90-იანი წლების ბოლოდან „ლივერპულს“ ახალი ერა დაუდგა. ეს იყო სტივ მაკმანამანის, ბობი ფაულერის, მაიკლ ოუენის, სემი ჰიიპიას, ჯეიმი კარაგერის და სხვათა თაობა, რომელსაც „ლივერპულისთვის“ დამახასიათებელ, შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს  ფრანგი ჟერარ ულიე ათამაშებდა. ამ გუნდმა 2001 წელს უეფას თასი ისტორიაში მესამედ მოიგო. ფეხბურთელების ჩამონათვალში შეგნებულად არ შევიყვანე სტივენ ჯერარდი, რომელიც აუცილებლად ცალკე უნდა გამოვყოთ, როგორც ლეგენდა ლეგენდებს შორის და კლუბის წინაშე განუზომლად დიდი დამსახურების მქონე.

სტივიზე ალბათ ამ საიტზე ბევრი დაწერილა და მომავალშიც ბევრი დაიწერება. ამიტომ, დავუბრუნდეთ მთავარ თემას. ეს არის შემდეგი ფინალი 20 წლის შემდეგ. 2005 წლის 25 მაისს სტამბულის „ათათურქზე“, 72 000 გულშემატკივარის თვალწინ, მანამდე დაუწერელი ისტორია დაიწერა, თან ვისთან? იმ წლების უდავოდ გამორჩეულ კარლო ანჩელოტის „მილანთან“, რომლის შემადგენლობის ჩამოთვლაც საკმარისია იმისთვის, რომ კარგად იქნეს გააზრებული და დაფასებული ბენიტესის და მისი ფეხბურთელების მიერ ჩადენილი გმირობა. კაფუ, სტამი, ნესტა, მალდინი, პირლო, გატუზო, ზეედორფი, კაკა, შევჩენკო და კრესპო! როგორია? 11-დან 10 თავის პოზიციაზე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო. ამას დავამატოთ მეთერთმეტე, მეკარე დიდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუნდს სუსტი წერტილი არ ჰქონდა. შევჩენკო წინა წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად იყო დასახელებული. ხოლო კაკა 2007 წელს ევროპის და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

რაფა ბენიტესმა წითლები 2004 წელს ჩაიბარა და გახდა პირველი ესპანელი მწვრთნელი პრემიერ ლიგაში. რაფამ ჟერარ ულიეს შემტევ ფილოსოფიას ჩვეული პრაგმატიზმი და ექსპერიმენტები მოარგო და შედეგად, “მერსისაიდელებმა” შეუძლებელი შეძლეს. თითქმის ნომინალური თავდამსხმელის გარეშე მოთამაშე გუნდმა, მართალია მძიმე ბრძოლაში, მაგრამ მაინც ერთმანეთის მიყოლებით გამოაგდო მეოთხედფინალიდან და ნახევარფინალიდან ჯერ „იუვენტუსი“ და შემდეგ „ჩელსი“. მეოთხედფინალის და ნახევარფინალის 4 თამაშში წითლებმა მხოლოდ 3 გოლი შეაგდეს. ამ სამი გოლიდან ერთი მცველმა ჰიიპიამ, ხოლო 2 შემტევმა გარემარბმა ლუის გარსიამ გაიტანეს. ფინალში კი „ლივერპულს“ მხოლოდ 6 წუთი დასჭირდა 3 გოლის გასატანად და ისიც რა დროს, როცა „მილანი“ 3:0-ს იგებდა. ის რაც მანამდე 5 ტაიმის განმავლობაში გააკეთეს ბენიტესის ბიჭებმა, ფინალში 6 წუთში შეძლეს და აქაც არ ყოფილა თავდამსხმელის გოლი, მაგრამ იყო ჯერარდის ჯერ არნახული ლიდერობა, ჩაბი ალონსოს თავდადება და სკაუზერების მიერ ტრიბუნებზე დანთებული ცეცხლი, რომელიც ალბათ არასდროს ჩაქრება. შედეგად, 3:3 ძირითად დროში და დამატებითი 11 მეტრიანების სერია. თამაშში იყო დუდეკის გმირობა, ჰამანის, სისეს და შმიცერის გატანილი პენალტები, სერჟინიოს, პირლოს და შევჩენკოს გაცუდებული პენალტები და „ლივერპულმა“ მოიგო ისე, რომ არც ჯერარდს და არც ჩაბი ალონსოს პენალტი არ დაურტყამთ. „ლივერპულმა“ მეხუთედ აღმართა ევროპის ჩემპიონთა თასი, ხოლო ჯერარდი დამსახურებულად გახდა ფინალის და მთლიანად, იმ წლის უეფას საუკეთესო ფეხბურთელი. მის მიერ ჯგუფურ ეტაპზე „ოლიმპიაკოსთან“ 86-ე წუთზე გატანილი არანორმალურად გიჟური „ოქროს“ გოლი სამუდამოდ დარჩება “მერსესაიდული” გრანდის და ჩემპიონთა ლიგის ისტორიის განუყოფელ ნაწილად. ეს იყო „ლივერპულის“ მეხუთე ტრიუმფი ევროპის მთავარ ტურნირზე. ამასთან, “მერსესაიდული” გრანდი გახდა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი კლუბი, რომელმაც ტურნირი საკვალიფიკაციო რაუნდიდან დაიწყო და ტრიუმფით დაასრულა. 2001 წელს შემოღებული ახალი წესის შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ „ლივერპულმა“ თასი მეხუთედ მოიგო, თასმა სამუდამოდ დაიდო ბინა “მერსისაიდული” გრანდის მუზეუმში.

ბუნებრივია, რომ სტამბულში დაწყებული ზეიმი ლივერპულშიც გაგრძელდა, სადაც დაახლოებით 10 000 ბოთლი შამპანური დაილია თამაშის დამთავრების შემდეგ. სუპერმარკეტ Seinsbury’s განცხადებით, მათ არასდროს გაუყიდიათ ამდენი შამპანური. მშობლიური ქალაქის ქუჩებში მიმავალ ავტობუსს დაახლოებით მილიონი გულშემატკივარი შეეგება, ხოლო ქალაქის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე, სადაც მსვლელობა დამთავრდა, 300 000 გულშემატკივარი იყო შეკრებილი. ბიზნეს ანალიტიკოსების შეფასებით, ლივერპულში დასაქმებულებიდან ხუთიდან ერთი იმ დღეს სამსახურიდან გაეთავისუფლა.

თამაშის შემდეგ დიეგო მარადონა იტყვის: „1970 წლის მსოფლიო ჩემპიონი ბრაზილიაც (ეს გუნდი ითვლება მსოფლიო ფეხბურთის ისტორიში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად) კი ვერ შეძლებდა „მილანთან“ 0:3-ის აღმოფხვრას. ინგლისელებმა დაამტკიცეს, რომ სასწაულები მართლა ხდება. დღეიდან, „ლივერპული“ ჩემი ინგლისური კლუბია. მათ აჩვენეს, რომ ფეხბურთი ყველაზე ლამაზი სპორტის სახეობაა. ჩვენ ვიცოდით, რომ მათ თავდაცვა შეუძლიათ, მაგრამ ამ გუნდმა აჩვენა, რომ მათ თამაშიც კარგად გამოსდით, რითიც ახალი გვერდი შემატეს ისტორიის წიგნს. ეს მატჩი სამუდამოდ დარჩება ისტორიას. „ლივერპულის“ ფანებმა თამაშის წინა ღამეს არ მომცეს დაძინების საშუალება. ყოველ სამ მილანელზე 10 ლივერპულელი იყო. მათი მხარდაჭერა წარმოუდგენელი იყო 0:3-ის შემდეგაც, როცა ისინი სიმღერას არ წყვეტდნენ“.

თამაშის შემდეგ არ წყდებოდა საუბრები იმის თაობაზე, რომ სტივენ ჯერარდი „ჩელსიში“ გადადიოდა. თამაშის შემდეგ კი სტივი იტყვის: „ასეთი საღამოს შემდეგ, როგორ უნდა ვიფიქრო „ლივერპულის“ დატოვებაზე?“

„ლივერპული“ და „მილანი“ მეორედ 2 წლის შემდეგ წარსდგნენ ერთმანეთის პირისპირ 2007 წლის 23 მაისს ათენის ოლიმპიურ სტადიონზე გამართულ ფინალში, რომელსაც 74 000 გულშემატკივარი დაესწრო. „მილანის“ ძირითადში 4 ახალი ფეხბურთელი იყო 2 წლის წინანდელ ფინალისგან განსხვავებით. ხოლო, „ლივერპულში“ ახლები იყვნენ აგერი, მასკერანო, პენანტი, ზენდენი, კიუიტი და პეპე რეინა.  ადგილზე იყვნენ რაფა და კარლო ანჩელოტი. „ლივერპულმა“ მერვედფინალში წინა წლის ტრიუმფატორი „ბარსელონა“ დაამარცხა. „კამპ ნოუზე“ დეკუს გოლს „ლივერპულმა“ უფრო მოკრძალებული, მაგრამ ჩვეული „ქამბეკით“ უპასუხა ბელამის  და რიისეს გოლებით. „ენფილდზე“ ძალიან დაძაბულ თამაშში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა, რომელიც „ბარსელონაში“ „ჩელსიდან“ გადასულმა გუდიონსენმა გაიტანა, მაგრამ ეს კინკილა გოლი კატალონიელებს არ ეყოთ.  მეოთხედფინალში 2 თამაშის ჯამში მერსისაიდელებმა „ეინდჰოვენი“ 4:0 განადგურეს და ნახევარფინალში ისევ მაურინიოს „ჩელსი“. გუნდებმა 1:0 მოგებები გაცვალეს საკუთარ სტადიონებზე და განმეორებით მატჩში „ენფილდზე“ „ლივერპულმა“ უნაკლოდ შეასრულა 11 მეტრიანები, 4 დარტმა (ზენდენი, ალონსო, ჯერარდი და კიუიტი) და 4 გოლი, საბოლოო ანგარიში 4:1. ასევე შთამბეჭდავი იყო „მილანის“ გზა, რომელმაც გლაზგოს „სელტიკი“, „ბაიერნი“ და „ლივერპულმოძულე“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩამოიშორა.

ძნელია თან „ლივერპულის“ გულშემატკივარი იყო და თან წაგებულ ფინალზე წერო, მაგრამ უნდა ითქვას, რომ შურისძიებით გულანთებულმა იტალიელებმა მიზანს მაინც მიაღწიეს და 2:1 გაიმარჯვეს. მთლიანობაში, თამაში თანაბარი იყო და მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა. მაგრამ იტალიელებს გაუმართლათ, მაშინ როდესაც პირლოს დარტყმული ჯარიმა ინძაგის მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და ისე შევარდა რეინას კარში. მეორე მომენტში კი ინძაგიმ თავისი მომენტი კარგად გამოიყენა და კაკას პასით პირისპირ გასულს გოლის გატანა არ გასჭირვებია. წითლებსაც ჰქონდათ კარგი მომენტები, მაგრამ ვერ გამოიყენეს და როცა გამოიყენეს და დირკ კიუიტმა 89-ე წუთზე შეაგდო, დარჩენილი დრო „ლივერპულისთვის“ საკმარისი აღარ აღმოჩნდა.

და ბოლოს, შარშანდელი ფინალი. ამ ფინალზე ბევრს არაფერს დავწერ, რადგან ყველას კარგად გვახსოვს ამ თამაშის ყველა დეტალი. „ლივერპული“ ამჯერადაც საკვალიფიკაციო რაუნდიდან მოხვდა ფინალში და ყველა დროის რეკორდი მოხსნა ერთი კლუბის მიერ ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლების მხრივ. წითლებმა 15 თამაშში 47-ჯერ აიღეს მეტოქის კარი, რაც იურგენ კლოპის ეგრედ წოდებული Heavy Metal Football-ის და შემტევი სამეულის საუცხოო თამაშის შედეგია. არავინ იცის, თუ რა მოხდებოდა რომ არა ლორის კარიუსი, რომ არა სალაჰის ტრავმა პირველივე წუთებზე, რომ არა მანეს ძელი, რომ არა ბეილის ზღაპრული მაკრატელა და ასე შემდეგ. თითქოს ამ თამაშში ყველაფერი კლოპის და მისი ბიჭების წინააღმდეგ იყო.

ამაზე საუბრის დრო ახლა არ არის, როცა შემდეგ, მე-9 ფინალამდე 3 კვირა გვაშორებს. მიუხედავად იმისა, რომ „ტოტენჰემი“ მერსისაიდელებისთვის ადვილი მეტოქე არასდროს ყოფილა, ამ ფინალში ფავორიტი მაინც „ლივერპულია“ მისი ისტორიის, მიმდინარე სეზონში ნაჩვენები შედეგების და იურგენ კლოპის ფაქტორის გათვალისწინებით, რომელიც უკვე მესამეჯერაა უმთავრესი ევროპული ტურნირის ფინალში და უკვე დროა დამსახურებული გამარჯვება იზეიმოს. ფეხბურთელების ფაქტორის გათვალისწინებითაც, რომლებიც  ზედიზედ მეორეჯერ ითამაშებენ ფინალში და რომელთაც წესით, უფრო მეტი თავდაჯერებულობა, მიზანდასახულობა და გამარჯვების წყურვილი უნდა ჰქონდეთ. ჩემპიონთა თასს იმსახურებს არა მარტო იურგენ კლოპი და ფეხბურთელები, არამედ სკაუზერებიც, რომელთა თავდადება, ძალა და ენერგია ბევრმა კლუბმა იწვნია თავის თავზე და სულ ბოლო იყო „ენფილდზე“ დაბნეული და არეული „ბარსელონა“ რამდენიმე დღის წინ. შემდეგი ქალაქი მადრიდია, რომელსაც ძველებურად „დაიპყრობენ“ და გააწითლებენ სკაუზერები. შემდეგი „ტოტენჰემია“!