მელვუდში თავდაუზოგავი შრომის გამო, იურგენ კლოპი მიიჩნევს, რომ ბელგიელი თავდამსხმელი დივოკ ორიჯი გუნდში ადგილს აუცილებლად იმსახურებს. როგორც იცით, ჰერ იურგენისთვის მისი მოთამაშეების მონდომება და მუხლჩაუხრელი შრომა ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ატრიბუტია.

ყველა ტურნირზე ერთად, 23 წლის თავდამსხმელი გუნდის შემადგენლობაში ბოლო 10 შეხვედრიდან 9-ჯერ მოგვევლინა, რაც მხოლოდ მისი დამსახურებაა. უმეტესად, ბელგიელი მარცხენა ფორვარდად ათამაშეს. ასე იყო ბოლო შეხვედრაშიც, “ტოტენჰემთან”, სადაც მის აქტიურობას ჯერ კუთხური, შემდეგ კი გოლი მოჰყვა.

ორიჯის აღორძინება მოულოდნელი აღმოჩნდა იურგენ კლოპისთვის, რომელმაც ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში თქვა:

დივი თავის საქმეს ძალიან კარგად აკეთებს, განსაკუთრებით კი ვარჯიშებზე. მართალი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ მას არ აქვს საუკეთესო პერიოდი, თუნდაც როგორც ფეხბურთელს, ან როგორც პიროვნებას – ეს კი მეტწილად სეზონის პირველ ნახევარს ეხება. 

დარწმუნებული ვარ, რომ მან იგრძნო იმპულსი და უფრო მოტივირებული გახდა. უკვე დიდი ხანია, რაც უმაღლეს დონეზე ვარჯიშობს. თუ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ 11/11-ზე და დივი მოწინააღმდეგე გუნდში იქნება, დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ გამოწვევისთვის მზად იქნება.

მას შეუძლია, რომ ითამაშოს ორ პოზიციაზე, რაც ძალიან კარგია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი სისწრაფე ფლანგზე გამოვიყენოთ. გარდა ამისა, ორიჯის სიმაღლე დაცვაშიც ძალიან გვეხმარება, განსაკუთრებით კი სტანდარტულების დროს, რაც ასევე სასიამოვნოა. ყველაფერი, რასაც ახლა ხედავთ მან ნამდვილად დაიმსახურა.”

შეგაახსენებთ, რომ ორიჯი “ლივერპულში” 2014 წელს გადავიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 91 შეხვედრაში თავი 24-ჯერ გამოიჩინა.