“ლივერპულის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვირჯილ ვან დაიკმა საკუთარი თანაგუნდელის, ნაბი კეიტას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. როგორც იცით, ფეხბურთელს ბოლო ორ შეხვედრაში უკვე ორი გოლი დაუგროვდა. ეს ფაქტი არც “წითლების” მესამე კაპიტანს გამოჰპარვია, რომელმაც თქვა:

ნაბი ფანტასტიური ფეხბურთელია და ამას ყოველდღე ვხედავთ. მისი ძირითადში თამაშით მე კმაყოფილი ვარ. ბოლო ორ შეხვედრაში ორი გოლი კეიტასთვის სასიხარულოა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისთვის. მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ.

რა თქმა უნდა, ვიცოდით რომ პორტუსთან რთული თამაში იქნებოდა და კმაყოფილი ვარ ორი გატანილი გოლითაც, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, რომ კარი მშრალად შევინახეთ. ჩვენ გვაქვს საფუძველი, რაზეც უნდა ავაშენოთ. ვითამაშეთ კარგი თამაში და უმაღლესი დონის პრესინგი.

მათ ჰქონდათ რამოდენიმე სახიფათო მომენტი, მაგრამ საგანგაშო – არაფერი. ჩვენ უკეთესები ვიყავით, განსაკუთრებით კი მეორე ტაიმში. სასიხარულოა, რომ საკუთარ თამაშს ვთამაშობთ. პორტუგალიაში რთული თამაში გველის, რადგან მათ ჩვენსავით კარგი გულშემატკივრები ჰყავთ, ამიტომ მოუთმენლად ველი განმეორებით შეხვედრას” – ციტირებს ვან დაიკის სიტყვებს ოფიციალური ვებ-გვერდი.