პრემიერ ლიგის 33-ე ტურში “ლივერპული” გასვლაზე “საუთჰემტონს” დაუპირისპირდა. შეხვედრა მერსისაიდელთა გამარჯვებით 1:3 დასრულდა.

მოგვიანებით იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა :

განვლილი მატჩი...

ვიცით თუ რამდენად კარგი გუნდი გახდა “საუთჰემპტონი” რალფის მოსვლის შემდეგ. ვიცოდით რაოდენ რთული შეხვედრაც გველოდა. მეტოქე 5-4-1 სისტემით თამაშობდა, ჩვენ კი საკმარისად ზემოთ ვერ ავწიეთ ხაზი, რის გამოც ფაბინიო ლონგსა და რედმონდთან მარტო რჩებოდა, თითოეულ დაკარგულ ბურთს კი კონტრშეტევა მოჰყვებოდა, რადგან ისინი უკეთეს პოზიციაში იმყოფებოდნენ. მათ დამსახურებული გოლიც გაიტანეს, თუმცა ამის შემდეგ, ჩვენ შედარებით მოვერგეთ მათ ტაქტიკას, შევქმენით მომენტები და გავათანაბრეთ ანგარიში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

მეორე ნახევარი მეტოქემ ასევე “ცოცხლად” დაიწყო, თუმცა შემდეგ მოედანზე ორი ენერგიით სავსე მოთამაშე გამოვიყვანეთ და ვიტყოდი, რომ ეს ძალიან დაგვეხმარა. მათ ბიძგი მისცეს მთელს გუნდს, ისინი ამას აკეთებენ როგორც მოედანზე, ისე გასახდელში. ჩვენ ორი მსოფლიო კლასის გოლი გავიტანეთ. მინდა აღვნიშნო, რომ 1:1 იყო ანგარიში და ორივე გოლი კონტრშეტევაზე გავიტანეთ.

სალაჰის გოლი…

არასდროს მიფიქრია, რომ სალაჰი დიდებული მოთამაშე არ იყო. როგორც გავიგე, დღეს მან “ლივერპულის” მაისურით პრემიერ ლიგაში 50-ე გოლი გაიტანა – ეს საოცარი რიცხვია. მომოს ჰქონდა მომენტები, თუმცა ყველა თავდამსხმელი ხომ ადამიანია – ზოგჯერ საქმე კარგად გამოგდის, ზოგჯერ კი არა… ის ყოველთვის მშვიდი იყო და უმკლავდებოდა სიტუაციას. კარგია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, მან კვლავ გაიტანა.

ჰენდერსონის უფრო შემტევი როლი…

ამ საკითხზე ჩვენ ვისაუბრეთ, ამ პოზიციაზე მან ნაკრებში ითამაშა და საკმაოდ კარგადაც გამოიყურებოდა. ამასთანავე, მას 6 ნომრის პოზიციაზეც არაერთი საოცარი მატჩი აქვს ჩატარებული. დღეს მან ახალი როლი პირველად მოირგო და გოლიც გაიტანა – ნამდვილად კარგი ნიშანია.

კეიტას პირველი გოლი…

გასახდელში ყველა ბედნიერი იყო, მას არაერთმა თანაგუნდელმა მიულოცა. მოედანზე კი უბრალოდ ბიჭებმა გადაწყვიტეს, რომ არ ღირდა გოლის გიჟურად აღნიშვნა, რადგან საქმე კიდევ იყო გასაკეთებელი. ნაბი დღეს ძალიან დაგვეხმარა.

“საუთჰემპტონის” პროგრესი ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ…

ადრეც ვთქვი, როცა მატჩამდე მეტოქის თამაშს ვაანალიზებდით, რომ რთული დაპირისპირება გველოდა. რალფი განსაკუთრებულ საქმეს აკეთებს. მისი გუნდი ბრწყინვალედ არის ორგანიზებული და მათ წინააღმდეგ თამაში ნამდვილად არაა ადვილი.

არნოლდის შეცვლა…

უბრალოდ, სათადარიგოთა სკამზე მილნერი გვყავდა, ტრენტმა კი თითქმის ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მათ 98%-ში ბრწყინვალე იყო. დღეს, ერთ-ერთი ასეთი საღამო ნამდვილად არ იყო, თუმცა ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან სხვა ვარიანტებიც გვქონდა და გამოვიყენეთ კიდეც ის. იმავეს თქმა შეიძლება ვეინალდუმზეც.