გვიან ღამით ვირჯილ ვან დეიკი PFA(პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ) ოფიციალურად დაასახელა წლის საუკეთესო მოთამაშედ.

აღნიშნული ჯილდოსთვის ჰოლანდიელი მცველის გარდა თანაგუნდელი სადიო მანე, რაჰიმ სტერლინგი, ბერნარდუ სილვა, სერხიო აგუერო და ედენ აზარიც იბრძოდნენ.

– როგორი გრძნობაა გახდე სეზონის საუკეთესო მოთამაშე? 

– რთულია ეს სიტყვებით გადმოსცე. ვფიქრობ, ეს ყველაზე დიდი ჯილდოა, რომლის მიღებაც მოთამაშეს შეუძლია, რადგან შენ საუკეთესოდ გასახელებენ ის ფეხბურთელები, რომელთა წინააღმდეგაც ყოველ კვირა თამაშობ. ეს ნამდვილად განსაკუთრებულია და მე ძალიან ამაყი ვარ.

– პრემიერ ლიგის ისტორიაში, ეს ჯილდო მხოლოდ ორმა მცველმა მოიგო. ეს ფაქტორი უფრო განსაკუთრებულად ხომ არ აქცევს ამ წარმატებას ? 

– ცხადია, ეს განსაკუთრებულია. ამ ლიგაში ხომ დაუჯერებლად ძლიერი თავდამსხმელები და გამთამაშებლები თამაშობენ. შეხედეთ ნომინანტებს და მათ დონეს.

– მიმოიხილეთ განვლილი სეზონი…

– მთელი სეზონის განმავლობაში, თავს დიდებულად ვგრძნობდი. ჩვენ ბევრი მატჩი მოვიგეთ და ახლა ტიტულისთვის “მან. სიტის” ვუწევთ კონკურენციას. ასეთ დროს სტაბილურობა ყველაზე მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, თანაგუნდელების გარეშე ასეთ წარმატებას ვერ მივაღწევდი. ახლა კი წინსვლა უნდა განვაგრძოთ.

– რა იყო “ლივერპულის” წარმატებული დაცვის საკვანძო ფაქტორი ?

– ჩემი აზრით, ასეთ შედეგს იმიტომ მივაღწიეთ, რომ თავს ერთად ვიცავთ. ყველაფერი წინ, შემტევების მოქმედებით იწყება. დაუჯერებელია ის თუ როგორი წნეხის ქვეშ აქცევენ ისინი მეტოქის მცველებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მეტოქე მათ გასცდება, აუცილებლად გახდება ნახევარდაცვის სამიზნე. ეს კი მცველებსა და მეკარეს საქმეს გვიადვილებს.

– შარშან ეს ჯილდო მოჰამედ სალაჰმა მიიღო. რას აკეთებს იურგენ კლოპი ფეხბურთელებისგან მაქსიმუმის მისაღებად ? 

– ის რწმენას გვაძლევს. ფანები პირველივე დღიდან მხარს გვიჭერენ და ყოველთვის ჩვენ ერთად არიან. “ლივერპულის” წარმატებაში წვლილი ყველას მიუძღვის – თანაგუნდელებს, სტაფს, ხალხს, ვინც სტადიონსა და ბაზაზე მუშაობს, ყველას, ვინც გვარწმუნებს, რომ მომდევნო მატჩისთვის მზად ვართ… ეს სწორედ მათი დამსახურებაა. იმედი მაქვს, ამ ყველაფრის შედეგი მოგებული ტიტულები იქნება.

– მწვრთნელი ამბობს, რომ შეგიძლია კიდევ უფრო უკეთესი მოთამაშე გახდე…

– ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი ახლანდელი ფორმით, სტაბილურობით… ძალიან შორს ყურება არ მჭირდება. ჩვენ პრემიერ ლიგისთვის ვიბრძვით, ჩემპ. ლიგის 1/2 ფინალში კი დავუპირისპირდებით გუნდს, რომლის რიგებშიც ალბათ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს. ახლა სწორედ “ბარსელონაზე” ვართ კონცენტრირებულნი, შემდეგ კი რთული გასვლა გველის “ნიუკასლთან”. ასე რომ, შორს ყურება არ მჭირდება. მხოლოდ “ლივერპულთან” ერთად წარმატების მიღწევაზე ვფიქრობ.

– შენ თქვი, რომ გსურს “ლივერპულის” ლეგენდა გახდე. რა უნდა გააკეთო ამ წოდების მისაღებად ?

– იმედი მაქვს, ასე თამაშს განვაგრძობთ და ტიტულებს მოვიგებთ. ყველა ფეხბურთელს სურს ტიტულების მოგება. ამისთვის ყოველდღიურად ბევრს ვშრომობთ და იმედია, მიზანს მალე მივაღწევთ.