ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ევროპულ მედიაში უფრო მატულობს სატრანსფერო ჭორების რაოდენობა. გამონაკლისი არც “ლივერპულია” – მერსისაიდულ გრანდს ტაბლოიდები არაერთ მოთამაშეს უკავშირებენ.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “წითლების” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა კომენტარი სატრანსფერო გეგმებზეც გააკეთა :

“ცხადია, ჩვენი საქმე გუნდის გაძლიერებაა, თუმცა ეს სხვადასხვა გზით შეიძლება მოხდეს. ჩემი აზრით, საუკეთესო გზა ამ მიზნის მისაღწევად ვარჯიში და შრომაა. 

ეს გუნდი საკმაოდ კარგად არის დაბალანსებული. რა თქმა უნდა, გეგმებზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ. მაგრამ, იქნება თუ არა ეს ყველაზე დატვირთული სატრანსფერო ფანჯარა “ლივერპულისთვის” ? არა, ალბათ არა… ვფიქრობ, სხვაგვარი პასუხი უფრო მოულოდნელიც კი იქნებოდა.

ამავდროულად, ჩვენი თვალები მუდამ გახელილია, ვნახოთ რა მოხდება ზაფხულში, ახლა სათქმელი არაფერი მაქვს. მნიშვნელოვანი ის კი არაა რას ფიქრობს ხალხი ჩვენზე, არამედ ის თუ რას ვფიქრობთ საკუთარ თავზე. ხალხის აზრით, სეზონის ბოლოს 15 მოთამაშე უნდა გაყიდო და ამდენივე დაიმატო, ასევე, თუკი კარგ თავდამსხმელს არ დაიმატებ, მაშინ მიზანს ვერ მიაღწევ… ასეთ სიტუაციებში უბრალოდ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო და საკუთარ თავს ენდო. 

იღბლიანები ვართ, რადგან ასეთი მოთამაშეები დავიმატეთ.” – ციტირებს კლოპის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.

 

Sorry, there are no polls available at the moment.