ინგლისური “ლივერპული” წინა სასეზონო ვარჯიშებს შაბათს განაახლებს – იურგენ კლოპის ხელში კი მხოლოდ რამოდენიმე ფეხბურთელია.

ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ მელვუდში სიცარიელე იგრძნობა. კლუბის წამყვანი ფეხბურთელები კოპა ამერიკასა და აფრიკის თასზე იმყოფებიან, რომლის დამთავრების შემდეგ დაგეგმილ შვებულებებს მიიღებენ.

შაბათს მელვუდში მისვლა მოუწევს ფაბინიოს, ჯეიმს მილნერს, ჟოელ მატიპს, ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლეინსა და ადამ ლალანას. ამავდროულად იჯარა დაუსრულდა ნათანიელ კლაინს და მანამ, სანამ მისი მომავალი გადაწყდება მასაც მოუწევს ვარჯიში.

კლოპის ხელშია მაღალ რეიტინგული რაიან ბრიუსტერი, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ის სავარჯიშოდ გამოცხადდება, რის შემდეგადაც კლოპის დაკვირვების ქვეშ აღმოჩნდება. იურგენმა უნდა გადაწყვიტოს დაიტოვოს და ათამაშოს თასებზე, თუ მისცეს არენდის საშუალება.

“წითლების” წინა სასეზონო მატჩი “ტრამვერთან”, 11 ივლისს გაიმართება, სამი დღის შემდეგ კი “ბრედფორდს” გაეჯიბრებიან. ამ თამაშების დასრულებისთანავე კლუბი ამერიკისკენ აიღებს გეზს, სადაც მოეწყობა სავარჯიშო სესიები და გაიმართება რამოდენიმე ამხანაგური მატჩი.

ჯორდან ჰენდერსონი, ჯო გომესი, ტრენტ-ალექსანდერ არნოლდი, ვირჯილ ვან დაიკი, ჯინი ვაინალდუმი, დივოკ ორიჯი, სიმონ მინიოლე, ენდი რობერტსონი, დეიან ლოვრენი და ჯერდან შაჩირი გუნდს ამერიკაში შეუერთდებიან.

რაც შეეხება ალისონ ბეკერს, რობერტო ფირმინოს, ნაბი კეიტას, სადიო მანეს და მოჰამედ სალაჰს, როგორც ზემოთ ვახსენეთ ისინი თავიაანთ ნაკრებებს ეხმარებიან და ტურნირების დასრულების შემდეგ დაგეგმილ შვებულებებს მიიღებენ.