ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “პორტუ” მიიღო. მერსისაიდელებმა მეტოქე 2:0 დაამარცხეს.

მოგვიანებით იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა :

თამაში და შედეგი…

კარგი მატჩი გამოვიდა, მომენტების უმეტესობას ჩვენ ვაკონტროლებდით და დამსახურებულადაც გავიმარჯვეთ. ორი შესანიშნავი გოლი გავიტანეთ და მთელ რიგ მომენტებში საკმაოდ სახიფათონიც ვიყავით – განსაკუთრებით მარჯვენა ფლანგზე, სადაც მომო, ჰენდო და ტრენტი იყვნენ. მთლიანობაში, კარგი თამაში ვაჩვენეთ. “პორტუ” კარგი გუნდია და შანსები მათაც ჰქონდათ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, როცა 1-2 კონტრშეტევა “გამოგვეპარა”, თუმცა თავის დაცვა მაინც შევძელით. ბედნიერი ვიქნებოდი თუკი სადიოს გოლიც ჩაითვლებოდა, რადგან ჩვენ ბრწყინვალე ეპიზოდი ვიხილეთ. ჯერ დამთავრებული არაფერია, უნდა ჩავიდეთ პორტუგალიაში და ვიბრძოლოთ – მეტოქე ყველაფერს გააკეთებს, რათა თამაშში დაბრუნდეს და ამისთვის ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. წინ რთული მატჩი გველის, თუმცა 1/4 ფინალში სხვაგვარად არც შეიძლება.

თავად სთხოვა თუ არა ჰენდერსონს უფრო მეტად შემტევი ფეხბურთი ეთამაშა…

კარგი იქნებოდა ფეხბურთელს რომ ვეუბნებოდე : “ასეთი პასი გააკეთე” და ჩვენ მაშინვე გოლი გაგვქონდეს. ჰენდო ბრწყინვალე ფეხბურთელია და ბედნიერი ვარ, რომ მან ამის ჩვენება შეუძლია. მას მოსწონს ახალი როლი, ჩემს გამო კი 1,5 წელი “ექვსიანზე” თამაშობდა. ამისთვის ბოდიშს ვუხდი, მაგრამ ჩვენ ასე გვჭირდებოდა. დღეს არაერთმა მოთამაშემ შემოგვთავაზა ბრწყინვალე პერფორმანსი. პირველი მატჩი უკვე ჩავლილია, ახლა ერთმანეთზე უფრო მეტი ვიცით..

კეიტას თამაში… 

ვფიქრობ, თავიდან ნაბის არ უმართლებდა, თუმცა შემდეგ თავისი თამაში იპოვნა. ბოლო მატჩებში ის უფრო და უფრო უკეთესს თამაშს გვთავაზობდა. ის დღესაც კარგად გამოიყურებოდა – ბევრს შრომობდა, კარგ პასებს აკეთებდა და რაც მთავარია, გაიტანა ბრწყინვალე გოლი.

მეორე ტაიმი…

ჩვენ ბოლო ხაზში რამდენიმე შეტევის მოგერიება მოგვიხდა, საქმეს თავი ნამდვილად კარგად გავართვით. თავადაც ნახეთ, რომ მეტოქეს ფიზიკურად ძლიერი თავდამსხმელი ჰყავდა, რომლის წინააღმდეგ თამაშიც ადვილი არაა. გავიგე, რომ ის ავადაც კი იყო და როცა ის ჯანმრთელი იქნება, უფრო რთულ მოწინააღმდეგედ იქცევა. დღეს ვცდილობდით გვეკონტროლებინა თამაში და ამავდროულად მუდმივად შეგვექმნა “პორტუსთვის” საფრთხე. ეს თითქმის იდეალურად გამოგვივიდა.

მატჩის მსვლელობა და შეფასება

ყველაფერი კარგადაა. ხანდახან არის მომენტები, როცა დაცვის ხაზში კარგად უნდა ითამაშო და ბურთი წინ აიტანო.  ჩვენ აღნიშულ თამაშს ბოლომდე ვაკონტროლებდით. მეორე ტაიმში ბევრი მომენტი შევქმენით და შესაძლოა უფრო მეტიც გაგვეტანა, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა. ანგარიშის შენახვის უამრავი მეთოდი არსებობს და ამის გაკეთება ბურთის კონტროლით საუკეთესო გზაა. უკანა ხაზში უბრალოდ ძალიან მაგრები ვიყავით. ბურთის დაკარგვის შემთხვევაში ბიჭები სწრაფად ცდილობდნენ მის დაბრუნებას, გვქონდა საუკეთესო კონტრ-შეტევები ასე რომ მე კმაყოფილი ვარ. საუთჰემპტონში გარკვეული პრობლემები შეგვექმნა, თუმცა პორტუსთან ამ პრობლემების ბოლომდე აღმოფხვრა შევძელით. ვაჩვენეთ ორი განსხვავებული ტაიმი და მიხარია, რომ ყველაფერი კარგადაა. 2-0 მშვენიერი ანგარიშია. მატჩის წინ ამ შედეგს თუ ვინმე შემომთავაზებდა, მე აუცილებლად ვიყიდდი მას.