გერმანული მედია იურგენ კლოპსა და “ბაიერნზე” ადრეც წერდა. ჩემპიონთა ლიგაზე კოვაჩის “ბაიერნის” დამაჯერებლად ძლევის შემდეგ, კლოპის გვარმა “რეკორდმაისტერთან” კავშირში კვლავ გაიჟღერა.

თავად გერმანელი არაფერს გამორიცხავს, თუმცა აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მერსისაიდიდან წასვლაზე არც კი ფიქრობს :

“მე “ლივერპულთან” კონტრაქტი 2020 წლამდე მაკავშირებს. არც მე და არც ხელმძღვანელობა არ ვფიქრობთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაადრევად უნდა დასრულდეს.

არ ვიცი, ჩავიბარებ თუ არა “ბაიერნს”, უახლოეს მომავალში ეს ნამდვილად არ მოხდება. ფეხბურთში ყველაფრისთვის შესაფერისი დროის მოძებნაა საჭირო. ამჟამად “ლივერპულში” ბედნიერი ვარ და არ ვთვლი, რომ საქმიანობა უნდა დავასრულო. ერთად მუშაობა კიდევ გარკვეული პერიოდი შეგვიძლია.” – ციტირებს კლოპის სიტყვებს გერმანული Die Welt.

შეგახსენებთ, რომ იურგენმა “ლივერპული” 2015 წლის ოქტომბერში ჩაიბარა. მას შემდეგ გუნდმა ევროპის ლიგის, ჩემპიონთა ლიგისა და ინგლისის ლიგის თასის ფინალებში ითამაშა, თუმცა ტიტულის მოგება ვერ შეძლო.

წელს მერსისაიდელები ახლოს არიან პრემიერ ლიგის მოგებასთან და ამავდროულად, ასპარეზობას აგრძელებენ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზეც.