ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში “ლივერპული” საკუთარ მოედანზე “ბარსელონას” დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

დღეს მერსისაიდელთა თავკაცმა, იურგენ კლოპმა მელვუდში ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა :

რა მოხდება “ენფილდზე” 1 გატანილი გოლის შემდეგ…

ვფიქრობ, “ენფილდი” ხმაურიანი გოლამდეც იქნება. მაგრამ საქმე მხოლოდ მეტოქის კარის აღებაში არაა, ჩვენი ამოცანაა მეტოქეს გოლის გატანის საშუალება არ მივცეთ, ეს კი ძალიან რთულია. ვიცით თუ რაოდენ დიდი გამოწვევის წინაშეც ვართ, მაგრამ მე შესანიშნავი გუნდი მყავს და ჩვენ აუცილებლად ვეცდებით მიზნის მიღწევას. პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული ანგარიში ნამდვილად ვერ გვეხმარება. არავინ უნდა იფიქროს ამ ანგარიშზე იმ შემთხვევაშიც კი თუკი საწყისი 10 წუთი უგოლოდ ჩაივლის. დასკვნითი 5 წუთიც კი საკმარისია სამი გოლის გასატანად.

სიტუაციის შემობრუნების იმედი…

დიახ, ეს ფეხბურთია და მე იმედი მაქვს. დანებებისგან შორს ვართ. ბიჭები ბოლომდე იბრძოლებენ. მომო და ბობი მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელთა შორის არიან, ხვალ კი ისინი ვერ დაგვეხმარებიან, თანაც, ჩვენ “ბარსელონას” მათ გარეშე 4 გოლი უნდა გავუტანოთ. ეს ცხოვრებას სულაც არ აადვილებს. მანამ, სანამ მე 11 მოთამაშე მყავს, ჩვენ ბოლომდე დავიხარჯებით და ეს ყველამ იცის. თუკი მომდევნო ეტაპზე გავალთ, ეს შესანიშნავი იქნება, ხოლო თუ ჩავფლავდებით, მოდით ეს ყველაზე ლამაზად გავაკეთოთ.

შარშანდელი მაგალითი – როგორ სძლია “რომამ” კატალონიურ გრანდს…

დიახ, მაგრამ მაშინ “რომამ” გოლი გასვლაზეც გაიტანა. ჩვენს შორის დიდი განსხვავებაა. ნამდვილად არ მსურს აქ ვიჯდე და მეტოქის მოთამაშეებს ჩემი სიტყვებით დამატებით მოტივაციას ვაძლევდე. ხვალ საღამომდე ჩემს ბიჭებთან სასაუბროდ საკმარისი დრო მაქვს და ამას აუცილებლად გავაკეთებ. 6 დღის განმავლობაში უკვე მესამე მატჩის ჩატარება გვიწევს, “ბარსელონამ” კი “უიქენდზე” შემადგენლობა სრულად გადაახალისა. არ შეგვიძლია საკუთარი თავი “რომას” ან ვინმე სხვას შევადაროთ. ამ გუნდმა არაერთხელ აჩვენა, რომ არასდროს ნებდება და ხვალაც სწორედ ასე მოიქცევა.

მესისა და “ბარსელონას” შეჩერება…

როგორც ჩანს, იდეალურად უნდა ითამაშო, რათა ისინი დაამარცხო. ვეცდებით ასეც ვითამაშოთ, ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ გავაკეთებთ. შევქმნათ ატმოსფერო, გამოვიყენოთ ის და აღვნიშნოთ კარგი ფეხბურთით. მოვაწყოთ საფეხბურთო წვეულება – ჩვენ მატჩის დროს არ ვსვამთ, ამიტომ ზეიმი თამაშით უნდა მოვაწყოთ. შესაძლოა, და ასეც ჩანს, რომ ეს ჩვენი ბოლო თამაშია ჩემპ. ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ამიტომ მოდით ყველამ მაქსიმუმი გავაკეთოთ.