პრემიერ ლიგის დასკვნით, 38-ე ტურში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “ვულვზი” მიიღო. მერსისაიდელებმა მეტოქე 2:0 დაამარცხეს. ორივე გოლი სადიო მანემ გაიტანა.

ამ გამარჯვებით კლოპის გუნდმა 97 ქულა მოაგროვა და ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა. მოგვიანებით განვლილ შეხვედრაზე, მთლიან სეზონსა და მოახლოებულ ფინალზე “წითლების” მარცხენა მცველმა, ენდი რობერტსონმა ისაუბრა :

“97 ქულა მოვიპოვეთ – ვფიქრობ, სეზონის წინ ასეთ შედეგზე ყველა დათანხმდებოდა. ეს აჩვენებს თუ რაოდენ შორს წავედით. ახლა “სიტიმ” იცის, რომ ჩვენ აქვე ვართ და არსად მივდივართ. ჩვენ კვლავ ერთად ვიქნებით და მომდევნო სეზონშიც ბოლომდე დავიხარჯებით. ვთვლი, რომ ბევრი რამ არასწორად არც გაგვიკეთებია. ცხადია, “მან. სიტიც” იმსახურებას პატივისცემას.

წინ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის, შემდეგ კი მომდევნო სეზონისთვის დავიწყებთ მზადებას. ახლა ფინალში ვართ და სწორედ ის უნდა გავაკეთოთ, რაც შარშან ვერ შევძელით. ვიცით თუ რაოდენ რთული დაპირისპირება გველის “ტოტენჰემთან”.” – ციტირებს შოტლანდიელის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპ. ლიგის ფინალი 1 ივნისს, მადრიდში გაიმართება.