პრემიერ ლიგის 32-ე ტურში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “ტოტენჰემი” მიიღო. შეხვედრა მერსისაიდელთა გამარჯვებით 2:1 დარულდა.

მოგვიანებით  იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა :

ბოლომდე სჯეროდა თუ არა გამარჯვების…

როცა გოლი გავუშვით, ნამდვილად არ ვფიქრობდი თუ როგორ დასრულებოდა შეხვედრა. “ტოტენჰემის” გოლი მოულოდნელი არ იყო, რადგან მეორე ნახევარში ისევე კარგად აღარ გამოვიყურებოდით, როგორც პირველში. მეტოქემ ტაქტიკა შეცვალა, 4 მცველზე გადაეწყო და როუზი უფრო მეტად ერთვებოდა შეტევაში, მოედანზე გამოვიდა სონიც და ჩვენი ცხოვრება კიდევ უფრო გართულდა. პირველ ტაიმში შესანიშნავი გოლი გავიტანეთ, თუმცა კიდევ უფრო მეტის გატანაც შეგვეძლო. მას შემდეგ, რაც წონასწორობა აღდგა, “ტოტენჰემი” უკვე აღარ იყოს ისეთი დომინანტი და მხოლოდ კონტრშეტევებს სჯერდებოდა. ჰქონდათ კიდეც კარგი შანსი, თუმცა ვან დეიკი შეუდარებელი იყო. მეორე  გოლის დროს მეტოქის საჯარიმოში ჩვენი 7 მოთამაშე იყო, დიახ, ასეთ რისკზე უნდა წავსულიყავით. მატჩის შემდეგ ბიჭებს ვუთხარი, რომ შეხვედრის მოგების 500 000 გზა არსებობს, ეს კი ერთ-ერთია. იღბალის გარეშე ვერ იქნები იქ, სადაც ახლა ვართ. ეს შეუძლებელია. ბიჭებმა ბევრი იშრომეს და გამართლებასაც იმსახურებდნენ. შედეგით მე ბედნიერი ვარ.

თვლის თუ არა, რომ წელს ბედისწერა სწორედ მათ მხარესაა…

ასე შორს არ წავიდოდი… ამ სეზონში სხვა  გუნდებსაც არაერთხელ გაუმართლათ და საჭირო არაა საკითხის ასე გასერიოზულება. თითოეული მოპოვებული ქულისთვის ჩვენ ბევრი ვიშრომეთ. დიახ, დერბიში ორიჯის გოლი იღბალი იყო, თუმცა მანამდეც არაერთი მომენტი გვქონდა. იგივე მოხდა  დღესაც. მნიშვნელოვანია თუ რა ანგარიში ფიქსირდება ტაბლოზე მატჩის შემდეგ. დღეს თითქმის იდეალურად ვითამაშეთ, 5 დღეში კი “საუთჰემპტონს” დავუპირისპირდებით, რომელიც ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ კარგ ფორმაშია. ისინი გადარჩენისთვის იბრძვიან, ამიტომ რთული შეხვედრა გველოდება. რაც მთავარია, დღეს კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ – ბიჭები ბრძოლისთვის მზად არიან.

ფსიქოლოგიური კუთხით, არის თუ არა ასეთი გამარჯვება მნიშვნელოვანი…

რა თქმა უნდა. 5:0 რომ მოგვეგო, რაც რთული წარმოსადგენია, შესაძლოა უფრო მცდარი გზით წავსულიყავით. ჩვენ ადამიანები ვართ, 9 თვის წინ დავიწყეთ მისიის შესრულება, გვსურდა ორ ტურნირზე მაქსიმალურად დიდი შედეგისთვის მიგვეღწია და ჯერ კიდევ ამ გზას ვადგავართ. არ ვფიქრობ, რომ უფრო ნაკლები გოლი გაგვაქვს, ვიდრე შარშან.

აქ უკვე 3,5 წელია ვარ და დღეს, 1:1-ზე ვნახე საუკეთესო “ენფილდი” მთელი ამ დროის განმავლობაში. ცხადია, ვერ იქნები ბედნიერი გაშვებული გოლით, მაგრამ ჩვენ გატანის შანსი ყოველთვის გვქონდა.