დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ მატჩში “პორტუს” დაუპირისპირდება.

როგორც იცით, ეს გუნდები ერთმანეთს შარშან, ტურნირის 1/8 ფინალშიც შეხვდნენ და მაშინ მერსისაიდელებმა ორი მატჩის ჯამში მეტოქე 5:0 დაამარცხეს.

მოახლოებულ მატჩზე, კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში “წითლების” სენეგალელმა შემტევმა, სადიო მანემ ისაუბრა :

“ვფიქრობ წელს “პორტუ” უფრო ძლიერი გუნდია. ეს ვიცით მოთამაშეებმაც და სამწვრთნელო შტაბმაც. ამასთანავე, ვიცით რაც უნდა გავაკეთოთ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად – ამისთვის მოედანზე მაქსიმუმი უნდა გავიღოთ. დიახ, ეს ადვილი არ იქნება, თუმცა უნდა ვცადოთ…

მეტოქესთან კარგი მოგონებები გვაკავშირებს, მაგრამ ეს უკვე წარსულია. როგორც უკვე გითხარით, ახლა “პორტუ” უკეთესი გუნდია და ის უფრო მეტად მოტივირებულიც იქნება.” – განაცხადა მანემ.

შეგახსენებთ, რომ სადიომ შარშან “პორტუს” ჰეტ-ტრიკი შეუსრულა.