პრემიერ ლიგის 34-ე ტურში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე ლონდონის “ჩელსი” მიიღო. მერსისაიდელებმა მეტოქე 2:0 დაამარცხეს.

გოლები სადიო მანემ და მოჰამედ სალაჰმა გაიტანეს. მოგვიანებით იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა :

რა შეცვალა მან მეორე ტაიმში…

შესვენებაზე ჩვენ ვისაუბრეთ, ბიჭებს რამდენიმე ფოტო ვაჩვენეთ. პირველ ნახევარშიც კი გარკვეული ასპექტები კარგი იყო, მაგრამ გვქონდა მცირე პრობლემა – ქარი საპირისპირო მხარეს ქროდა, მეორე ტაიმში კი ის უკვე ზურგის მხარეს იყო. თავადაც ნახეთ, რომ ამასთან გამკლავება მეტოქესაც გაუჭირდა. თავდაპირველად უფრო მარცხენა ფლანგზე ვდომინირებდით და შესვენებაზე ბიჭებს ვუთხარი, რომ მარჯვნივაც ასევე მოქნილები უნდა ვყოფილიყავით. ასეც მოხდა და ფანტასტიური გოლიც გავიტანეთ. მეორე გოლიც ასევე შესანიშნავი იყო. თუ არ ჩავთლით 10 წუთიან მონაკვეთს, როცა “ჩელსიმ” სათამაშო სისტემა შეცვალა და მომენტები შეგვიქმნა(და როცა ალისონმა გვიხსნა), ჩვენ თამაშს ვაკონტროლებდით. საბოლოო ჯამში, ვიტყოდი, რომ ფანტასტიურად ვითამაშეთ, კიდევ უფრო უკეთესი ატმოსფერო შევიგრძენით და ძალიან, ძალიან მნიშვნელოვან შედეგს მივაღწიეთ.

როგორ უნდა ყოფილიყო მისი გუნდი უფრო მოქნილი…

ვსაუბრობ მარჯვენა ფლანგზე, პოზიციურ თამაშზე… აქ ჩვენ სამი მოთამაშე გვყავდა – ჰენდო, ტრენტი და მომო. მოს შეეძლო დანარჩენილი ორისთვის სივრცეები შეექმნა. მაგრამ თუ მხოლოდ მარცხენა და მარჯვენა ფლანგებზე ვისაუბრებთ, ვიტყვი, რომ ის, რაც ფაბიმ, ბობიმ და ორმა ნახევარმცველმა გააკეთეს, იყო ერთ-ერთი საუკეთესო თამაში რაც კი ოდესმე მინახავს. ეს ნამდვილად რთული იყო, დიახ, ველოდით, რომ აზარი 9 ნომრის პოზიციაზე იქნებოდა, თუმცა ამისთვის მომზადებაც სირთულეს წარმოადგენს, რადგან ვარჯიშის დროს ჩვენ არ გვყავს ედენის დონის ბევრი ფეხბურთელი. თუკი ის ცენტრში ბურთს მიიღებდა, მაშინ საკმაოდ დიდ საფრთხესაც შეგვიქმნიდა. საფეხბურთო თვალსაზრისით, შეხვედრის უმეტეს ნაწილში სწორედ ჩვენ ვდომინირებდით. გულახდილად რომ ვთქვა, დღევანდელი თამაში ძალიან მომეწონა.

ფაბინიოს თამაში…

დღეს სამივე ნახევარმცველი კარგად გამოიყურებოდა. ჩვენი გეგმა ასეთი იყო – ჰენდო შედარებით ზემოთ, ხაზებს შორის მოქმედებდა, ფაბის და ნაბის კი უფრო მეტი სივრცე ჰქონდათ. ცხადია, სარის ცენტრის წინააღმდეგ თამაში მარტივი არაა. ცხადია, ჩვენი გეგმა ყოველთვის ასეთი არაა, არ გვითქვამს, რომ ფირმინოს ჟორჟინიოს წინააღმდეგ უნდა ეთამაშა… დღეს ამ ბიჭებს დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდათ და ისინი ამას გაუმკლავდნენ.

სალაჰის გოლი…

ის ძალიან კარგად დავინახე, ძალიან ბედნიერი ვიყავი, ეს საოცარი შესრულება იყო, მაგრამ ვიტყოდი, რომ პირველმა გოლმაც არანაკლები ბედნიერება მომანიჭა. მან “ბორუსიას” კარში გატანილი გოლი გამახსენდა – უბრალოდ, ახლა მილის ნაცვლად ჰენდო იყო, დეიანის ადგილას კი მანე. ნამდვილად კარგად ვითამაშეთ.

წინ გადადგმული ნაბიჯი…

ადრეც ვთქვი, როცა ჩვენს ფორმაზე მკითხეთ, რომ პასუხი არის ფეხბურთში, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველა მოთამაშისთვის – ეს არის მუშაობა. დღეს შემტევი ტრიო განსაკუთრებულად გამოიყურებოდა. “ჩელსი” ტოპ გუნდია, ასეთ შეხვედრებს კი ისე ვეკიდებით, როგორც ჩემპიონთა ლიგის მატჩებს – ასეთ დროს კი თავს ვერ დაიცავ ფლანგების დახმარების გარეშე. ბიჭებმა დაუჯერებლად ბევრი იშრომეს და ჯილდოც მიიღეს.

ტიტულის მოგება…

ყველაფერს თამაშიდან თამაშამდე ვნახავთ. ახლა “პორტუს” უნდა დავუპირისპირდეთ, წინ რთული შეხვედრა გველის და ვეცდებით შეძლებისდაგვარად კარგად ვითამაშოთ. ვიცით, რომ მეტოქეს პეპე და ერერა დაუბრუნდება. ასე რომ, საინტერესო გამოწვევა იქნება. შემდეგ კი შევხვდებით “კარდიფს”, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის. უელსშიც მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ.

ჩვენ საკუთარი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, დღეს რომ “სიტის” წაეგო და ეს ამბავი ვინმეს შეხვედრის დაწყებამდე 5 წუთით ადრე ეთქვა, დაგვეხმარებოდა ? ნამდვილად არა. უბრალოდ გვსურს ქულათა მაქსიმალური რაოდენობა მოვიპოვოთ – ახლა 85 გვაქვს, ესე იგი, შეგვიძლია სეზონი 97 ქულით დავასრულოთ. იდეალური იქნება, თუკი ეს საკმარისი აღმოჩნდა, მაგრამ თუ სხვა შემთხვევაშიც კი ჩვენ ვეღარაფერს შევცვლით.

ძალიან ჭკვიან ხალხს შეუძლია თქვას : “შენ რომ “ლესტერთან” 3 ქულა აგეღო, ახლა ჩემპიონი იქნებოდი”. ასეთ რამეს მხოლოდ სუსტი ადამიანები ამბობენ. აქვე, შეგვიძლია ფეხის დაცდენის საკითხიც დავხუროთ – რობოს დაუცდა ფეხი, თუმცა არაფერი მომხდარა. ვამაყობ ამ ბიჭებით და მიყვარს “ენფილდის” ატმოსფერო.

ჰენდერსონის შეცვლა…

მას კოჭში ჩაარტყეს და ტკივილი აწუხებდა. მატჩის შემდეგ ის თავს კარგად გრძნობდა. სერიოზული არაფერია, მხოლოდ უმნიშვნელო ტკივილი.