The Independent–ი მეოთხე გოლის უცნობი მონაწილის შესახებ გვიამბობს.

მატჩის დასრულებამდე 11 წუთით ადრე ტრენტმა სწრაფად გაითამაშა კუთხური ორიჯისთან, რის შედეგადაც “წითლებმა” მეოთხე გადამწყვეტი გოლი გაიტანეს “კატალონიელთა” კარში. განაპირა მცველის გადაწყვეტილება ყველამ გამორჩეულად შეაქო, თუმცა აღნიშნულ ეპიზოდს დასაბამი ჯერ კიდევ სასტარტო სასტვენამდე ჩაეყარა.

“ლივერპულის” ანალიტიკოსებმა ყურადღება მიაქციეს, რომ “კამპ ნოუზე” შეხვედრისას თითოეულ დანიშნულ კუთხურზე “ბარსელონას” ფეხბურთელები გარკვეული მომენტი ეთიშებოდნენ ეპიზოდს და რეფერისთან აპროტესტებდნენ მიღებულ გადაწყვეტილებას. მოწინააღმდეგის აღნიშნული ხარვეზი იურგენ კლოპმაც შეამჩნია და კლუბის თანამშრომლებს მითითებები მისცა.

კარლ ლანკასტერი – საბავშვო სისტემის ერთ–ერთი მწვრთნელი, რომელიც “კირკბიში” მუშაობს. მის მოვალეობაში ასევე შედის ბურთის მომწოდებელი ბავშვების ქმედებების კოორდინირება. ლანკასტერის მითითება იყო, რომ ბურთი რაც შეიძლება სწრაფად მიეწოდებინათ “ლივერპულის” ფეხბურთელებისთვის.

ოკლი კანონერი 14 წლისაა და სწორედ მან მიაწოდა მყისიერად ბურთი ტრენტს. “ბარსელონას” ფეხბურთელები საჯარიმოს მისადგომებთან იდგნენ და ვერ წარმოედგინათ რა მოხდებოდა უახლოეს წამებში.

კანონერი ლიდსში დაიბადა, თუმცა “ლივერპულის” აკადემიაში ირიცხება. მას ძალიან ხშირად ავარჯიშებენ უფროსი ასაკის ფეხბურთელებთან. როგორც არ უნდა წარიმართოს სამომავლოდ მისი კარიერა, მას აუცილებლად ემახსოვრება თავისი როლი “ლივერპულის” ერთ–ერთ ბრწყინვალე გამარჯვებაში.