1 ივნისს მადრიდის „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ლივერპული“ ლონდონის „ტოტენჰემს“ დაუპირსიპრდება. ეს „ლივერპულისთვის“ მე-9 ფინალი იქნება და ამ მაჩვენებლით მერსისაიდული კლუბი მადრიდის „რეალს“, „მილანს“ და „ბაიერნს“ ჩამორჩება. 8 ფინალი აქვს ჩატარებული „ბარსელონას“ და ნახევარფინალში ძლევით „ლივერპულმა“ „ბარსელონას“ უკვე გადაასწრო. მოგების შემთხვევაში კი მერსისაიდელები მეექვსედ აღმართავენ ევროპის საუკეთესო კლუბისთვის განკუთვნილ თასს და გადაასწრებენ იგივე „ბარსელონას“ და „ბაიერნს“, რომელთაც 5-5 უმაღლესი ევროპული ტიტული აქვთ. საინტერესო იქნება, გავიხსენოთ „ლივერპულის“ მიერ ნათამაშები ფინალები, რომლებიც ამ კლუბის უდიდესი ისტორიის ერთ-ერთი მთავარი დამადასტურებელია.

ჩემპიონთა თასის პირველი ფინალი „ლივერპულმა“ ითამაშა 1977 წლის 25 მაისს რომში, „სტადიო ოლიმპიკოზე“. მაშინ ბობ პეისლის ვარსკვლავური გუნდი ასევე ვარსკვლავებით დაკომპლექტებულ მიონჰენგლადბახის „ბორუსიას“ დაუპისპირდა. შემადგენლობა ორივე მხარეს მართლაც რომ შთამბეჭდავი იყო. აქეთ რეი კლემენსი, ფილ ნილი, კევინ კიგანი და ტერი მაკდერმოტი. ხოლო იქეთ, ბერტი ფოგსთი, ული შტილიკე, იუპ ჰაინკენსი და დანიელი ალან სიმონსენი. მაკდერმოტის, სმიტის და ნილის გოლებს, გემრანელებმა მხოლოდ სიმონსენის გოლით უპასუხეს და ჩემპიონთა თასმა პირველად დაიდო ბინა ლივერპულში.

 „ლივერპულის“ შემდეგი ფინალი შემდეგ წელსვე გაიმართა, 1978 წლის 10 მაისს. ამჯერად, ბობ პეისლი ერნსტ ჰაპელის „ბრიუგეს“ დაუპისრსპირდა. პეისლის მსგავსად, ავსტრიელ ჰაპელს ერთხელ უკვე ჰქონდა მოგებული ჩემპიონთა თასი „ფეინოორდთან“ ერთად და ბუნებრივია, მწვრთნელებს შორისაც პრინციპული დაპირისპირება შედგა. კიდევ იყო ერთი ინტრიგა, რაც უფრო მნიშნელოვანი იყო ბელგიელებისთვის და პირადად ჰაპელისთვის. 2 წლით ადრე, 1976 წელს ეს 2 კლუბი ერთმანეთს უეფას თასის ფინალში დაუპირსპირდა. მაშინ უეფას თასის ფინალი 2 მატჩისგან შედგებოდა. პირველი თამაში „ენფილდზე“ შედგა და მას შემდეგ, რაც ბელგიელები 2:0-ს იგებდნენ, „ლივერპულმა“ ჩვეული „ქამბეკით“ 3:2 მოიგო. ხოლო, მეორე თამაში ბრიუგეში ფრედ, 1:1 დამთავრდა. იქიდან გამომდინარე, რომ 1978 წლის ფინალი „უემბლიზე“ შედგა, ფავორიტად სწორედ ინგლისური კლუბი ითვლებოდა. მით უმეტეს, რომ ბელგიელებს წამყვანი მოთამაშე, რაულ ლამბერტი აკლდათ (1976 წლის უეფას თასის ფინალში ლამბერტმა მერსისაიდელებს 2 გოლი გაუტანა). თუმცა, დანაკლისი იყო მერსისაიდულ კლუბში. ვერ ითამაშეს წინა ფინალში გოლის ავტორმა სმიტმა და მეგოლე დევიდ ჯონსონმა. წინა ფინალისგან განსხვავებით, „ლივერპულს“ ახალი ვარსკვლავები ჰყავდა, შოტლანდილები კენი დალგლიში, გრემ სუნესი და ალან ჰანსენი და ინგლისელი ფილ ტომპსონი. 92 ათასი მაყურებლის თვალწინ, მართალია მოკრძალებულად, მაგრამ „ლივერპულმა“ იმარჯვა მეფე კენის მიერ 64-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით. საინტერესოა, რომ თამაშის შემდეგ ჰაპელმა თქვა, რომ ის გაწბილებულია „ლივერპულის“ თამაშის ხარისხით, რომელიც 2 წლის წინანდელ გუნდის „აჩრდილი“ იყო. მაგრამ ავსტრილემა ისიც აღნიშნა, რომ მერსისაიდელებმა დამსახურებულად მოიგეს, რადგან „ბრიუგეს“ წამყვანი ფეხბურთელები აკლდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ერნსტ ჰაპელმა თავისი მეორე ჩემპიონთა თასი მოგვიანებით მაინც მოიგო, 1983 წელს გერმანულ „ჰამბურგთან“ ერთად.

„ლივერპულის“ მესამე ფინალი 1981 წელს შედგა. ამჯერად, მადრიდული გრანდის „რეალის“ წინააღმდეგ. სანამ ამ ფინალზე გადავალთ, ალბათ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ 1979 წელს, ჩემპიონთა ლიგის უკვე ორჯერ მომგები „ლივერპული“ პირველივე რაუნდში ჩვენმა „დინამომ“ გამოთიშა. ის 2 წლიანი პაუზა, რომელიც „ლივერპულმა“ გააკეთა 1979 და 1980 წლებში, ბრაიან კლაფის „ნოტინგემ ფორესტმა“ ამოავსო, რომელმაც ორჯერ ზედიზედ გადაუფრინა საფეხბურთო ევროპას. ამას თუ დავამატებთ 1982 წელს „ასტონ ვილას“ ტრიუმფს ჩემპიონთა თასზე, გამოვა რომ 6 წელი ზედიზედ ევროპაში ინგლისური კლუბები მეფობდნენ. დავუბრუნდეთ 1981 წლის ფინალს, რომელიც პარიზში „პარკ დე პრინსზე“ გაიმართა 27 მაისს და რომელშიც მერსისაიდულმა გრანდმა მადრიდული გრანდი 1:0 დაამარცხა ალან კენედის გოლით. ეს იყო რეი კლემენსის, ფილ ნილის, რეი კენედის და ტერი მაკდერმოტის მესამე ტრიუმფი. ხოლო, ბობ პეისლი გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც მესამედ მოიგო ჩემპიონთა თასი. ეს მიღწევა ბოლო წლებში კარლო ანჩელოტიმ და ზინედინ ზიდანმა გაიმეორეს. „ლივერპული“ კი გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა თასი სამჯერ აღმართა. რაც შეეხება „რეალს“, მაშინ „რეალშიც“ არ იყო ვარსკვლავების ნაკლებობა – კამაჩო, ვინსენტე დელ ბოსკე, ხუანიტო, სანტილიანა, ინგლისელი ვარსკვლავი კანინგემი და გერმანელი ული შტილიკე, რომელსაც ერთხელ უკვე ჰქონდა ფინალი წაგებული „ლივერპულთან“ 1977 წელს „ბორუსიას“ შემადგენლობაში.

შემდეგი, მეოთხე ტრიუმფი კი 1984 წელს შედგა, კვლავ რომში, „სტადიო ოლიმპიკოზე“, 30 მაისს, სადაც მერსისაიდელებმა პენალტების სერიაში უკვე მასპინძელი „რომა“ დაამარცხეს. ძირითადი დრო 1:1 დამთავრდა და ეს ერთადერთი გოლი ფილ ნილმა გაიტანა, რომელმაც ჯერ კიდევ  1977 წლის ფინალშიც გამოიჩინა თავი და მეოთხეჯერ გახდა ჩემპიონთა თასის მფლობელი. ნილმა დამატებით პენლებშიც შეაგდო. ხოლო, ბოლო, გადამწყვეტი 11 მეტრიანი ალან კენედიმ გაიტანა, რომელმაც დალგლიშთან, სუნესთან და ჰანსენთან ერთად მესამედ მოიგო უმთავრესი ევროპული ტიტული. დამატებით პენლებში თავი ასევე გამოიჩინეს სუნესმა და იან რაშმა. რაც შეეხება მწვრთნელს, „ლივერპულს“ უკვე ჯო ფაგანი წვრთნიდა, ხოლო კარში ბრიუს გრობელაარი იდგა. მაშინდელ „რომას“ ბრაზილიელი ფალკაო და იტალიელი ვარსკვლავები გრაციანი და ბრუნო კონტი ჰყავდა. ამ უკანასკნელებს 1982 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ჰქონდათ მოგებული. ვერც კონტიმ და ვერც გრაციანიმ დამატებით პენლებში ვერ შეაგდეს. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს „ენფილდზე“ „ლივერპულის“ და „რომას“ ნახევარფინალს შურისძიებით გამსჭვალული ბრუნო კონტი ესწრებოდა, რომელმაც კიდევ უფრო მეტი გაწბილება მიიღო, ვიდრე 1984 წლის ფინალში.

და პირველი წაგებული ფინალი, 1985 წლის ტრაგიკული ფინალი „იუვენტუსთან“ ბრიუსელის „ეიზელზე“, 29 მაისს. ეს იყო უკვე ლეგენდად ქცეული ფილ ნილის მეხუთე ფინალი, რომელმაც ამ თამაშში „ლივერპულს“ 34 წლის ასაკში უკაპიტნა. მეოთხე ფინალი ითამაშეს ალან ჰანსენმა და კენი დალგლიშმა. ეს თამაში შავი ასოებით შევიდა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, რადგან ინგლისელი და იტალიელი ფანების შეტაკების შედეგად, ჩამოინგრა იტალიელი გულშემატკრივრების ტრიბუნა და კედელი, რამაც 39 იტალიელის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 600-მდე გულშემატკივარი დაშავდა. ამ ინციდენტში ინგლისელი ფანები დაადანაშაულეს, რომლებმაც იტალიელების „ფანზონას“ შეუტიეს. უეფას წარმომადგენელმა პირდაპირ განაცხადა, რომ ინციდენტში მხოლოდ ინგლისელი ფანები იყვნენ დამნაშავე. შედეგად, ინგლისური კლუბები 5 წლით მოიკვეთეს ევროთასებიდან. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, რომელიც ნახევარად დანგრეული და ცარიელი ტრიბუნების თვალწინ გაიმართა, სანახაობრივი არ გამოვიდა. ფეხბურთელებს თამაშის სურვილი არ ჰქონდათ და 58-ე წუთზე დანიშნული ერთადერთი პენალტი მიშელ პლატინიმ გოლად აქცია. ამით ფაქტიურად დამთავრად თამაში, რადგან არც მანამდე და არც ამ მომენტის შემდეგ თამაშში არაფერი საინტერესო და დასამახსოვრებელი არ მომხდარა. „იუვენტუსში“ თამაშობდნენ მიშელ პლატინი და მსოფლიო ჩემპიონები კაბრინი, შირეა, ტარდელი და როსი. ეს უკანასკნელი მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთად 1982 წლის ჩემპიონატის ბომბრადირი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. „იუვენტუსს“ ასევე ჰყავდა პოლონელი ვარსკვლავი ბონეკი. „იუვენტუსის“ მწვრთნელი კი ჯოვანი ტრაპატონი იყო. მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც ძველი გულშემატკივრები ამბობენ (ამ სტატიის ავტორს არ ახსოვს მაშინდელი მოვლენები), ჯო ფაგანის გაწვრთნილი „ლივერპული“ უფრო ითვლებოდა ფავორიტად, ვიდრე ტურინული გრანდი.