კვირას, 12 მაისს, ჩვენი დროით 18:00 წუთზე, პრემიერ ლიგის XXXVIII ტურში “ლივერპული” საკუთარ “ენფილდ როუდზე” “ვულვერჰემპტონს” უმასპინძლებს.

გუნდების ახალი ამბები

  1. “ლივერპულს” პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი მოჰამედ სალაჰი დაუბრუნდება, რომელმაც დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა.
  2. მუხლისა და წვივის ტრავმების გამო, სავარაუდოდ კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი და მარცხენა მცველი ენდრიუ რობერტსონი ვერ ითამაშებენ.
  3. “წითლები” კვლავ ბობი ფირმინოს გარეშე იქნებიან, რომელსაც საზარდულის ტრავმა აქვს, თუმცა ბრაზილიელი ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე გამოკეთდება.
  4. “ვულვერჰემპტონის” შემადგენლობაში ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელია.

პრევიუ

ალბათ დიდი ხანია, რაც პრემიერ ლიგა ასეთი დაძაბული არ ყოფილა. დიახ, არც მეტი არც ნაკლები ორმა გუნდმა ერთმანეთს ტოლ-სწორი არ დაუდო და ჯერ კიდევ გადასაწყვეტია, თუ ვინ გახდება ბოლო ტურში ჩემპიონი. რომ არა “ლივერპული”, ალბათ “მანჩესტერ სიტი” ინგლისის გამარჯვებული შარშანდელივით იანვარშივე გახდებოდა. პრემიერ ლიგას ძალიან ალამაზებს დაძაბულობა, რომელიც თავისებურ ხიბლს და ინტრიგებს სძენს თითოეულ შეხვედრას, თუმცა კარგი იქნებოდა თუ ქულით წინ “მერსისაიდელები” იქნებოდნენ და არა -“ცისფრები”.

ბევრი რომ არ ვისაუბროთ, მიხვდებოდით, “ლივერპულს” ახლა ისე სჭირდება მოგება, როგორც – არასდროს. იმ შემთხვევაში თუ “სიტი” “ბრაიტონთან” წააგებს და “წითლები” “ვულვერჰეპტონს” ვერ მოუგებენ, გამარჯვება ბურთების უკეთესი სხვაობით მაინც “ქალაქელებს” დარჩებათ, ამიტომ “მერსისპირელები” ვალდებულნი არიან კვირას, საკუთარ კედლებში აუცილებლად გაიმარჯვონ. ბედის ირონიაა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ 97 ქულით ჩემპიონობა დღემდე ტოპ 5 ლიგაში არავის დაუკარგავს, მაგრამ თუ ორივემ მოიგო, მსოფლიო ამ ფაქტსაც იხილავს.

მატჩამდე “ბრაიტონის” ფეხბურთელები ამბობდნენ, რომ იურგენ კლოპსა და მის გუნდს პირველობა ეკუთვნით და ისინი ისე იბრძოლებენ ამისთვის, როგორც არასდროს, თუმცა თავს ზემოთ მხოლოდ ცაა და ისიც ცისფერი. დიახ, “ცისფრებს” შეუძლიათ მოუგონ “ბრაიტონელებს” და დიდი ალბათობით ამასაც იზამენ, თუმცა აღსანიშნავია, რომ კლოპის ბიჭებმა ერთი სასწაული უკვე მოახდინეს და ამის შემდეგ მათ ყველანაირი ძალის და ფორტუნის ირწმუნეს.

რამოდენიმე დღეში, ალბათ ყველაზე გრძელი 90 წუთი იქნება, რომლის თვითოეული წამით გულშემატკივარმა ადრენალინი უნდა მიიღოს. არ ვამბობთ, რომ “ვულვზის” მოგება მარტივია, რადგან მათ შეძლეს და მოახერხეს ის, რაც 2001 წლის შემდეგ არავის უქნია – ჩემპიონშიფიდან ამოსვლის შემდეგ, 18 წლის განმავლობაში “მგლებმა” ყველაზე მეტი ქულა აიღეს. “წითლებს” არ აინტერესებთ არანაირი სტატისტიკა და ციფრები, რადგან თუ მათ არ შესწევთ გამარჯვების ძალა, მაშინ საქმეში კვლავ “ენფილდს” მოუწევს ჩარევა.

იურგენ კლოპი: “ეს სასწაულების კვირა იყო, ფეხბურთის დიდი მომენტები, ჩვენი გადმოსახედიდან კიდევ ერთი სასწაულის გვჯერა, რომელიც შესაძლოა უდიდესი მოვლენა იყოს და რომელიც ძალიან სასიამოვნო იქნება. ეს კვირა ჯერ არ დასრულებულა, არაფერი შეცვლილა, ეს აქამდეც ვიცოდით. ერთადერთი რაც შეგვიძლია თამაშის მოგებაა.

ნუნო ესპირიტო სანტო: “ფეხბურთელები თამაშიდან თამაშამდე და ვარჯიშიდან ვარჯიშამდე იზრდებიან, ეს ჩვენი ფილოსოფიაა. ეს დიდი მატჩი იქნება და ჩვენ ამის თამაში გვინდა. მომწონს ლივერპული, ისინი თამაშობენ ინტენსივობით. ძალიან რთულია იპოვო ისეთი ადამიანი, რომელმაც ბარსელონასთან დაპირისპირებით ვერ ისიამოვნა. ეს გასაოცარი იყო. რთული გამოწვევაა, სეზონის ბოლო შეხვედრაა და გვსურს ვითამაშოთ ისე, როგორც ამას ადრე ვაკეთებდით”.

ფაქტები

  • პრემიერ ლიგის შეხვედრებიდან “ლივერპულმა” მოიგო ბოლო ოთხი და ცხრიდან მხოლოდ ერთხელ წააგო – 6 მოგება, 2 ფრე.
  • ეს არის მეექვსე შემთხვევა, როდესაც ზემოხსენებული ორი კლუბი ერთმანეთს საფინალო ტურში ხვდება – “წითლებმა” ბოლო ხუთი მოიგეს და საერთო ანგარიში 12-4 დააფიქსირეს.
  • “მერსისაიდელებმა” პრემიერ ლიგაში ზედიზედ მერვედ გაიმარჯვეს და აქვთ ყველაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერია – 12 მოგება, 4 ფრე.
  • 39 წლის განმავლობაში მათ შანსი აქვთ სეზონი სახლში მარცხის გარეშე ჩაატარონ.
  • უკანასკნელი 13 მცდელობიდან მათ ბოლო ტურის შეხვედრა არ წაუგიათ – გამონაკლისია 1989 წლის ტიტულისთვის ბრძოლა “არსენალთან”: მარცხით 0-2.
  • “ლივერპულმა” მიმდინარე სეზონში თავით 18 გოლი გაიტანა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ინგლისში.
  • საჯარიმოს შიგნიდან “წითლებმა” 22-ჯერ შეარხის მეტოქის კარის ბადე – პენალტის გარეშე.
  • სადიო მანემ “ენფილდზე” 16-ჯერ შეარხია მოწინააღმდეგის კარის ბადე, რაც ამ სეზონში სხვას არავის გაუკეთებია.
  • პრემიერ ლიგის ისტორიაში “ლივერპული” არის ერთადერთი კლუბი, რომლის ორმა მცველმაც 10+ საგოლე გადაცემა შეასრულა.
  • 2000-01 წლების შემდეგ “ვულვზს” შანსი აქვს ახლად ამოსული კლუბებიდან ყველაზე მეტ ქულას მოუყაროს თავი. უკანასკნელად ეს “იფსვიჩმა” გააკეთა, რომელმაც 66 ქულა აიღო.
  • 11 შეხვედრიდან “მგლებმა” ტოპ 6-ეულის გუნდებთან 16 ქულა გამოიმუშავეს.
  • “ვულვზმა” ერთი და იგივე შემადგენლობას უკვე 14-ჯერ უხმო, მათზე ერთით მეტი მხოლოდ “ბარნლიმ” გააკეთა.

მთავარი მსაჯი: მარტინ ატკინსონი.