დღეს პოლონეთში სტარტს აიღებს 20 წლამდელთა მსოფლიო თასი, რომელიც ცნობილია როგორც მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი.

დასაწყისშივე გეტყვით, რომ აღნიშნულ ტურნირზე ვერ მოხვდნენ ბრიტანული ნაკრებები, რამაც ტურნირზე პრემიერლიგის წამყვანი გუნდების ფეხბურთელთა ოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირა. მაგალითისთვის, იუნაიტედი ერთი ფეხბურთელით არის წარმოდგენილი, სიტი – 2 , ჩელსი – 0 , არსენალი – 0 , ტოტენჰემი – 0.

მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთელთა დიდი ოდენობით არც ლივერპული დაიკვეხნის, თუმცა მაინც არის ერთი ფეხბურთელი, რომელიც ლივერპულის გულშემატკივართა დიდ ნაწილს დავიწყებული ჰყავს.

საუბარი გვაქვს, 19 წლის მარცხენა მცველზე, ანდერსონ აროიოზე, რომელიც კოლუმბიის ნაკრების 4 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. მისი გუნდი დღეს პირველ მატჩს მასპინძელი პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს. A ჯგუფში ასევე არიან სენეგალი და ტაიტი. ალბათ ამ ჯგუფზე ბევრს გაახსენდა გასული მუნდიალი.

აროიო ლივერპულმა 18 წლის ასაკში მოიყვანა. მას 16 წლის ასაკში ჰქონდა კოლუმბიის ჩემპიონატში დებიუტი და რამდენიმე ევროპული გრანდის ინტერესებში იყო. იურგენ კლოპმა ის მოყვანისთანავე ესპანეთში, კერძოდ მალიორკაში გაუშვა. “მალიორკამ” ახალგაზრდა კოლუმბიელს “მალიორკა 2”-ში გაატარებინა მთელი სეზონი, რის გამოც ლივერპულმა 2 წლიანი იჯარა შეწყვიტა და ფეხბურთელი გენტში გაანათხოვრა, თუმცა აროიოს გენტშიც მხოლოდ რეზერვებში მოუწია ყოფნა. მიუხედავად ამისა, ბელგიურ გუნდს ფეხბურთელის გამოსყიდვა სურს.

ანდერსონ აროიო პოზიციით მარცხენა მცველია, თუმცა მარჯვენა მცველის პოზიციაზეც თავისუფლად შეუძლია თამაში. სავარაუდოდ ეს ტურნირი გადაწყვეტს კოლუმბიელი ფეხბურთელის ლივერპულში ყოფნის საკითხს.