უკვე ერთი კვირაა მელვუდში კვლავ ძველებური ჟრიამული ისმის – “წითლებმა” ახალი სეზონისთვის მზადება აქტიურად დაიწყეს.

მართალია სანაკრებო თამაშების გამო გუნდს თავისი ვარსკვლავები აკლია და ვერც კაპიტანი მიუძღვის წინ ბიჭებს პირველი გარებენებისას მელვუდის მინდორზე, მაგრამ “ლივერპულში” მაინც საბრძოლოო განწყობაა და ეს “ჩესტერთან” ჩატარებულ მატჩშიც გამოჩნდა.

ეს საბრძოლო განწყობა კი გუშინ ერთი ორად უნდა აემაღლებინა ჰოლანდიელი ლეგიონერების დაბრუნებას – სეზონის დასრულების მერე მათაც ეროვნულ ნაკრებში მოუწიათ თამაში და შვებულება შედარებით გაუხანგრძლივდათ.

ჯორჯინიო ვეინალდუმსა და ვირჯილ ვან დეიკს, ვისაც კვირას, სხვათა შორის, 27 წელი შეუსრულდა, მთელი დღის განმავლობაში თან ახლდნენ “ლივერპულის” ოფიციალური საიტის ჟურნალისტები და ცდილობდნენ პირადად მათგან გაეგოთ როგორია მცირე პაუზის მერე “ლივერპულის” რიგებში ვარჯიშის განახლება და ხელახლა ფორმაში ჩადგომა.

ჩვენც ინგლისელი ჟურნალისტების ამ საინტერესო რეპორტაჟს ქართულად შემოგთავაზებთ…

გაწელვები

სანამ ვარჯიშს დაიწყებენ ფეხბურთელებმა ჯერ გარკვეული შემოწმებები უნდა გაიარონ. პირველი ვან დეიკია. გუნდის სამედიცინო შტაბის წევრები, რამდენიმე კამერასთან ერთად ყურადღებით აკვირდებიან მის მოძრაობებს.

ამ დროს ფონად ერთ-ერთი ჰოლანდიური მუსიკა ირთვება და ცოტა ხანში ვეინალდუმიც შემოდის. მშვიდად აკვირდება თავის თანამემამულეს, ვინც პირველად გადის მერსისაიდში წინასასეზონო მზადებას და თავის რიგს ელოდება.

ეკრანზე იშიფრება ვან დეიკის მოძრაობები და ფიზიკური დავალებების მიხედვით მოწმდება რამდენად კარგად გამოსდის გაწელვები.


“ახლა სისხლის ანალიზის ჯერია. მოსაწყენი რამეა, მაგრამ აუცილებელია, რომ ნახონ ფიზიკურად რა ფორმაში ხარ და რაზე გაქვს სამუშაო.”-ამბობს ვეინალდუმი.

სისხლის ანალიზი

“ცხოვრება ნელ-ნელა ლამაზდება.”-იცინის კლოპი.

დილის 10 საათია. იურგენ კლოპი ვეინალდუმსა და ვან დეიკს ხელახლა ეგებება გუნდში. თუმცა ბიჭებმა ჯერ სისხლის ყოველწლიური ანალიზი უნდა გაიარონ.

ანალიზით ფეხბურთელთა გამძლეობას და ფიზიკურ მზაობას ზომავენ. ორ-ორ წუთიანი ინტერვალით მელვუდის მინდორზე წინასწარ მოზომილ წრეზე დარბიან. წრიდან წრემდე სისწრაფეს უმატებენ, ყოველ ინტერვალში კი მოწმდება გულის ცემა და სისხლის ნიმუშს იღებენ, რათა ნახონ როგორ მიმდინარეობს ნივთიერებათა წვა.

ვან დეიკის და ვეინალდუმის წრეზე სირბილს თან ჰოლანდიელების ნახვით გახარებული იურგენ კლოპის შემაგულიანებელი შეძახილები ახლავს. გამოკვლევაში მონაწილეობას იღებენ ანდრეას კორნმაიერი, პეტერ კრავიცი, პეპინ ლინდერსი, ჯონ ახტენბერგი და გუნდის სამწვრთნელო შტაბის სხვა წევრებიც.

45 წუთიანი სირბილის მერე დაღლილი ჰოლანდიელები ძალების აღსადგენად ვესტ დერბის ბაზაზე ბრუნდებიან.

გუნდის 4-იანი ენდი რობერტსონს შენიშნავს ბუფეტის კიბეებზე და მცველები ერთად გადიან გუნდის აღდგენით სესიაზე. ბიჭებს წინა დღეს “ჩესტერთან” მატჩში 7-0 აქვთ მოგებული.

ერთმანეთს გულთბილად გადაეხვევიან და ცოტა ხანში ვან დეიკი კვლავ ყურადღების ცენტრში ექცევა. ჯონ ახტენბერგთან ერთად, ვინც დღეს ასევე იუბილარია, დაბადების დღის მოლოცვებს იღებს, უამრავ სხვადასახვა ენაზე.

სავარჯიშო დარბაზი

შუადღისას ჰოლანდიელები სავარჯიშო დარბაზში გადაინაცვლებენ, სადაც იწელებიან და სავარჯიშო ველოსიპედებზე ხარჯავანე დარჩენილ ენერგიას, რასაც ისევ ახალი შემოწმებები სდევს თან.

სპეციალურ პლატფორმაზე ხტომით იზომება, რა ძალით შეუძლიათ დახტომა და რამხელა სიმაღლეზე ახტომა – რა მდგომარეობაში აქვთ კუნთები.


დამღლელი დღის მერე ბუფეტში გუნდელებთან ერთად სხდებიან. ვეინალდუმი მსოფლიო ჩემპიონატის შანსებს განიხილავს პოტენციურ ჩემპიონებთან – ჯეიმს მილნერთან და ჯო გომესთან ერთად.

ვან დეიკი კიდევ ხუთი წუთით რჩება, გუნდის ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევს და სახლისკენ მიეშურება, სადაც დაბადების დღის აღნიშვნას, ალბათ სხვანაირად გააგრძელებს.

“მარტივი დღე არ ყოფილა. პაუზის მერე ყოველთვის ცოტა რთულია ყველაფრის ხელახლა დაწყება, მაგრამ მაინც მიხარია, რომ დავბრუნდი და აქ ვარ. ნამდვილი სამუშაო ახლა იწყება.”-ამბობს ჰოლანდიელი.