ოთხშაბათს, თბილისის დროით 23:00 საათზე, “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ მატჩში კატალონიის “ბარსელონას” დაუპირისპირდება.

დიდი ალბათობით, ხვალ მოედანზე პირველივე წუთიდან ვიხილავთ რობერტო ფირმინოს, რომელმაც ტრავმის გამო “ჰადერსფილდთან” მატჩი გამოტოვა. როგორც იცით, დღეს ბრაზილიელმა მელვუდში სრული დატვირთვით ივარჯიშა.

იურგენ კლოპის თქმით, გუნდის დასახმარებლად მზადაა ფაბინიოც, რომელმაც მცირე ტრავმა “კარდიფთან” შეხვედრაში მიიღო. გუნდს ესპანეთში ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ჯო გომესი და რაიან ბრიუსტერიც კი გაყვნენ.

მერსისაიდელთა განცხადი შემდეგნაირია : ალისონი, მინიოლე, კელეჰერი, არნოლდი, გომესი, მატიპი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი, მორენო, მილნერი, ფაბინიო, ჰენდერსონი, კეიტა, ვეინალდუმი, შაჩირი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ორიჯი, სტარიჯი, მანე, სალაჰი, ფირმინო, ბრიუსტერი.

რაც შეეხებათ მასპინძლებს – “ბლაუგრანა” 1/2 ფინალს კარგ ხასიათზე ხვდება. მოგეხსენებათ, კატალონიელებმა ლა ლიგის ბოლო ტურში “ლევანტე” დაამარცხეს და ოფიციალურად გახდნენ ესპანეთის ჩემპიონები. აღნიშნულ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე იყო ლიონელ მესი. არგენტინელს მწვრთნელმა დასვენების საშუალება მისცა, თუმცა მეორე ტაიმში მაინც გამოიყვანა მოედანზე. სწორედ მესიმ გაიტანა შეხვედრაში ერთადერთი გოლი.

ცნობილია ისიც, რომ ვალვერდემ განაცხადში ბოატენგი და მურილიო არ შეიყვანა. ვერმალენი და რაფინია კი გუნდს ტრავმების გამო ვერ ეხმარებიან.

გთავაზობთ “ბარსელონას” განაცხადს : ტერ შტეგენი, სილესენი, სემედო, პიკე, უმტიტი, ლენგლე, ალბა, რობერტო, ალენა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, არტური, ვიდალი, მალკომი, კოუტინიო, დემბელე, მესი, სუარესი.