შაბათს “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლონდონის “ტოტენჰემს” დაუპირისპირდა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

გოლები მოჰამედ სალაჰმა და დივოკ ორიჯიმ გაიტანეს. ამგვარად, მერსისაიდელებმა ისტორიაში მეექვსედ მოიგეს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი.

მოგვიანებით იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა :

მატჩის შეფასება…

ბევრ ფინალში მიმიღია მონაწილეობა და ყველა მათგანში ჩემი გუნდი უკეთესს ფეხბურთს თამაშობდა. ახლა კი ორივე კლუბს გვიწევდა 3 კვირიანი შესვენების შემდეგ თამაში – ასეთ დროს მნიშვნელოვანია რიტმი არ დაკარგო. ცხადია, ინგლისური გუნდებისთვის აქ სხვანაირი გარემო იყო. ფინალში მთავარი შედეგია და დღეს ჩვენ საკუთარი გამოცდილება უნდა გამოგვეყენებინა.

თავადაც ნახეთ როგორ ბლოკავდნენ ბიჭები გადამწყვეტ ბურთებს, ალისონმა კი რამდენიმე ბრწყინვალე სეივი შემოგვთავაზა. როგორც წესი, დღემდე, მე უფრო ადრე მიწევდა აქ დაჯდომა და საუბარი თუ რატომ წავაგეთ, დღეს კი არ ვაპირებ მოგების მიზეზებზე საუბარს. ეს არაა მნიშვნელოვანი, უბრალოდ, ამ გამარჯვებით სიამოვნება უნდა მივიღოთ.

უკანასკნელ 6 შემთხვევაში მე სახლში ვერცხლის მედლით დავბრუნდი. ახლა კი ყველაფერი სხვაგვარადაა. ეს დიდებულია ჩემი ოჯახისთვის, ფანებისთვის… ასევე, მფლობელებისთვის, რადგან ისინი არასდროს გვაქცევენ წნეხის ქვეშ. ისინი აფასებენ ჩვენს ეტაპობრივ განვითარებას. და რა თქმა უნდა, ფეხბურთელები… დღეს თითქმის ყველანი ვტიროდით მოედანზე, რადგან ძალიან ემოციური საღამო იყო.

ვიცი რას გრძნობს ახლა “ტოტენჰემი”, ყველაზე კარგად ვიცი ეს როგორია… მათ საოცარი სეზონი ჰქონდათ და წარმატების მიღწევას ისინიც იმსახურებდნენ. მატჩის შემდეგ მაურისიო პოჩეტინოს ვუთხარი, რომ შეუძლია თავისი გუნდით იამაყოს.

რითი არის ყველაზე მეტად კმაყოფილი…

მე ბედნიერი ვარ ჩემი ბიჭების წარმატებით. ვიცი რასაც ამბობს ხალხი ამ გუნდის ზოგიერთ მოთამაშეზე – ჯორდან ჰენდერსონი გამარჯვებული გუნდის კაპიტანია და ესეც სასიამოვნოა. მილნერმა ეს 33 წლის ასაკში შეძლო, გარდა ამისა, ის გასახდელშიც ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია. არაა მნიშვნელოვანი თასთან ჩემი შეხება, მე შემიყვარდა ის სცენები როცა ეს ჩემმა მოთამაშეებმა გააკეთეს. მათ მომცეს ყველაფერი, რაც მჭირდებოდა.

რას ნიშნავს ეს მოგება პირადად მისთვის…

2 დღის წინ ჩემს “უიღბლო” კარიერაზე ვსაუბრობდით. დიახ, ხალხი ამას ასე ხედავს, თუმცა მე თავს სხვაგვარად ვგრძნობ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის გზა, რომელსაც ფინალამდე გავდივარ. დიახ, ჩვენ გვსურს ტიტულების მოგება. ეს ამ გუნდისთვის მხოლოდ დასაწყისია, საუკეთესო წლები ამ ბიჭებს ჯერ კიდევ წინ აქვთ. მე ვერცხლის მედლები მქონდა, ახლა კი მათ გვერდით ოქროსაც დავკიდებ, მთავარი ისაა, რომ ამით ხალხს მოვუტანეთ ბედნიერება.

მომდევნო წელს ფინალი სტამბულში გაიმართება…

უეფას უკვე ვუთხარი – ჩვენ იქ ვიქნებით ! დიახ, ვიტყოდი, რომ ჩვენი მიზანია კვლავ მივაღწიოთ წარმატებას ამ ქალაქში, თუმცა ეს რთული იქნება.

გუნდური წარმატება…

ჩემი საქმე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებაა, ამ გზით ფეხბურთელებს მეტ თავისუფლებას ვაძლევ. მე სწორედ ასე მესმის ეს. ბედნიერი ვარ ამ ბიჭების წარმატებით, მაგრამ შეხედეთ სამწვრთნელო შტაბსაც – რა გააკეთეს მათ მთელი სეზონის განმავლობაში, ჯერ კიდევ ევიანში ყოფნისას, როცა ახალი მოთამაშეები შემოგვიერთდნენ. ვიცოდით, რომ მათ დრო დასჭირდებოდათ, თუმცა მიუხედავად ამისა, თამაშები უნდა მოგვეგო.

97 ქულა ჩემპიონატში და მოგებული ჩემპიონთა ლიგა – საოცარია ! შარშან წაგებული ფინალის მერე, სახლში დავბრუნება კარგი ნამდვილად არ იყო, ჩემი ერთ-ერთი მეგობარი კი მღერის და ერთად დავდეთ დაპირება, რომ მომავალ წელს თასს დავიბრუნებდით (We saw the European Cup, Madrid had all the luck, we swear we’ll keep on being cool, we’ll bring it back to Liverpool).  იმ მომენტში ალბათ არავინ ფიქრობდა, რომ ეს შესაძლებელი იყო… თითქოს ეს მხოლოდ ხასიათის გამოსაკეთებლად ყოფილიყო, მაგრამ ეს ნამდვილად მოხდა.