ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში “ლივერპული” საკუთარ მოედანზე “ბარსელონას” დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ჯერ კიდევ შაბათს, კლოპმა განაცხადა, რომ ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებდა რობერტო ფირმინო. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კი გაირკვა, რომ კატალონიურ გრანდთან გუნდს ვერც მოჰამედ სალაჰი დაეხმარება :

“დიახ, ისინი თამაშს ვერ შეძლებენ. მომო თავს კარგად გრძნობს, თუმცა ექიმების რეკომენდაციით, მას თამაშის საშუალებას ვერ მივცემთ. 

პირველ შეხვედრაში 3:0 დავმარცხდით და ახლა ნამდვილად არ ვიმყოფებით სასურველ სიტუაციაში. ვეცდებით ეს მატჩი მოვიგოთ, ვნახოთ მოვახერხებთ თუ არა მომდევნო ეტაპზე გასვლას. 

საკმაოდ გრძელი სეზონი გამოვიდა და ჯერ კიდევ გვაქვს მცირე შანსი ის კიდევ უფრო განსაკუთრებული გავხადოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, მხოლოდ 2 საშინაო მატჩი დაგვრჩა და განვლილი საოცარი სეზონი მოედანზე კარგი თამაშით უნდა აღვნიშნოთ.” – განაცხადა კლოპმა.