“ჩვენ გვჭირდება უფრო სწორხაზოვანი და აგრესიული შემტევი. ახლა გუნდში მყავს ერიქსენი, სონი, ლამელა – მათ ბურთის ფეხებში მიღება უყვართ, მე კი მჭირდება მოთამაშე, რომელიც სხვაგვარად გაარღვევს მეტოქის დაცვას, მაგალითად, სადიო მანე.” – ამბობდა მაურისიო პოჩეტინო რამდენიმე წლის წინ. სენეგალელმა კი “ლივერპულში” გადასვლა არჩია და უკვე 2,5 წელია გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

“ლივერპული” და “ტოტენჰემი” ღია, ლაღ ფეხბურთს თამაშობენ, თუმცა სტილით ნამდვილად განსხვავდებიან. კლოპის გუნდი ზონურ პრესინგს და მოედნის ცენტრის კონტროლს არჩევს, პოჩეტინოს შეგირდები კი მეტოქის მეკარესაც კი აპრესინგებენ და ინდივიდუალურად მეურვეობენ ოპონენტს. არგენტინელი ხშირად ცვლის სათამაშო ტაქტიკას, გერმანელის სათამაშო სისტემა კი არც თუ რთულად პროგნოზირებადია – მიმდინარე სეზონში ის 4-3-3 და 4-2-3-1 სისტემებს იყენებს.

მანეს სტაბილურობას ბევრი არ აფასებს…

“სადიო მანეს ევოლუცია ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ის ფორმის პიკში ჯერ კიდევ არ არის. ახალ დონეზე ასასვლელად, მას კარგი მწვრთნელი სჭირდება. მისი შესაძლებლობები პრაქტიკულად უსაზღვროა. სადიო ჩემთვის შვილივითაა.” – ამბობდა მანეს ერთ-ერთი პირველი მწვრთნელი, მადი ტურე 5 წლის წინათ.

დიახ, უკვე 5 სეზონია, მანეს ევროპის ტოპ ჩემპიონატში 10 და მეტი გოლი გააქვს(პენალტების გარდა), თანაც, ის არ ასრულებს მხოლოდ შეტევით ფუნქციებს. მისი სტილის მოთამაშეებს ასეთი შედეგიანობა არ ახასიათებთ – რობენს, რიბერის, ბეილს, აზარს… ცალსახად არ ვამტკიცებ, რომ სადიო რომელიმე ხსენებულ მოთამაშეზე მაღალი დონის ფეხბურთელია, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი შედეგიანობის უკან შეცვლილი კლუბები და პოზიციები დგას.

კლოპის აზრით, მანე ყოველთვის ინარჩუნებს ერთ დონეს და ყოველწლიურად უმატებს. გერმანელის თქმით, სადიოს განვითარების ტრაექტორია მუდამ ზემოთაა მიმართული – ეს ეხება როგორც გუნდურ, ისე ინდივიდუალურად მუშაობის ასპექტებს.

როჯერ შმიდტის “ზალცბურგში” სენეგალელი 4-4-2 სისტემაში მარცხენა ნახევარმცველის როლს ასრულებდა. მანეს მარგი ქმედების კოეფიციენტი შეტევაშიც და დაცვაშიც ძალიან დიდი იყო, ზოგჯერ ამბობდნენ, რომ გუნდი 4-2-4 სისტემით თამაშობდა. რონალდ კუმანის “საუთჰემპტონში” კი სადიო ნამდვილი უნივერსალი იყო – ის ჰოლანდიელი როგორც ფლანგებზე, ისე თავდამსხმელის უკანაც ათამაშებდა. მაშინ “წმინდანები” საკმაოდ ფრთხილ ფეხბურთს თამაშობდნენ და აქცენტს ჩაწოდებებზე აკეთებდნენ, რის გამოც მანე ხშირად არც თუ ხელსაყრელ მდგომარეობაში იყო.

“ლივერპულში” სენეგალელმა სადებიუტო სეზონში მარჯვენა ფლანგზე ითამაშა. იმ წელს კლოპმა ის დაცვითი ფუნქციებისგან გაათავისუფლა და საშუალება მისცა მხოლოდ შეტევაზე ეფიქრა. სწორედ ის სძენდა გუნდის შეტევას სისწრაფეს და სწორედ მას შეეძლო ყველაზე უკეთ მცველების უკან ჩარბენა. აფრიკის თასზე ყოფნისას კი მერსისაიდელთა შეტევა გაცილებით სუსტი იყო. მეტიც, კლოპმა ხელმძღვანელობა დაარწმუნა, რომ მანესთვის კერძო თვითმფრინავი გაეგზავნათ, რათა სენეგალელი მელვუდში რამდენიმე დღით ადრე დაბრუნებულიყო.

მომდევნო წელს მანეს როლი რადიკალუტად შეიცვალა. ახლა ფლანგზე თავისუფალ მოთამაშედ უკვე სალაჰი იქცა, სადიოს კი დაცვითი ფუნქციების შესრულებაც დაევალა. როცა ეგვიპტელი ძალიან წინ რჩებოდა, გუნდი 4-4-2 სისტემაზე გადადიოდა, სადაც მანე უკვე ნახევარმცველად გვევლინებოდა. ასეთ პირობებშიც კი, სენეგალელი პროგრესირებდა და უმატებდა. შეტევაში ის უფრო სახიფათო იყო, უბრალოდ, რეალიზაციის ცუდი მაჩვენებლის გამო რამდენიმე გოლით ნაკლები გაიტანა.

“მანე ყოველთვის იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე, მაშინაც კი, როცა ის არ იყო საუკეთესო ფორმაში. სწორედ ეს მეტყველებს ფეხბურთელის ჭეშმარიტ დონეზე. თუ ფეხბურთელი ასეთ დროს ახერხებს იყოს საკვანძო მოთამაშე და ბევრს შრომობს, მაშინ მალე შედეგიანობაც მოდის.” – ამშვიდებდა კლოპი გულშემატკივარს.

წელს მანეს როლი კიდევ უფრო გაიზარდა. 4-2-3-1 სისტემაში, სადაც სალაჰი ცენტფორვარდის როლს ასრულებდა, სადიო უფრო მეტად ფლანგს მიეჯაჭვა, თუმცა იყო შემთხვევები, როცა ის “ცხრიანადაც” კი მოგვევლინა – “უოტფორდთან” მატჩში, სადაც დუბლი გაიფორმა, ერთ-ერთი გოლი კი თავით გაიტანა. ის კლოპის უნივერსალურ ჯარისკაცად იქცა.

“თუკი მკითხავთ, არის თუ არა მანე თავდამსხმელი, გიპასუხებთ – დიახ, არის. თუკი მკითხავთ, არის თუ არა ის ნახევარმცველი, ჩემი პასუხი კვლავ იქნება – დიახ, არის. მას უფრო სიღრმეშიც შეუძლია თამაში, თუმცა ჯერ ამის საჭიროება არ არსებობს.” – განაცხადა კლოპმა.

რამდენიმე წლის წინ, ჩაატარეს კვლევა მოთამაშეებზე, რომლებსაც ორივე ფეხით საკმაოდ მაღალ დონეზე შეეძლოთ თამაში – როგორც გაირკვა, დარტყმების 40% მანემ მარცხენა ფეხით განახორციელა, 60% კი მარჯვენათი. ეს მას კიდევ უფრო მეტად არაპროგნოზირებას და სახიფათოს ხდის.

“ის ფიზიკურად ძლიერი, ტექნიკური და დაუჯერებლად სწრაფი მოთამაშეა. არა მხოლოდ მოძრაობის, არამედ აზროვნების კუთხითაც.” – აქებს მანეს “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი. სენეგალელის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს “ევერტონის” საყრდენი, მანეს თანამემამულე, იდრისა გიე : “როგორც წესი, მეტოქესთან ახლო კონტაქტი გეხმარება, მაგრამ სადიო ძალიან არაპროგნოზირებადია. ის შეიძლება ნებისმიერ მხარეს მოტრიალდეს, ან სულაც იმავე მიმართულებით განაგრძოს მოძრაობა. თითქოს, მისთვის ძალიან ადვილია სატერფულზე ფეხის დაჭერა და აჩქარება.”

ზემოთთქმულის კარგი მაგალითია “ბაიერნის” კარში გატანილი პირველი გოლი – მატჩშის შემდეგ ნიკო კოვაჩი ამტკიცებდა, რომ ნოიერი არ შემცდარა. პირიქით, მისი თქმით გერმანელმა სწორად იმოქმედა და მეტოქეს მოქმედების არეალიც შეუმცირა, თუმცა მანეს არასტანდარტულმა მოქმედებამ ყველაფერი შეცვალა. მანეს ინტელექტსა და პროგრესზე თანაგუნდელები და სამწვრთნელო შტაბის წევრებიც საუბრობენ :

“აქ სადიო ახალ დონეზე გადავიდა. ეს კი კლოპის, მისი შტაბის და თავად მოთამაშის დამსახურებაა. მან მოუმატა როგორც ტაქტიკური, ისე საფეხბურთო ინტელექტის კუთხით. დარწმუნებული ვარ, თავად მანეც იმავეს გეტყვით.” – ამბობს მერსისაიდელთა კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი.

მიუხედავად ყველაფრისა, სენეგალელის ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის მოედნის ხედვა და ისეთი პასები, როგორც მაგალითად ეს ფირმინოს ახასიათებს. მაგრამ, გუნდის შემქნილ მომენტებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ რომ მას კარგად შეუძლია წაიკითხოს თანაგუნდელთა მოქმედება და საჭირო დროს საჭირო პოზიციაში აღმოჩნდეს.

“ბურთის გათამაშებამდე საკუთარი თავისთვის დამატებითი სივრცის შექმნა სადიოს ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა.” – გვიყვება კლოპის თანაშემწე, პეპ ლეინდერსი. თავად გერმანელი კი მანეს ასე ახასიათებს : “ყველა სადიოს გადაადგილების სისწრაფეზე საუბრობს და სრულიად სამართლიანადაც, თუმცა მისი აზროვნების სისწრაფეც ასევე აღფრთოვანებას იწვევს.”

მანე თავის კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს 

ევროპის მასშტაბით, სენეგალელი 3 საუკეთესო ბომბარდირში შედის, თუკი პენალტებიდან გატანილ გოლებს არ ჩავთვლით – ამ კუთხით ის ინგლისში საუკეთესოა. ბოლო 6 მატჩში მან 7-ჯერ აიღო მეტოქის კარი. მისი რეალიზაციის მაჩვენებელიც გამოსწორდა – ბომბარდირებს შორის მას ყველაზე ნაკლები შანსი ჰქონდა გოლის გასატანად – რეალიზაციის მაჩვენებელი 61%. მას იმდენივე შანსი ჰქონდა, რამდენიც გაბი ჟესუსს(18-18) – სენეგალელის ანგარიშზე 11 გოლი, ბრაზილიელის აქტივში კი მხოლოდ 4.

“სადიო ყოველთვის ასეთ დონეზე თამაშობდა, უბრალოდ, ახლა სწორ დროს სწორ ადგილას ხვდება. ამავდროულად, ფეხბურთში რეალიზაცია გარკვეულწილად იღბალზეც არის დამოკიდებული და როცა ის შენს მხარესაა, აუცილებლად უნდა გამოიყენო.” – ამბობს კლოპი.

“ზოგჯერ ფეხბურთელებს თავადაც უკვირთ : “ეს როგორ შევძელი ?” მათ დრო სჭირდებათ რათა ზუსტად შეაფასონ საკუთარი თავი. მანემ ეს პერიოდი უკვე გაიარა, მას არაფრის დამტკიცება აღარ სჭირდება. ყველამ ვიცით, რომ ის მსოფლიო დონის მოთამაშეა.” – აცხადებს იურგენი.

ხშირ შემთხვევაში, შემტევები ადვილად ივიწყებენ დაცვით ფუნქციებს, თუმცა ეს სადიოს ნამდვილად არ ეხება. “ყველაფერი მარტივია : ვცდებოდი, როცა მანეს “ბორუსიაში” ყოფნისას არ ვყიდულობდი.” – ამბობდა კლოპი ჯერ კიდევ 2016 წელს.  სენეგალელის გაფორმება ძალიან სურდა პოჩეტინოსაც, რომელიც ახლა მოურასგან ცდილობს ისეთივე სარგებლის მიღებას, თუმცა ბრაზილიელი ასეთივე სტაბილური და უნივერსალური არ არის. სადიო ჭკვიანი მწვრთნელისთვის შეუცვლელი იარაღია – მას შეუძლია ნებისმიერი ტიპის შემტევის როლი მოირგოს.

“არ ვფიქრობ, რომ არის თუნდაც 1 კლუბი, რომელიც მანეს დამატებას არ ისურვებდა. მის მიმართ მხოლოდ 1 პრეტენზია მაქვს – მეჩვენება, რომ ზოგჯერ ის თავადაც ვერ აანალიზებს რაოდენ შესანიშნავი მოთამაშეა.” – აგრძელებს შეგირდის შექებას იურგენ კლოპი.

დადის ხმები, რომ “ლივერპულში” გადასვლამდე მანე ახლოს იყო “ტოტენჰემის” რიგებში ჩარიცხვასთან. მეტიც, პოჩეტინომ პირადად მოუწყო სადიოს კლუბის ბაზაზე ექსკურსია, თუმცა სენეგალელთან ფინანსური დეტალების შეთანხმება ვერ მოხერხდა, მოგვიანებით კი ის უკვე მერსისაიდელი გახდა.