პრემიერ ლიგის გათამაშება დასკვნით ფაზაში გადავიდა. ჩემპიონობისთვის უშეღავათო ბრძოლა მიმდინარეობს. მსგავსი დაძაბულობა ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატს დიდი ხანია არ უნახავს.

შაბათს პეპის “სიტიმ” საშინაო კედლებში “ტოტენჰემი” დაამარცხა მინიმალური ანგარიშით და პირველობა დაიბრუნა. “წითლები” თავიანთ შეხვედრას დღეს გამართავენ გადარჩენისთვის მებრძოლ “კარდიფთან”. მაისის დასაწყისში “ლივერპულს” ურთულესი შეხვედრა ელის კატალონიაში, თუმცა იქამდე კლოპის ბიჭები ვალდებულნი არიან პრემიერ ლიგის აუტსაიდერებს გაუსწორდნენ.

ნილ უორნოკის “კარდიფი” გადარჩენისთვის თავდაუზოგავად იბრძვის. გასულ ტურში მათ მთავარი ოპონენტის “ბრაიტონის” დამარცხება შეძლეს სტუმრად და კიდევ უფრო მიუახლოვდნენ უსაფრთხო ზონას. გამორიცხული არ არის მასპინძლებმა ბევრი უსიამოვნება შეუქმნან “წითლებს”. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ “კარდიფი” ჩემპიონშიპში იმსახურებს გამგზავრებას, თუმცა ვინ იცის.

“კარდიფი” სუსტია შეტევაში, მათზე ნაკლები მხოლოდ უიმედო “ჰადელსფილდმა” გაიტანა. ვერც უკანა ხაზზე ვიტყვით ქებას, ამ შემთხვევაში მხოლოდ “ჰადელსფილდს” აქვს უფრო მეტი გაშვებული. ტოპ 6–ის გუნდებთან “კარდიფმა” ვერც ერთი ქულა ვერ მოიპოვა, ხოლო “ლივერპულთან” პირველ შეხვედრაში 4:1 დამარცხდა. უორნოკის გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ვიქტორ კამარასაა. ესპანელი ფეხბურთელის ანგარიშზე 5 გოლი და 4 საგოლეა.

“ლივერპული” სეზონის დასკვნით ნაწილს დამაჯერებლად ასრულებს. მათთვის თითოეული შეხვედრა ფინალის ტოლფასია. აღსანიშნავია რადიკალური სხვაობა გუნდების კლასში, რაც გვაფიქრებინებს, რომ “წითლები” მორიგ მშრალ გამარჯვებას მოიპოვებენ.

შეხვედრას მარტინ ატკინსონი განსჯის ლიდსიდან.

 

გუნდების სიახლეები

დეიან ლოვრენი ავადმყოფობის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა და ვარჯიში განაახლა. ასევე დაბრუნდა ჯო გომესიც, რომელმაც “პორტუსთან” ითამაშა. სათუოა ოქსი ჩემბერლენის ასპარეზობა. სავარაუდოდ ჰერ იურგენი ფეხბურთელს მოუფრთხილდება.

“კარდიფი” შეხვედრას დანაკლისით ხვდება. უელსელებს ვერ დაეხმარებიან ჰარი არტერი, სოლ ბამბა, კალუმ პატერსონი. აარონ გუნარსონის ასპარეზობა კითხვის ნიშნის ქვეშაა.

 

დღის ფაქტი

“კარდიფის” 32 წლის მცველი ლი პელტერი 2006–07 წლებში “ლივერპული” რიგებში ირიცხებოდა  და სათასო  ბატალიებში 4 შეხვედრაც ჩაატარა.