პრემიერ ლიგის XXXVI ტურში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “ჰადერსფილდი” მიიღო და მეტოქე 5:0 გაანადგურა.

მოგვიანებით იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა :

სწრაფი სტარტი…

ჩვენ ეს წინასწარ გავაანალიზეთ, მეტოქის მოქმედება თუკი წნეხის ქვეშ მოვაქცევდით, ნაბის სისწრაფე, რომელიც რამდენიმე ნაბიჯში ახერხებს დიდი მანძილის დაფარვას. შესაბამისად, მეტოქე ცხადია გაოცდებოდა, რადგან 1 წამის წინ მის გარეშემო არავინ იყო, შემდეგ კი უცებ ბურთს კარგავდა. დიახ, ეს ნამდვილად ძალიან სწრაფი გოლი იყო. ვფიქრობ, მატჩის მიმდინარეობამ კარგად აჩვენა თუ როგორ გართულდებოდა მიზნის მიღწევა ასე თუ არ ვიმოქმედებდით. თავის დაცვაც მოგვიხდა, რაც შრომას მოითხოვს. “ჰადერსფილდმა” არაერთი კუთხური ჩამოაწოდა, ისინი ბურთს ჩვენს ნახევარზე აგორებდნენ… საბოლოო ჯამში, ვიტყოდი, რომ საქმეს თავი კარგად გავართვით და შესანიშნავი გოლები გავიტანეთ – სწორედ ასე უნდა ითამაშო გუნდის წინააღმდეგ, რომელიც დიდი ძალებით იცავს თავს. ბრწყინვალე საღამო გამოვიდა.

კეიტას გაბრწყინება და ოქსის დაბრუნება – გუნდი უფრო გაძლიერდა

ხალხის აზრით, ახაწლვეული მოთამაშე პირველივე დღიდან აჩვენებს ყველას თუ რაოდენ მაგარია. კარგი იქნებოდა, ყველაფერი ასე ადვილად რომ ხდებოდეს. ნაბის დრო სჭირდებოდა და მიიღო კიდეც. დღეს მისთვის საუკეთესო მატჩი იყო, ძალიან ბევრი კუთხით – საჭიროებისამებრ მშვიდი და საჭიროებისამებრ აგრესიული, გადაცემები, ბლოკები, მომენტების შექმნა … ნაბიმ ბრწყინვალედ ითამაშა. ოქსი კი 1 წლის შემდეგ დაბრუნდა, ჩვენ ძალიან, ძალიან ვფთხილობდით. მას ჰქონდა მცირე პრობლემები, თუმცა ახლა მზადაა. მას დღეს სეზონის საუკეთესო გოლის გატანაც შეეძლო.

იყო თუ არა მოულოდნელი მანეს ასეთი შედეგიანობა…

არა, მას ყოველთვის ეტყობოდა, რომ ამის გაკეთება შეეძლო, უბრალოდ, ადრე უფრო მომენტების შექმნაზე იყო ორიენტირებული. ამ სეზონში ვნახეთ, რომ შეუძლია “ცხრიანიც” იყოს. ახლა, ამ პოზიციაზე სწორედ ბიჭების დამსახურებით ვართ. ვერც სადიო გაიტანდა თუკი თანაგუნდელები ამაში არ დაეხმარებოდნენ.

რას ამბობს გუნდზე დაგროვებული 91 ქულა…

ვიცი საუბარი საითკენაც მიგყავთ. 91 ქულა ნამდვილად სიგიჟეა, თუმცა ეს შესაძლებელი იყო, რადგან ბიჭებმა ასე ითამაშეს. ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ დარჩენილი მატჩებიც მოვიგოთ. რატომ უნდა ვიფიქროთ “სიტის” ჩაგდებულ შეხვედრაზე ? წინ “ნიუკასლთან” დაპირისპირებაა, ეს მათი ბოლო საშინაო შეხვედრა იქნება ამ სეზონში. არ ვფიქრობ, რომ ამ ორ გუნდს ტრადიციულად კარგი ურთიერთობა აქვს. ცხადია, ისინი ბოლომდე იბრძოლებენ. ამისთვის კი მზად უნდა ვიყოთ. შემდეგი კი “ვულვზია”, მათ წინააღმდეგ თამაშიც ძალიან რთულია და ეს არამხოლოდ “არსენალმა” იცის – ამ სეზონში ეს ბევრმა გუნდმა გამოსცადა.

ასე რომ, თუ დარჩენილ მატჩებში ქულათა მაქსიმუმს ავიღებთ, სხვებს კი ფეხი დაუცდებათ, მაშინ რეალობაც შეიცვლება… ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ საკუთარ მაქსიმუმს გავიღებთ. არ შეგვიძლია ვითხოვოთ იღბალი, უბრალოდ უნდა ვიშრომოთ და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ. მანჩესტერული დერბის მომდევნო დღეს, ბიჭების ხასიათი კვლავ უცვლელი იყო. როგორც უკვე ვთქვი, გვსურს ჩვენი საკუთარი ისტორია დავწეროთ – სწორედ ამას ვცდილობთ, ამას აკეთებენ ბიჭები და ეს გააკეთა დღეს მომომ. სწორედ ამ ბიჭების დამსახურებაა ყველაფერი ეს. მოდით, ასე გავაგრძელოთ და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ.

რობერტო ფირმინოს არყოფნა…

ბობიმ გუშინ გუნდთან ერთად ივარჯიშა. ეს არ იყო დატვირთული სავარჯიშო სესია, უბრალოდ, სტანდარტულ მდგომარეობებს ვამუშავებდით. ერთ-ერთ უკანასკნელ ეპიზოდში მან დისკომფორტი იგრძნო. მას მცირე პრობლემა აქვს, თუმცა ეს ხომ ბობია და შესაძლოა ის ოთხშაბათს მზად იყოს. დიახ, დიდი ალბათობით, ის “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაშს შეძლებს, თუმცა ჯერ გადაჭრით ვერაფერს გეტყვით.