1 ივნისს, მადრიდში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს “ლივერპული” და “ტოტენჰემი” დაუპირისპირდებიან. როგორც იცით, მერსისაიდელები ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდნენ.

აღნიშნულ მატჩამდე UEFA “წითლების” მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს გაესაუბრა :

“დიახ, ერთმანეთს კარგად ვიცნობთ, მაგრამ სულ ესაა… წინ რთული მატჩი გველის, ამ ტურნირზე ადვილი შეხვედრები არ არსებობს, ფინალიც ასეთივე იქნება. ამ მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ – ვნახოთ მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები. ჩვენ საკუთარი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. ეს რთული იქნება, თუმცა ამის გაკეთება არც სხვა შეხვედრებში იყო ადვილი, წელს კი ასეთი არაერთი დაპირისპირება იყო…”

როგორც იცით, ეს კლოპისთვის მესამე ფინალი იქნება – 2013 წელს, მისი გაწვრთნილი “ბორუსია” მიუნხენის “ბაიერნმა” დაამარცხა, შარშან კი “ლივერპულს” ტიტული მადრიდის “რეალმა” წაართვა. კლოპმა კომენტარი ამ საკითხზეც გააკეთა :

“ეს მესამე ცდაა. “მაინცში” ყოფნისას, 2-ჯერ შემეძლო ბუნდესლიგაში გადასვლა, თუმცა ორივეჯერ ჩავფლავდი. მიზანს მესამე ცდაზე მივაღწიე. იმედია, ახლაც ასე იქნება. ეს ჩემი მეოთხე ევროპული ფინალია. მე კარგი გუნდები მყავდა, მოთამაშეები წარმატების მისაღწევად მაქსიმუმზე მეტსაც კი აკეთებდნენ. ჩვენ “ენფილდზე” ისეთი ძლიერი გუნდიც კი გავაგდეთ, როგორიც “ბორუსია” იყო. შარშან კი საშინაო არენაზე “მან. სიტის” ვძლიეთ. წელს, “ენფილდის” დახმარებით ტურნირს “ბარსელონა” გამოვთიშეთ. ეს სტადიონი ევროპაში ჩვენ განსაკუთრებით ძლიერს გვხდის. ამასთანავე, ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ მიუნხენშიც. დიდებულია როცა ხედავ როგორ ვითარდება შენი გუნდი.

აქ მოსვლიდან 5 დღის შემდეგ, მოთამაშეებმა უკვე იცოდნენ რაში მდგომარეობდა ჩემი იდეების, ფილოსოფიის არსი, თუმცა, ცხადია ამ ყველაფრის მოედანზე გადასატანად დრო იყო საჭირო. პირველ სეზონში ჩვენ ევროპის ლიგისა და ლიგის თასის ფინალებში გავედით, მომდევნო სეზონში კი ჩემპ. ლიგის საგზური მოვიპოვეთ, მესამე წელს ამ ტურნირის ფინალში გავედით და ეს მეოთხე წელსაც შევძელით.

ჩვენ დაგვეხმარა როგორც აქ მყოფი მოთამაშეების განვითარება, ისე ახალწვეულების მოსვლა. მაგალითისთვის, ალისონმა და ვან დეიკმა გუნდზე დიდი გავლენა მოახდინეს. მათ თითქმის ყველა შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ფაბინიოსა და შაჩირის მსგავსი მოთამაშეებიც, რომლებიც წინ დიდი ნაბიჯები გადადგეს. მოგზაურობა ჯერ არ დასრულებულა… ეს მხოლოდ დასაწყისია !”