პრემიერ ლიგის მატჩების უმეტესობაში გერმანელმა სპეციალისტმა ნახევარდაცვის ხაზი მილნერი, ჰენდერსონი, ვეინალდუმის ტრიოთი დააკომპლექტა. რამ განაპირობა კლოპის მსგავსი არჩევანი? Liverpool Echo-ს ანალიზი.

განვლილი შეხვედრის დაწყებამდე 1 საათით ადრე კლუბებმა შემადგენლობები გაასაჯაროვეს. სიურპრიზები არ მომხდარა კიპერის, მცველების და შემტევი ტრიოს პოზიციაზე, თუმცა ნახევარდაცვის ხაზმა გულშემატკივრებში სხვადასხვა რეაქცია გამოიწვია. კლოპმა არჩევანი საქმეში ნაცად ჰენდერსონზე, მილნერსა და ვეინალდუმზე შეაჩერა, რაც გულშემატკივრების გარკვეული ნაწილისთვის გაუგებარი იყო, განსაკუთრებით ფაბინიოს პროგრესის ფონზე. მიუხედავად გამარჯვებისა და პოზიტიური ემოციებისა მერსესაიდული საზოგადოების გარკვეული ნაწილი მაინც თვლის, რომ ჰერ იურგენმა დაცვითი უნარების ნახევარმცველები გამოიყვანა, რომელთაც არ შეუძლიათ შემტევებს რაიმე შესთავაზონ.

მაშ ასე, იმისათვის, რათა უფრო ნათელი გახდეს რატომ არის ხსენებული ტრიო ზოგიერთი შეხვედრებისთვის საუკეთესო არჩევანი, მაგალითისთვის მოვიყვანთ თებერვლის შეხვედრას “უოტფორდთან”, რომელიც “წითლებმა” 5:0 მოიგეს, ხოლო ყველა საგოლე გადაცემა განაპირა მცველებმა გააკეთეს. ტრენტმა 3, ხოლო რობერტსონმა 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. “ლივერპულის” 2 განაპირა მცველი საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს “წითლების” შეტევაზე, შესაბამისად კლოპს შეუძლია “დაცვითი ნახევარდაცვა” ათამაშოს, ამასთანავე მისმა გუნდმა არ დაკარგოს სიმწვავე შეტევაში.

“უოტფორდი” როგორც წესი იყენებს სქემას 4-2-2-2, სადაც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია ცენტრალურ ზონაზე. ხსენებულიდან გამომდინარე კლოპმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა მოედნის ცენტრი 3 გამოცდილ ნახევარმცველს ანდო, რომლებიც უნდა გამკლავებოდნენ მოედნის ცენტრში მეტოქეს, რათა შემდეგ ფლანგებზე გამოეყენებინათ სივრცეები შეტევებისთვის. იმ შეხვედრაში კლოპის გუნდმა უფრო მეტი კროსი გააკეთა ვიდრე ნებისმიერ სხვა შეხვედრაში.

 

საბოლოო ჯამში “დაცვითი” ჰენდო-მილნერი-ვეინალდუმი ყოველთვის არ გამოდიან მოედანზე მეტოქის იერიშების ჩასაშლელად. მათი მისია დამოკიდებულია იმაზე თუ ვის წინააღმდეგ თამაშობს გუნდი ან რა გეგმები აქვს კლოპს შეტევაში. გარდა ამისა ხსენებული ტრიოს გამოსვლა ტოპ გუნდებთან გამართლებულია, ვინაიდან “წითლები” აქტიურ პრესინგს თამაშობენ, რაც მათი ერთ-ერთი კოზირია. მსგავს შეხვედრებში ნახევარდაცვამ უნდა შემოგვთავაზოს გაცილებით მეტი ვიდრე ტაქტიკური განსწავლულობა და გამარჯვების სურვილია, ამიტომ კრეატიული ქმედებების ნაკლებობა დიდ ზიანს არ აყენებს გუნდის გამოსვლას. ჰენდო-მილნერი-ვეინალდუმი კარგად ერგებიან მსგავს შეხვედრებს, ვინაიდან თითოეულ მათგანს შეუძლია აქტიური პრესინგის თამაში, ფიზიკური ორთაბრძოლა და მოწინააღმდეგის შეცდომის გამოყენება. “ტოტენჰემთან” შეხვედრაში დიდი ალბათობით კლოპმა ივარაუდა რა სქემით ითამაშებდა პოჩეტინოს გუნდი ცენტრალურ ზონაში არსებული პრობლემების გათვალისწინებით. პირველ ტაიმში “წითლებს” ხშირად გადაჰქონდათ ბურთი ერთი ფლანგიდან მეორეზე, სადაც ტრენტი და რობერტსონი უმეთვალყუროოდ იყვნენ, როგორც სურათზეა ნაჩვენები.

პირველი გოლიც რობერტსონის ზონიდან გავიდა. უმეთვალყურეოდ დარჩენილმა სკოტმა საჯარიმოში გადაცემა გაუკეთა ბობი ფირმინოს, რომელმაც ლორის კარში გადაგზავნა ბურთი.

ამჯერადაც “დაცვითი ნახევარდაცვის” ლოგიკა იყო იგივე. “მამლების” მთავარი შემტევი ძალა ერიქსენი, ალი და კეინი მოედნის ცენტრში იყვნენ განლაგებულნი. კლოპის იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ შეტევით უნდა დაკავებულიყო 2 განაპირა მცველი და შემტევი ტრიო, მაშინ როცა ნახევარდაცვა მზად იქნებოდა მეტოქის კონტრიერიშების მოსაგერიებლად.

აღნიშნული იდეა ხსნის თუ რატომ არ თამაშობს ლალანა ან კეიტა, თუმცა რთულია გაიგო ფაბინიოს თამაშგარეში დატოვების მოტივი. ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველია და მისი როლი თანხვედრაშია ჰენდერსონის როლთან. ამ მხრივ კლოპის გადაწყვეტილების გაგება რთულია, ვინაიდან ფაბინიოს აქვს ის უნარები, რომელიც ჰენდერსონს, მილნერს ან ვეინალდუმს. გარდა ამისა ბრაზილიელს შეუძლია გუნდის დამშვიდება და თვითკონტროლი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.  შესაძლოა გერმანელი სპეციალისტის გადაწყვეტილება დაკავშირებულია იმასთან, რომ ფაბინიო არც თუ მობილურია, რაც ცენტრალური ზონის კონტროლს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ტრიო ჰენდო-მილნერი-ვეინალდუმი დიდი ხანია კლოპის ხემძღვანელობის ქვეშ თამაშობენ, ხოლო ფაბინიო ახალწვეულია. შესაძლოა საქმე ამაშიც იყოს, თუმცა სხვა ვარიანტების გამორიცხვაც არ შეიძლება.

ნებისმიერ შემთხვევაში გამუდმებული პროტესტი “დაცვითი ტრიოს” შესახებ გაუმართლებელია, ვინაიდან ისინი მოედანზე გამოდიან იმისათვის, რათა გაამაგრონ ცენტრალური  ზონა და სივრცეები შექმნან ფლანგებზე. მიუხედავად ამისა რთული გასაგებია რატომ არა ფაბიონიო-მილნერი-ვეინალდუმი, თუმცა ამისათვის ალბათ “შიდა სამზარეულოს” დეტალების ცოდნაა საჭირო.