ნოემბერის დასაწყისში ინგლისში იურგენ კლოპის შესახებ წიგნი გამოიცა. მისი ავტორი ცნობილი გერმანელი ექსპერტი, ჟურნალისტი და მწერალი, რაფაელ ჰონიგშტეინია. “Bring the Noise” – ასე ქვია წიგნს, რომელშიც “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის ახლობლები და ოჯახის წევრები კლოპის წარსულზე, მის სურვილებსა და დღემდე უცნობ სხვა დეტალებზე ჰყვებიან.

მაგალითისთვის, ამ წიგნში “ბორუსიას” აღმასრულებელი დირექტორი, ჰანს-იოაჰიმ ვატცკე იურგენისა და “მან. იუნაიტედის” კავშირზე საუბრობს. აგენტი მარკ კოსიცკი კი “ლივერპულთან” მიმდინარე საიდუმლო მოლაპარაკებებს იხსენებს.

ვუდვორდის მცდელობა და უარი “იუნაიტედს”

თავიდანვე გეტყვით, რომ კლოპის სამსახურით ორივე მანჩესტერული კლუბი იყო დაინტერესებული. 2014 წლის 11 აპრილს, იურგენმა ვატკცე სადილად მიიწვია და განუცხადა, რომ ის დორტმუნდში რჩებოდა. ცხადია, ეს გადაწყვეტილება მისთვის ადვილი მისაღები არ იყო. იმ დროს კლოპთან მოლაპარაკებებს დორტმუნდში მყოფი ედ ვუდვორდი მართავდა. ის არწმუნებდა გერმანელ სპეციალისტს, რომ “ოლდ ტრაფორდი” მითიური ადგილი იყო, სადაც ყველა ოცნება ხდება. კლოპისთვის ასეთი დახასიათება მიმზიდველი სულაც არ აღმოჩნდა. მან “იუნაიტედი” უარით გაისტუმრა და ვატცკესთან შეხვედრისას აღიარა, რომ მანჩესტერული კლუბის ბოსების ზემოქმედება მას აღიზიანებდა კიდეც.

“ბორუსიას” დატოვების შემდეგ, იურგენს მალევე დაუკავშირდნენ “სიტის” და “ტოტენჰემის” წარმომადგენლები, თუმცა კლოპისგან მტკიცე უარი მიიღეს.

საიდუმლო მოლაპარაკებები “ლივერპულთან”

2014 წელს, როცა ბრენდან როჯერსის “ლივერპულურ” მომავალს საფრთხე შეექმნა, მერსისაიდული კლუბის ხელმძღვანელობა კლოპს დაუკავშირდა. თავდაპირველად მის აგენტს, მარკ კოსიცკის ერთ-ერთი გერმანელი აგენტი დაუკავშირდა, რომელმაც მას თავი “ლივერპულის” წარმომადგენლად გააცნო. კოსიცკი თავის კოლეგას არ ენდო და მოითხოვა იან ეირი მას პირადად, “სკაიპის” საშუალებით დაკავშირებოდა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრა ნიუ-იორკში შედგებოდა – მაშინ როჯერსი ჯერ კიდევ “ენფილდზე” მუშაობდა. მიუნხენის აეროპორტში კლოპი ერთ-ერთმა გულშემატკივარმა იცნო და დაინტერესდა თუ სად მიფრინავდა ის. კლოპის პასუხი შემდეგნაირი იყო : “ნიო-იორკში” NBA-ის რამდენიმე მატჩს უნდა დავესწროთ”. უცნობია დაიჯერა თუ არა ფანმა იურგენის პასუხი, რადგან NBA-ს ახალი სეზონის დაწყებამდე 4 კვირა იყო დარჩენილი.

მსგავსებები “ბორუსიასთან”

იურგენის ახლო მეგობარი, კრისტიან ჰაიდელი აცხადებს, რომ მას შემდეგ “ლივერპული” დაუკავშირდა კლოპს, არც ერთ სხვა კლუბს მისი გადაბირების შანსი აღარ ჰქონდა : “მას იზიდავდა ამ კლუბსა და “ბორუსიას” შორის არსებული მსგავსება – ლეგენდარული კავშირი გულშემატკივრებთან. არ ვთვლი, რომ მას შეეძლო “სიტი” ან სხვა მსგავსი კლუბი აერჩია.”

მისთვის ერთადერთი დაბრკოლება ინგლისური ენა იყო – “მან მკითხა უნდა გაერისკა თუ არა. ვუპასუხე, რომ თუ წარმატების მიღწევა სურდა, მაშინ ენა უნდა ესწავლა და იქაურ ცხოვრებას შეჩვეოდა. მან კი მიპასუხა : “მე ამას გავაკეთებ”. მასში ეჭვი არასდროს მეპარებოდა.”

წიგნის ავტორს ადამ ლალანამ გაუმხილა, რომ ზოგჯერ კლოპს მართლაც უჭირს ინგლისურად საუბარი – განსაკუთრებით მაშინ, როცა გაბრაზებულია.

გამარჯვების სურვილი

წლების წინ, იურგენი თავის ოჯახთან და მეგობართან, სვენ მიულერთან ერთად თურქეთში ისვენებდა. ერთხელ პლაჟზე ტურნირი ტარდებოდა, სადაც მათ მონაწილეობის მიღება გადაწყვიტეს. კლოპს ტრავმა ჰქონდა, ამიტომაც მან მწვრთნელის როლი მოირგო, სვენი კი იურგენის შვილებთან ერთად თამაშობდა.

“ფრე იყო, მე მოედნიდან გასვლა მოვისურვე, რადგან პატარა არ ვიყავი და გარეთ ძალიან ცხელოდა. კლოპი კი მომვარდა და დაიღრიალა : “დაბრუნდი ! გოლი გაიტანეთ და მოიგეთ !”. ასეც მოხდა, ჩვენ ის მატჩი მოვიგეთ.”

კლოპი რომ ძალიან ემოციური და აზარტულია, ეს ყველა სქაუზერს კარგად მოეხსენება. ასევე, ყველამ იცის მისი და მსაჯების ურთიერთოების შესახებ. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ შარშან, როცა “ლივერპული” სიდნეიში ამხანაგურ მატჩს მართავდა, მეორე ტაიმში მთავარმა მსაჯმა 11 მეტრიანი არ დანიშნა(იმ წუთისთვის ანგარიში 2:0 იყო). კლოპი კი განრისხდა და არბიტრს ისე უყვიროდა, თითქოს ჩემპიონთა ლიგის ფინალში იღებდა მონაწილეობას.

მოგვიანებით ჯეიმი კარაგერი(მატჩის ერთ-ერთი მონაწილე) იხსენებდა : “ვფიქრობდი, რომ მე ყოველთვის ყველაზე მეტად მსურდა მოგება, მაგრამ კლოპი უფრო ფიცხია.”

იურგენს ჟურნალისტობა სურდა

კლოპი სერიოზულად იყო დაინტერესებული მედიაში მუშაობით. იყო დრო, როცა “მაინცს” გერმანიის მესამე ბუნდესლიგაში დაქვეითება, იურგენს კი შემოსავლის გარეშე დარჩენა ემუქრებოდა. მას ალტერნატიული სამუშაო სჭირდებოდა.

2001 წელს, ის პრაქტიკებს გერმანიის რეგიონალურ არხზე, SAT1-ზე გადიოდა და პირდაპირ ჩართვებსაც აკეთებდა. არხის ჟურნალისტი, მარტინ კვასტი იხსენებს, რომ კლოპს ეს საქმე არც თუ ცუდად გამოსდიოდა.

შესაძლოა მას მართლაც გაეგრძელებინა ამ სფეროში მოღვაწეობა, თუმცა “მაინცის” დროებით მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ მას მთელი ყურადღება კვლავ ფეხბურთზე უნდა გადაეტანა. საბოლოოდ, გუნდი მეორე ბუნდესლიგაში დარჩა, კლოპმა კი სამწვთნელო კარიერა დაიწყო.

კევინ დე ბრუინის დამატების სურვილი

კლოპი ბელგიელი ნახევარმცველის დიდი გულშემატკივარია და ამის შესახებ არაერთხელ უთქვამს კიდეც. 2013 წელს, მან თითქმის შეძლო დე ბრუინის გაფორმება. მაშინ კევინი “ჩელსის” საკუთრება იყო, თუმცა ჟოზე მოურინიოს გეგმებში არ შედიოდა.

იურგენი ბელგიელს ძირითად შემადგენლობაში ადგილს ჰპირდებოდა. მისი გადაბირების სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ მას კევინთან მოლაპარაკებები არც ჩემპ. ლიგის ფინალის დღეს შეუწყვიტავს.

საბოლოოდ ტრანსფერი ჩაიშალა, რადგან “ჩელსიმ” ფეხბურთელის “ბორუსიაში” გაშვება არ მოინდომა.