“ლივერპულის” 26 წლის ეგვიპტელი გოლეადორი მომო სალაჰი დღეს სამედიცინო შემოწმებას კიდევ ერთხელ გაივლის, რაTა ფორვარდმა ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალი ითამაშოს, რომელიც სამშაბათს, “ბარსელონას” წინააღმდეგ გაიმართება.

სალაჰმა, რომელმაც მიმდინარე სეზონში უკვე 26 გოლს მოუყარა თავი, ტრავმა “ნიუკასლთან” მატჩის დროს მიიღო. მას მეკარე დუბრავკა თავის არეში მტკივნეულად დაეჯახა. ფეხბურთელს კლუბის მთავარი ექიმი, ენდი მასი მკურნალობს, რომელიც ტესტირების შედეგებზე დაყრდნობით არკვევს აქვს თუ არა სალაჰს ტვინის შერყევა.

მოედნიდან გაყვანის შემდეგ, სალაჰი გონს მოვიდა და მატჩის მიწურულს თვალიც კი ადევნა, მაგრამ შეჯახების დროს დუბრავკა აღიარებს, რომ მომო კონტაქტზე არ გამოდიოდა:

დაახლოებით 5-6 წამის განმავლობაში მასთან ფაბიან შარი მივიდა და ეკითხებოდა იყო თუ არა ყველაფერი წესრიგში, მაგრამ სალაჰი პასუხს არ გვცემდა. იმ მომენტში ძალიან შეგვეშინდა, რადგან ყველაფერი რიგზე არ იყო. მის გამო ძალიან ვწუხვარ, თუმცა ფოკუსირებას მხოლოდ ბურთზე ვახდენდი.

ხანდახან ყველა მომენტის დანახვა არ შეგვიძლია. მისთვის არც ხელი გამირტყამს და არც მუშტი, მგონია რომ მას მენჯის ძვლით დავეჯახე. მომსთან მივედი და ბოდიში მოვუხადე, მე ნამდვილად არ ვცდილობდი მისთვის ტრავმის მიყენებას. ასეთი სახის ადამიანი ნამდვილად არ ვარ” – განაცხადა მარტინ დუბრავკამ.

ოფიციალური ინფორმაციით ხვალინდელ შეხვედრას გამოტოვებს ბობი ფირმინო, რომელსაც დიდი ალბათობით მოჰამედ სალაჰიც შეუერთდება.