პრემიერ ლიგის 35-ე ტურში “ლივერპული” გასვლაზე “კარდიფს” დაუპირისპირდა და მეტოქეს 2 უპასუხო გოლი გაუტანა.

თავი ჟორჟინიო ვეინალდუმმა და ჯეიმს მილნერმა გამოიჩინეს. მოგვიანებით იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა :

თამაში და შედეგი…

ისე ჩანს, თითქოს არ მატჩის დაწყებამდე არ გვაქვს იმის თქმის უფლება, რომ წინ რთული დაპირისპირება გველის. ეს არის მატჩი, სადაც აუცილებლად გჭირდება შრომა და ბრძოლა. ბურთი კარგად არ მოძრაობდა და გარემო პირობებიც იმ გუნდს უფრო აძლევდა ხელს, ვინც ბურთს ნაკლებად ფლობდა. ამ საკითხზე “სქაის” ბიჭებმა უკვე ისაუბრეს და ალბათ მეც შემიძლია კომენტარის გაკეთება. გამომშრალი მოედანი ფეხბურთის თამაშს ართულებს და ტრავმის მიღების რისკიც იზრდება. დროის უმეტესი ნაწილი, ბურთი სწორედ ჩვენ გვქონდა და 3 ბრწყინვალე მომენტიც შევქმენით, რომლებსაც, როგორც წესი, გოლით ვასრულებთ, თუმცა, ზოგჯერ სხვაგვარადაც ხდება. ასეთ დროს, საჭიროა მოთმინება გამოიჩინო, საქმეზე კონცენტრაცია არ დაკარგო და მორიგ შანსს დაელოდო.

კარგი შანსი ჰქონდა მორისონსაც, თუმცა როგორც მსაჯმა მითხრა, იმ ეპიზოდში ალისონის წინააღმდეგ თამაშის წესების დარღვევის დაფიქსირებას აპირებდა, ამიტომაც, გოლი არც ჩაითვლებოდა. ჩვენ სტანდარტულებისას თავს კარგად ვიცავდით და საკუთარ შანსებსაც ვიყენებდით. გოლიც ჭკვიანურად გავიტანეთ – პირველი ნახევრის გამოცდილება გამოვიყენეთ, შესვენებაზე ბიჭებმა ბურთის ასე გათამაშება გადაწყვიტეს. მეორე გოლი კი კონტრპრესინგს მოჰყვა, ალბათ, არავინ ფიქრობს, რომ იმ ეპიზოდში პენალტი არ უნდა დანიშნულიყო. მილიმ კი თავისი საქმე შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ფაბინიო თავს კარგად გრძნობს. იმ მომენტში, ის უნდა შეგვეცვალა, თუმცა ახლა ფაბი კარგადაა.

ვეინალდუმის გოლი…

სტანდარტულ მდგომარეობებზე ბევრს ვმუშაობთ. ვიცოდით, რომ “კარდიფი” შეტევაში სტანდარტულებს კარგად იყენებს, თუმცა დაცვაში მათ ამ მხრივ პრობლემები ჰქონდათ. ბიჭებმა ეს გამოიყენეს და შესანიშნავი გოლიც გავიტანეთ. დიახ, იმ მომენტში ჯინი თავისუფალი იყო, თუმცა ასე დარტყმაც არაა ადვილი საქმე.

სტანდარტულები…

წარსულში, მათ ჩვენ ვერ ვიყენებდით ასე ხშირად, ვიცოდით, რომ ეს ასპექტი უნდა გაგვეუმჯობესებინა. კომპლიმენტები ეკუთვნის ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საქმეში მიიღო მონაწილეობა – პიტერ კრავეცმა ძალიან დიდი შრომა ჩადო, მაგრამ საბოლოოდ, საქმე ბიჭებმა შეასრულეს. ჩვენ გვაქვს 2-3 მონახაზი, ვაკვირდებით როდის ექმნება მეტოქეს პრობლემები… მოედანზე ასეთი გადაწყვეტილებების მიღება რთულია, რადგან თითოეული ბურთის გათამაშებაში ბევრი მოთამაშე იღებს მონაწილეობას.

კლუბის ახალი რეკორდი – დაგროვილი ქულები პრემიერ ლიგაში…

ვნახავთ საბოლოოდ რამდენი ქულა გვექნება და რას მოგვიტანს ეს ყველაფერი. თუ მხოლოდ “წმინდა გრაალზე” ხარ ორიენტირებული, ესე იგი რაღაც რიგზე ვერაა. მოტივირებულები ვართ, რადგან ამ კლუბს წარმოვადგენთ, გვსურს მატჩები მოვიგოთ და ფანები ვასიამოვნოთ. სხვა შეხვედრებზე გავლენას ვერ მოვახდენთ, მხოლოდ საკუთარზე… შემდეგ მატჩში “ჰადერსფილდს” დავუპირისპირდებით. ვიცი მკითხავთ, ვფიქრობ თუ არა უკვე “ბარსელონაზე”…  არა, ახლა მხოლოდ “ჰადერსფილდზე” ვარ კონცენტრირებული.