პრემიერ ლიგის 32-ე ტურში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “ტოტენჰემი” მიიღო. მერსისაიდელებმა მეტოქე 2:1 დაამარცხეს და ცხრილში კვლავ პირველ პოზიციაზე გადაინაცვლეს. აღსანიშნავია, რომ მეორე პოზიციაზე მყოფ “სიტის” 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მოგვიანებით, კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში განვლილ შეხვედრასა და გუნდის მიზნებზე კომენტარი მოჰამედ სალაჰმა გააკეთა :

“ფანებს პრემიერ ლიგის მოგება სურთ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათ ეს სურვილი შევუსრულოთ. ისინი მთელი მატჩის განმავლობაში გვეხმარებიან, ატმოსფერო უბრალოდ გიბიძგებს უკეთ ითამაშო და მომენტები შექმნა.

დიდი გუნდები ყოველთვის პოულობენ გზას ქულების მოსაპოვებლად. შესაძლოა, მეორე ნახევარში ჩვენი ფეხბურთი არ გვითამაშია, თუმცა რაც მთავარია, მოვიგეთ და 3 ქულა ავიღეთ. არ აქვს მნიშვნელობა მე ვიქნები თუ არა გოლის ავტორი… რამდენიმე შეხვედრაში ვერ გავიტანე, თუმცა მთავარია რომ გუნდმა მოიგო.

წნეხი უფრო იზრდება. საჩემპიონო რბოლაში დასარჩენად გამარჯვების მოპოვებაა საჭირო. წინ “საუთჰემპტონია”, მათ პრემიერ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ქულები სჭირდებათ, ამიტომაც რთული მატჩი გველის.” – ციტირებს სალაჰის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.