწვრთნელმა პალ დარდაიმ მარკოს ბოლო 20 წლის საუკეთესო ნახევარმცველიც კი უწოდა. სიტუაციიდან გამომდინარე ჩანს, რომ ფეხბურთელი, რომელიც კლოპის პირველი ტრანსფერია “ლივერპულში”, ამ ზაფხულს გუნდს აუცილებლად დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ გრუიჩს ტრანსფერი “ლივერპულში” 2016 წელს “რედ სტარ ბელგრადიდან”  £5.1 მილიონ ფუნტად შედგა და მას შემდეგ ფეხბურთელმა მხოლოდ 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა. აქამდე მას მხოლოდ რომის “ლაციოსა” და “ჰერტას” უკავშირებდნენ.