მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე დღეა “ლივერპული” ესპანეთის სამხრეთ სანაპიროზე ემზადება სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილისთვის.

როგორც უკვე გამცნეთ, გუნდთან ერთად მარბელიაში ვერ გაემგზავრა დეიან ლოვრენი. ამგვარად, ჯერ უცნობია შეძლებს თუ არა ხორვატი მცველი “ლივერპულის” დახმარებას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში.

ლოვრენის მდგომარეობაზე კომენტარი დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა იურგენ კლოპმა :

“არ მსურს მისი თამაში საბოლოოდ გამოვრიცხო. ჩვენ ინგლისში პარასკევს დავბრუნდებით, შაბათიდან კი დეიანი მელვუდში ჩვენთან ერთად იქნება. ვნახოთ რა მოხდება.

ცხადია, მომავალი შეხვედრისთვის ჩვენ მის გარეშე ვემზადებით. შენიშნავი იქნება, თუკი ორშაბათს ის უკვე მზად იქნება, თუმცა მის გარეშეც, ჩვენ გამოსავალი უნდა ვიპოვნოთ.”

შეგახსენებთ, რომ “ბაიერნის” წინააღმდეგ “ენფილდზე” ჯო გომესი და ვირჯილ ვან დეიკი ვერ ითამაშებენ.

აქვე გეტყვით, რომ დღეს ვარჯიში განაახლა ჟორჟინიო ვეინალდუმმა და დიდი ალბათობით, სამშაბათს ის სასტარტო 11-ეულში იქნება.