პრემიერ ლიგის 37-ე ტურში “ლივერპული” გასვლაზე “ნიუკასლს” დაუპირისპირდა. მატჩი მერსისაიდელთა გამარჯვებით 2:3 დასრულდა.

გოლები მოჰამედ სალაჰმა, ვირჯილ ვან დეიკმა და დივოკ ორიჯიმ გაიტანეს. მოგვიანებით იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა :

თამაში და შედეგი…

სასაუბრო ძალიან ბევრია. ბრწყინვალე თამაში გამოვიდა, სხვადასხვა მიზეზის გამო, ეს ძალიან რთული დაპირისპირება იყო. საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გვაქვს – 3 დღის წინ “ბარსელონასთან” ძალიან დიდი მანძილი დავფარეთ, დღეს კი “ნიუკასლს” გასვლაზე დავუპირისპირდით და ცხადია, ეს სულაც არ იყო ამხანაგური მატჩი. მეტოქის ტაქტიკა ასეთი იყო – გრძელი პასი რონდონზე, რომელიც მუდამ იბრძვის, შემდეგ კი ელოდები მსაჯის გადაწყვეტილებას. ასეთ დროს, რთულია წინასწარ დაგეგმო შენი ტაქტიკური სვლები.

ჩვენ შესანიშნავი გოლები გავიტანეთ, ამავდროულად, მომეწონა ბიჭების რეაქცია გაშვებულ გოლებზე. ჩვენმა ანალიტიკოსებმა კარგად  იმუშავეს ვირჯილის ეპიზოდში, მეორე გოლი კი ტრენის კარგ ჩაწოდებას მოჰყვა. შემდეგ მომოს შეცვლა გახდა საჭირო. სათადარიგოთა სკამზე დასვენებული მოთამაშეები გვყავდა, რომელთაც შეხვედრის მიმდინარეობაზე გავლენის მოხდენა შეეძლოთ და მათ ეს გააკეთეს კიდეც.

ორიჯის მორიგი გადამწყვეტი გოლი…

ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ის ბრწყინვალეა. შეგიძლიათ ჩემზე რაც გსურთ ის თქვათ – დიახ, შაჩირი და დივოკი ხშირად არ თამაშობენ. გადაწყვეტილებას მე ვიღებ .

ფიქრობდა თუ არა, რომ ყველაფერი მის საწინააღმდეგ ხდებოდა…

არა. თუკი ანგარიში 2:2 იქნებოდა და მე ვნახავდი რამდენი დაამატა მსაჯმა, ბედნიერი ვიქნებოდი, თუმცა 3:2-ზე სხვაგვარი გრძნობა დამეუფლა. როგორც ადრე ვთქვი, ჩვენ მოედანზე ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, ვნახოთ გავხდებით თუ არა ჩემპიონები… ფრედ დასრულებულ შეხვედრებშიც კი, ბიჭები ბოლომდე იხარჯებოდნენ და

მომწონდა თუ როგორ მშვიდად გამოიყურებოდა დღეს ჩემი გუნდი 2:2-ზე. ისინი ყოველ წამს აჩვენებდნენ, რომ ამ მატჩის მოგება სურდათ. ასევე, ჩემი პატივისცემა “ნიუკასლს”, რომელმაც კიდევ გვაჩვენა რატომაც ცდება ხალხი, როცა ამბობს, რომ ასეთ გუნდებს უკვე მოტივაცია აღარ აქვთ. არსებობს “ლივერპულსა” და “ნიუკასლს” შორის რაიმე ისტორია, რომელიც მე არ ვიცი ?

რობერტო ფირმინოს მდგომარეობა…

სამშაბათისთვის ის მზად ვერ იქნება, დანარჩენს კი დრო გვაჩვენებს.

სალაჰის ნაადრევი გასვლა…

ექიმმა გადაწყვიტა, რომ ის მოედნიდან უნდა გაგვეყვანა და ცხადია, ჩვენ მას დავეთანხმეთ. ის მატჩს გასახდელში, ტელევიზორის საშუალებით ადევნებდა თვალს. მომო კარგადაა, თუმცა უნდა დავიცადოთ. მან თავში მიიღო დარტყმა.