ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე კატალონიის “ბარსელონა” მიიღო. მერსისაიდელებმა მეტოქე 4:0 დაამარცხეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.

მოგვიანებით იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა :

რა ადგილი დაიკავა ამ შეხვედრამ კლოპის კარიერაში…

ეს ძალიან განსაკუთრებული საღამოა. “ბარსელონას” დამარცხება ერთ-ერთი ურთულესი საქმეა. 4 გოლი უნდა გაგვეტანა ისე, რომ საკუთარი კარი მშრალად შეგვენახა. ვცდილობდით ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ გაგვეკეთებინა. ის რაც ბიჭებმა გააკეთეს – ეს არის დიდი გულისა და საფეხბურთო უნარების ნაზავი. ეს დაუჯერებელია… პირველ მატჩამდეც ვიცოდით, რომ თუკი მომენტებს ვერ გამოიყენებ, მაშინ აუცილებლად დაისჯები. დღეს ჩვენ სხვადასხვა გზით გავიტანეთ, თამაშამდე ბიჭებს ვუთხარი : “არ ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია, მაგრამ მოედანზე თქვენ გადიხართ და ვთვლი, რომ შანსი გაქვთ. ეს დაუჯერებელია განსაკუთრებით იმ საოცარი სეზონის შემდეგ, რომელიც გვქონდა. შეგიძლიათ იკითხოთ რამდენმა დადო თუნდაც 1 ცენტი ჩვენს მოგებაზე, ალბათ, ბევრ ასეთ ადამიანს ვერ ნახავთ. ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ გუნდს ვწვრთნი. ეს დღე არასდროს დამავიწყდება. არ ვიცი ადრე თუ მომხდარა ასეთი რამ და არც ის ვიცი, კიდევ თუ მოხდება.

მხოლოდ ორი მატჩი და სავარაუდო ორი ტიტული…

ფინალში შარშანაც ვიყავით, თუმცა ის, რაც კიევში მოხდა ბრწყინვალე ნამდვილად არ იყო. ახლა საფინალო მატჩამდე 3 კვირა გვაქვს და ეს თითქოს საზაფხულო პრე-სეზონია. ცხადია, პრემიერ ლიგაში დღეს არაფერი შეცვლილა. ადრეც ვიცოდით, რომ ბოლო ტურში “ვულვზი” უნდა დავამარცხოთ და შემდეგ ვნახოთ რა მოხდება. დღეს დატვირთული მატჩი გვქონდა – ბობის, მომოსა და ნაბის გარეშე. ოქსი კი განაცხადში არ იყო, თუმცა იმედია კვირას ის ჩვენთან ერთად იქნება. მძიმე დარტყმები მიიღეს ჰენდომ და რობომაც. იმავეს თქმა შეიძლება სადიოსა და ვირჯილზეც. ვფიქრობდი 11 კაცით თუ შევძლებდით შეხვედრის დამთავრებას, ახლა კი მოდით ძვლები მოვაგროვოთ და “ვულვზთან” ბრძოლისთვის მოვემზადოთ.

“ლივერპულის თამაში”…

ადრე ასეთი 1-2 საღამო გვქონდა. ვფიქრობ, რომ წინა კვირას უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე ამაზე ანგარიში მეტყველებდა და იმავეს თქმა შეიძლება დღეს “ბარსელონაზე”. მაგრამ ეს ფეხბურთია და შენ გოლების გატანა გევალება. ისიც ვიცი, რომ ასეთ დროს იღბალიც გჭირდება, ან ტრენტის მსგავსი ჭკვიანური მოქმედება. დავინახე როგორ მიდიოდა ბურთი კარში, მაგრამ ვერც კი გავანაალიზე ვინ ჩააწოდა ან ვინ დაარტყა. ღმერთო, ის გენიოსია.

ტრიბუნის გავლენა შედეგზე…

ჩვენ ვიცით, რომ ეს კლუბი არის ატმოსფეროს, ემოციის, სურვილისა და საფეხბურთო ხარისხის ნაზავი. ამოიღეთ ერთ-ერთი და ნახავთ, რომ ის აღარ იმუშავებს. ეს დიდი გულია, რომელიც დღეს გაგიჟდა. შესაძლოა ეს გესმოდათ  ან გრძნობდით კიდეც მთელი მსოფლიოს გარშემო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შეგვიძლია ხალხს ასეთი საღამო ვაჩუქოთ.

სჯეროდა თუ არა მისი ფეხბურთელების…

როგორ უნდა იყო დარწმუნებული შეხვედრის დაწყებამდე ? დიახ, მათ ვუთხარი : “ჩემი აზრით, ეს შეუძლებელია, მაგრამ თქვენ შანსი გაქვთ”. არ ვადარებთ ამ საღამოს სტამბულის ფინალს ან რაიმე სხვას. თავიდანვე ვთქვით – ჩვენ საკუთარი ისტორიის დაწერა გვსურს. იმიტომ კი არა, რომ არ ვამაყობთ ასეთი ისტორიით, უბრალოდ, დროა ამ ისტრორიის ახალი თავები დავწეროთ. ვიცი რას ამბობს ხალხი ჩემზე, წაგებულ ფინალზე და მე ამასთან პრობლემა არ მაქვს. ახლა კიდევ ერთი შანსი გვაქვს და რაც არ უნდა მოხდეს, ეს განსაკუთრებულია. ეს ბიჭები პროფესიონალები არიან, მატჩის შემდეგ მათ თვალებზე ცრემლები დავინახე. ეს დიდებულია, მე ეს მიყვარს.