სტადიონი: ლივერპული, “ენფილდი”

მთავარი მსაჯი: მარტინ ატკინსონი

დასაწყისი: კვირა, 31 მარტი, 19:30 წუთი

გუნდების ახალი ამბები

  • “ლივერპული” ტრენტ-ალექსანდერ არნოლდის მდგომარეობას დააკვირდება – მოგეხსენებათ ზურგის ტკივილის გამო მან ინგლისის ნაკრების შეკრება დატოვა.
  • საზარდულის ტრავმა აწუხებდა ჯერდან შაჩირის, რომელმაც გუშინ სრული დატვირთვით ივარჯიშა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლენი და ჯო გომესი.
  • “ტოტენჰემს” ერიკ დაიერი დააკლდება, რომელმაც ჩეხეთის ნაკრებთან კუნთები დაიზიანა.
  • ჰარი უინკსის ზეგინდელი თამაში ეჭვის ქვეშაა, თუმცა მოედანს დაუბრუნდა კიერან ტრიპიე.
  • სერჟ ორიემ სანაკრებო თამაშების დროს რუანდასთან მუხლქვეშა მყესები გაიწყვიტა და მისი თამაში გამორიცხულია.

პრევიუ

13 დღიანი პაუზის შემდეგ, როგორც იქნა “ლივერპულის” თამაში მოახლოვდა. ერთმანეთს პრემიერ ლიგის ჩემპიონობაში ჩართული და ოთხეულისთვის მებრძოლი გუნდები დაუპირისპირდებიან, რომლებიც პირისპირ ბევრ რამეს გაარკვევენ. პირველ რიგში, რაც უფრო უახლოვდება სეზონი დასასრულს, მით უფრო მეტი კრიტიკა მძაფრდება “მერსისაიდელთა” ბანაკსა და მის მთავარ მესაჭეზე, თუმცა, აუცილებლად სათქმელია, რომ ამჟამად “ლივერპულს” მართალია მეტი მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა მაინც პირველ ადგილზეა და სხვა გუნდებისთვის ეს დამატებით სტრესასც კი წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე გათამაშებაში “წითლებს” საკუთარ მოედანზე მარცხი არ უწვნიათ, მეტიც, ბოლო 10 მატჩია კარგადაც გამოიყურებიან და ტოვებენ შთაბეჭდილებას, რომ ბოლომდე ჯერ მაინც არ იხარჯებიან. რატომ? იმიტომ, რომ იურგენ კლოპს არაერთხელ უთქვამს, რომ მის გუნდს როგორც პრემიერ ლიგის, აგრეთვე ჩემპიონთა ლიგის მოგება სწადია და ძრავაგამოცვლილ “წითლებსაც” ალბათ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის მიწურულს უნდა ველოდეთ.

“წითლების” სავარაუდო შემადგენლობა

მართალია, რომ “სპურსი” ხელწამოსაკრავი მეტოქე არავისთვისაა, თუმცა იურგენ კლოპის მოსვლის შემდეგ ამ ორ გუნდს შორის კლასი და სანახაობა ყოველთვის ძალიან გამოირჩევა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ “მერსისაიდელები” “მამლებზე” ერთი თავით მაღლა დგანან და რომ არა მსაჯის “გენიალური” გადაწყვეტილებები, ამ გუნდის დამარცხება მაურისიო პოჩეტინოსთვის ოცნების ტოლფასიც კი ხდება.

“წითლების” თვალები ტიტულზეა დაგეშილი და ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ გუნდის თითოეულ ფეხბურთელს პრემიერ ლიგის თასზე კოცნა სწყურია. კლოპმა და მისმა მეზღვაურებმა ბოლო 5 თამაშიდან 4 მოიგეს და აქედან ერთი “ალიანს არენაზე”, “ბაიერნის” წინააღმდეგ. გუნდი შესანიშნავ განწყობაზეა და რომ არა ის პატარა ჩავარდნა, რომელიც რამოდენიმე ხნის წინ იყო, ალბათ “წითლებს” დღეს უკვე გარანტირებული ექნებოდათ პრემიერ ლიგის საგზური.

“სპურსის” სავარაუდო შემადგენლობა

28 წლიანი პაუზის შემდეგ, თუ “ლივერპული” პრემიერ ლიგას მოიგებდა, რა თქმა უნდა ეს ზუსტად ასეთ მჭიდრო ჭიდილში უნდა გვეფიქრა. კლოპის მადევარი მონსტრია, რომელიც არაადამიანურ რესურსებს ფლობს და სათადარიგოთა სკამზე იმაზე მეტი მილიონი უზის, ვიდრე ერთად აღებული მთელი საქართველოს ჩემპიონატია.

ეს იყო ბოლო სანაკრებო პაუზა და ზუსტად შვიდ კვირაში იურგენ კლოპსა და მის რაზმს შეუძლიათ, რომ ინგლისი მინიმუმ ერთი წლით სიტყვა ლივერპულით აალაპარაკონ და კლუბის ისტორიაში ოქროს ასოებით შევიდნენ. რაც შეეხება “ტოტენჰემს”, თუ ვინმეს სჯერა, რომ ეს ის კლუბია, რომელიც ამ მარათონში “წითლებისთვის” ქულების დაკარგვას მოახერხებს, აქვე შემოგთავაზებთ

ფაქტებს

  • “ლივერპულმა” “ტოტენჰემის” წინააღმდეგ ბოლო 13 შეხვედრაში 8-ჯერ მოიგო და მხოლოდ 1-ხელ იწვნია მარცხი.
  • “სპურსის” “ენფილდზე” სტუმრობა არც თუისე სახარბიელოა: ბოლო 24 შეხვედრაში მათ მხოლოდ 1-ხელ მოიგეს  2011 წლის მაისში, ლუკა მოდრიჩისა და რაფაელ ვან დერ ვაარტის გოლებით.
  • მიმდინარე სეზონში “ლივერპულს” ტოპ ექვსეულის გუნდებთან 8 ჩატარებულ შეხვედრაში მხოლოდ ერთი მარცხი აქვს.
  • იმ შემთხვევაში, თუ “წითლებმა” გამარჯვება მოახერხეს, სეზონის ამ ეტაპზე მათ საუკეთესო ქულათა მაჩვენებელი ექნებათ.
  • “მერსისაიდელები” საკუთარ არენაზე უკვე 36 მატჩია არ აგებენ: 26 მოგება და 10 ფრე.
  • იმ შემთხვევაში, თუ გუნდი ამ თამაშს წააგებს, პრემიერ ლიგის ისტორიაში “ჩელსის” შემდეგ იქნება ყველაზე დიდხანს დაუმარცხებელი გუნდი საკუთარ კედლებში.
  • “ენფილდზე” ჩატარებულ ბოლო 6 შეხვედრაში სადიო მანემ ყველგან გაიტანა – საერთო ჯამში 8 გოლი.
  • ბოლო 10 თამაშში მოჰამედ სალაჰს მხოლოდ 1 გოლი აქვს და არ გაუტანია ბოლო 7 მატჩში, რომელიც ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია ლივერპულში ყოფნისას.
  • ბოლო 4 შეხვედრაში “სპურსმა” 3 წააგო და მხოლოდ ერთი ითამაშა ფრედ.
  • ყველა ტურნირზე აღებული, მაურისიო პოჩეტიონოს გუნდი ზედიზედ 6 საგარეო მატჩში აგებს, სადაც მხოლოდ 2 გოლი აქვს გატანილი.
  • პრემიერ ლიგის ეგიდით ისინი ზედიზედ მეოთხე მარცხისთვის საფრთხის წინაშე არიან, რაც ბოლოს ჰარი რედნაპის მმართველობის ქვეშ მოხდა, 2008-09 წლებში.
  • ჰარი კეინმა ბოლო 12 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა (ყველა ტურნირზე) და ამასთანავე ბოლო 4 მატჩში 3-ჯერ გაუტანა “ლივერპულს”.

პირდაპირი ტრანსლაცია: სილქ სპორტ HD1

ექსპერტების პროგნოზი: 3 – 1