გამომცემლობა “არტანუჯმა”  ლუის სუარესის წიგნი – “ზღვარს მიღმა(ჩემი ამბავი) გამოსცა. წიგნი ქართულ ენაზე სოფიო ჯობავამ თარგმნა. მისი შეძენა “ბიბლუსის” მაღაზიათა ქსელში 5 აგვისტოდან შეგიძლიათ. საიტის სახელით მინდა მათ მადლობა გადავუხადო. მე კი გადავწყვიტე წიგნის გამორჩეული მონაკვეთები შემოგთავაზოთ :

 

                                  * * *

“მელვუდის” კედლებზე ფოტოებს ვაკვირდებოდი. ნეტავ, ოდესმე თუ დადგებოდა დრო, როცა აქ ჩემს ფოტოსაც გამოფენდნენ. კენი დალგლიში ბევრ მათგანზე იყო, მაგრამ მაშინ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი, რამდენად მნიშვნელოვან ფიგურას წარნოადგენდა “ლივერპულის” ისტორიაში და რა დატვირთვა ჰქონდა მაისურს, რომელსაც იგი ატარებდა. “აიაქსში” ყოველთვის 16 ნომერი ვიყავი – ეს რიცხვი ჩემი და სოფის ქორწინების თარიღია, მაგრამ “ლივერპულში” რომ გადავედი, ეს ნომერი დაკავებული დამხვდა. პერემ 7, 11 და 15 შემომთავაზა. “მოდი, იყოს 7”, ვუთხარი მე. ყველაფერი მარტივად მოხდა, არაფერზე დავფიქრებულვარ.

 

წარმოდგენაც არ მქონდა, რას ნიშნავდა მაისური 7 ნომრით, მაგრამ რეალობა მალევე აღმოვაჩინე. პერემ მითხრა : “თუ ხვდები, ეს რამდენს ნიშნავს ?” მიამბო კევინ კიგანისა და კენი დალგლიშის შესახებ; ევროპული თასებისა და ლიგის ტიტულების, იმ პერიოდის შესახებ, “ლივერპული” მსოფლიოს საუკეთესო გუნდი რომ იყო. სტივ მაკმანამანი, რა თქმა უნდა, მახსოვდა, მაგრამ კიგანი და დალგლიში არა. ნამდვილად არ მეგონა, რომ ამ ნომერს ამხელა დატვირთვა ექნებოდა. მათდამი ყველა უდიდეს პატივისცემას გამოხატავდა.

 

საბოლოოდ, 7 ნომერი მაისურის არჩევა სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა. სუსოს წასვლის შემდეგ, შემომთავაზეს, რომ 16 ნომერი ამეღო, მაგრამ 7 დავიტოვე, რადგან ამ რიცხვმა მაიძულა, უფრო ყურადღებით დავკვირვებოდი ფოტოებს და კენის თამაშის ჩანაწერებიც მენახა. ახლა იგი ჩემი მწვრთნელი იყო.

 

კლუბში რომ მივედი, იქ ასეთი შეგრძნება სუფევდა, რომ კენი კლუბის გადასარჩენად დაბრუნდა. რთული პერიოდი იყო და ჰოჯსონის შემდეგ მან რაღაცეები შეცვალა. მაშინ ევროპული ტიტულებისგან ძალიან შორს ვიყავით, მაგრამ გრძელი დაუმარცხებელი გზა გავიარეთ. ბოლო თამაშში “ასტონ ვილას” თუ მოვუგებდით, “ტოტენჰემი” კი დამარცხდებოდა, ევროპული ლიგის საგზურს მოვიპოვებდით. სამწუხაროდ, “ასტონ ვილამ” 1-0 მოგვიგო, თუმცა შედეგს მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რადგან “სპურსმა” “ბირმინგემი” 2-1 დაამარცხა და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა.

 

კენის წარმოდგენები ჩვენს თამაშთან დაკავშრებით დამყარებული იყო მის სათამაშო გამოცდილებაზე, თუმცა ამ მეთოდებმა წარმატება არ მოგვიტანა. მესმოდა, ხალხი რომ ამბობდა, თანამდროვე ფეხბურთის არაფერი გაეგებაო, მაგრამ არ მგონია, რომ ეს სიმართლეს შეესაბამებოდეს. რეალურად, შესაძლოა, პრაქტიკული გამოცდილება არ ჰქონდა. კენი რეგულარულად არ ესაუბრებოდა მოთამაშეებს, ეს ჩემთვისაც ახალი და ძალიან განსხვავებული იყო. ჰოლანდიიდან, ურუგვაიდან და მოვდიოდი და იქ მწვრთნელებს ჩვენთან მუდმივი კონტრაქტი ჰქონდათ. მხოლოდ იმ შემთხვევაში გელაპარაკობდა, როცა რაღაც არ მოსწონდა ან კონკრეტულ ცვლილებას მოითხოვდა. სანამ რამეს გეტყოდა, დიდხანს და ბევრს ფიქრობდა. გარდა ამისა, ენობრივი ბარიერიც არსებობდა. ვარჯიშის დროს ჩემთვის სათქმელს პეპეს ან ლუკასს ეუბნებოდა, ისინი კი მითარგმნიდნენ. როგორც წესი, წვრთნებს შორიდან ადევნებდა თვალს, თავის პერსონალს გვიტოვებდა.

 

ჩვენ სტივ კლარკი გვყავდა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში “ჩელსიში” ჟოზე მოურინიოსთან ერთად მუშაობდა. უცნაური იყო, რომ ზოგჯერ მხოლოდ ერთი მიმართულებით ვვარჯიშობდით, ვემზადებოდით იმ შემადგენლობით, რომელიც ძირითადში უნდა ყოფილიყო, მაგრამ მატჩის წინ ორი ან სამი ახალი სახელი ჩნდებოდა.

 

ტაქტიკურ ნაწილში სტივი ძლიერი იყო. იგი დიდ სამუშაოს სწევდა და ვარჯიშებსაც წარმართავდა. მისი მეთოდები საკმაოდ თანამედროვე იყო. ყველაფერს აკეთებდა, რასაც მწვრთნელისგან ვიყავი მიჩვეული. უცნაური იყო, კენი ასე ცოტას რომ საუბრობდა, მაგრამ შესაძლოა  მის კარიერაში დადგა პერიოდი, როდესაც იგი ფიქრობდა, რომ წვრთნების ჩატარებით თავი არ უნდა მოეკლა, მით უმეტეს, საკმაოდ ნიჭიერი ასისტენტი ჰყავდა, რომელის მის საქმეს გააკეთებდა.

 

ისეთი წარმოდგენა შემექმნა, რომ სურდა, ასისტენტებს თანამონაწილეობის განცდა შექმნოდათ. ბევრი მწვრთნელი ასისტენტებს არაფრად აგდებს. მაგრამ კენი მათ ნამდვიად არ განეკუთვნებოდა. საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ ჰქონდა. გუნდს არჩევდა და ჩვენც ისე ვთამაშობდით, როგორც მას სურდა.

 

ერთი საკითხი იყო მასთან საუბარი, მეორე კი მისი ნათქვამის გაგება. “არსენალთან” გასვლითი თამაში გვქონდა. ძირითად შემადგენლობაში ვიყავი და მატჩის წინა შეხვედრაზე მითხრა : “დღეს შენ, left out”.

 

მეც ვუპასუხე : “კარგი, კარგი.” ვიფიქრე, რომ მარცხენა მხარეს უნდა მეთამაშა. ხოსე ენრიკეს, მარცხენა მცველს ვუთხარი : “ჟოზე, დღეს ჩემი დახმარება მოგიწევს”. დირკ კიუიტმა ყური მოკრა ჩემს სიტყვებს და მკითხა : “რას გულისხმობ” ? 

 

“დღეს მარცხნივ ვთამაშობ, ამიტომ შენ, ალბათ, მარჯვნივ იქნები.” შემდეგ კი კენიმ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა და აღმოჩნდა, რომ მე სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი. ჟოზემ და დირკმა შეცბუნებულებმა შემომხედეს. შეხვედრის შემდეგ კი მკითხეს : “შენ რა გითხრა” ?

 

რა ვიცი, მითხრა, left out. ვიფიქრე, რომ მარცხენა მხარეს უნდა მეთამაშა. არა ? ისტერიკა დაემართათ. დირკმა დამიმარცვლა “left out ანუ გუნდში არ ხარ. დღეს არ თამაშობ.” შემდეგ ყველაფერს მივხვდი, რატომ გამიხმო კენიმ ცალკე. ალბათ, გააოცა ჩემმა რეაქციამ.

 

ამ ფაქტმა შემაწუხა, მაგრამ ვერაფერს მოვიმოქმედებდი. უფროსის აქცენტს თანდათან შევეჩვიე, თუმცა დასაწყისში საკმაოდ რთული იყო. კენი არ ჰგავდა იმ მწვრთნელებს, რომლებიც გუნდის შემადგენლობას გრაფიკული სახით წარმოადგენდნენ.  თანამედროვე ტექნოლოგიები ზედგამოჭრილია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ენას კარგად არ ფლობენ. დიდ ეკრანზე გამოსახულია გუნდი, ძირითადი შემადგენლობის ქვეშ მოცემულია სათადარიგო მოთამაშენი. მაგრამ კენი გუნდის შემადგენლობას ქაღალდის ფურცლიდან კითხულობდა.

 

კლუბთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი დღის შემდეგ, “სტოკ სიტის” წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ გუნდის წევრები დაასახელა. ვფიქრობდი, “ჩემი გვარისთვის ყური არ მომიკრავს, რა დასანანია. თვრამეტ მოთამაშეს შორის ვერ მოვხვდი”. იმედი მქონდა, რომ სათადარიგოთა სკამზე ვიქნებოდი და ჩემი დებიუტი შედგებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩამონათვალშიც კი ვერ მოვხვდი. შესაძლოა, ხელშეკრულება იმდენად ახალი გაფორმებული იყო, რომ არ გარისკა. მაგრამ, “ენფილდისკენ” მიმავალ ავტობუსში რეი ჰოუტონმა, მოთამაშეთა მეკავშირე ოფიცერმა, მომილოცა, ამიტომ პეპე რეინას ვკითხე : “მწვრთნელმა სუარესი ახსენა” ?

 

პეპემ დამიდასტურა : “კი, სუარესი თქვა, მაგრამ ისე გამოთქვა, როგორც არავის არასდროს წარმოუთქვამს შენი გვარი. სათადარიგოთა სკამზე ზიხარ”. ბედნიერი ვიყავი. ოფიციალურად ორი დღის წინ გავაფორმე ტრანსფერი და “ენფილდზე” “ლივერპულის” სახელით ჩემი დებიუტი შედგებოდა. სტადიონზე როგორც სათადარიგო მოთამაშე მოვედი და ახლა უკვე შემადგენლობაში ვიყავი. ვფიქრობ, ნერვიულობამ მაიძულა, რომ მეკარემდე მივსულიყავი და ყოველ ჯერზე, როცა ამ ჩანაწერს ვუყურებ, მგონია, რომ ხაზთან მდგომი ადამიანი ბურთს შეაჩერებს, მაგრამ ასე არასდროს იქცევა. ამჯერად, სტადიონი სავსე იყო და ყველა ტაშს მიკრავდა.

 

მარტივი არ იყო. მახსოვს პირველი ბურთი, “ენფილდზე” რომ შევეხე. ვაკონტროლებდი, ერთი ავიხედე და…აღარ დამხვდა. ყველაფერი წამის მეასედებში მოხდა.