კვირას “ლივერპული” პრემიერ ლიგაში მორიგ მატჩს გამართავს. მერსისაიდელები საკუთარ მოედანზე “ტოტენჰემს” მიიღებენ.

კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში, იურგენ კლოპმა კომენტარი გუნდის საკადრო პრობლემებზე გააკეთა :

“ტრენტს კვლავ აწუხებს ზურგი და შეუძლებელია დაზუსტებით იმის თქმა, შეძლებს თუ არა არნოლდი ჩვენს დახმარებას. ცხადია, მას სურს მოედანზე გასვლა, თუმცა ჩვენ მის მდგომარეობას უნდა დავაკვირდეთ.

რამდენიმე კვირის წინ პრობლემები ჰქონდა ჯერდან შაჩირის, თუმცა ახლა ის თავს გაცილებით უკეთ გრძნობს. ის მაინც ხვდებოდა განაცხადში, რადგან დიდი არჩევანი არ გვქონდა. ახლა კი შაჩირი ვარჯიშობს და ჩვენთან ერთადაა. მომავალი შეხვედრისთვის ის მზად უნდა იყოს.

ტრავმა არც ჯო გომესს აწუხებს. ის 15 კვირა ვერ გვეხმარებოდა, ახლა კი მზადაა სრული დატვირთვით ივარჯიშოს. ჩემბერლენის შემთხვევაში კი კვლავ ვფრთხილობთ. ვფიქრობ, მომდევნო კვირიდან ისიც გუნდთან ერთად იქნება.” – განაცხადა კლოპმა.

როგორც იცით, ეგვიპტის ნაკრებში არ გამოიძახეს მოჰამედ სალაჰი. მომომ სანაკრებო შესვენების დროს მცირე შვებულებაც აიღო და მელვუდში სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.