პრემიერ ლიგის 34-ე ტურში “ლივერპული” საკუთარ მოედანზე “ჩელსის” მიიღებს. მატჩი კვირას, თბილისის დროით 19:30 წუთზე დაიწყება.

გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე, იურგენ კლოპმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა :

2014 წელს, “ჩელსისთან” განცდილი მარცხი…

არ ვფიქრობ, იმ შეხვედრაზე ახლა ვინმე კვლავ ფიქრობს. მე ერთი წამითაც კი არ გამივლია ეს აზრი თავში. ჩვენ კვირას მორიგი მატჩი გველის, წარსულ შეხვედრებს კი ახლა ვეღარ შევცვლით. არ ვიცი იმ გუნდიდან ახლა რამდენიმე მოთამაშე შემორჩა “ჩელსის” ან “ლივერპულს”, მაგრამ ვიცი, რომ ახლა ყველაფერი შეიცვალა – მხოლოდ ფერი და სახელია უცვლელი.

მე მომეწონა ჩვენი თამაში “პორტუს” წინააღმდეგ – ძალიან ბევრი კარგი მომენტი ვიხილეთ ისეთი, რომელიც ჩვენს ფორმაზე მეტყველებს. დიახ, კარგ ფორმაში უნდა ვიყოთ, რადგან დიდი მიზნები გვაქვს. მივმართავ მათ, ვინც აპირებს ჩემს ფეხბურთელებს ესაუბროს წარსულში მომხდარ ამბებზე – არ გააკეთოთ ეს, უბრალოდ დაივიწყეთ ! გვსურს ჩვენი საკუთარი ისტორია დავწეროთ.

ედენ აზარისგან მომავალი საფრთხე…

როცა ის ფორმაშია, შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეც კი იყოს. მას ბრწყინვალე კარიერა აქვს, რომელიც ჯერ არც დაუსრულებია. მას ბევრი ის უნარი აქვს, რომელიც მე ფეხბურთში ასე მომწონს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მეტოქე გავანეიტრალოთ. ამისთვის კი მისი მისამართით გადაცემების გაკეთება უნდა ავირიდოთ თავიდან. არ ვამბობ, რომ ეს ადვილია… უნდა ვცადოთ წავიკითხოთ თამაში უკეთ, ვიდრე ეს სხვა გუნდებმა შეძლეს. აზარის პირისპირ მარტო ვერაფერს იზამ, საჭიროა რომ სხვაც დაგეხმაროს. მე სწორედ ასეთი ფეხბურთელები მომწონს.

ტიტულისთვის ბრძოლა…

პირველივე დღიდან ვცდილობთ საუკეთესო სეზონი ჩავატაროთ. იმედი გვქონდა, რომ ახალ დონეზე გადავიდოდით და სწორედ ეს მოხდა – სტაბილურად თამაში ვისწავლეთ, დაცვა და კიდევ სხვა ასპექტები გავაუმჯობესეთ. ამავდროულად, არასდროს ვჩერდებით, ყოველთვის ვდგამთ ნაბიჯს წინ, რადგან ჯერ არაფერი დასრულებულა. ბიჭები კვლავ კარგ განწყობაზე არიან. თუ გსურს წარმატებას სირთულეების გარეშე მიაღწიო, მაშინ შენ შანსი არ გაქვს. შეუძლებელია უშეცდომოდ ითამაშო, ამიტომ მათზე ბევრი არ უნდა ვიღელვოთ. დიახ, კვირასაც დავუშვებთ შეცდომებს, თუმცა მათ უნდა გავუმკლავდეთ, ისინი უნდა გამოვასწოროთ და ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ – სწორედ ასე შევძლებთ გამარჯვების მოპოვებას.