როგორც იცით, სეზონის ბოლო და, შესაბამისად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაც ახლოვდება და ნელ-ნელა სატრანსფერო ჭორებმაც გამოღვიძება დაიწყეს.

ბოლო პერიოდში „ლივერპულს“ აქტიურად უკავშირებდნენ პაულო დიბალას და მატეის დე ლიხტს, გარდა ამისა, ზოგიერთი გამომცემლობა არც ფილიპე კოუტინიოს დაბრუნებას გამორიცხავს მერსისაიდში.

სპეციალურად მიცემულ ინტერვიუში ჯეიმს პირსმა სამივე ზემოთ ნახსენებ ფეხბურთელზე გააკეთა კომენტარი: – „დიბალა, ვფიქრობ იგი უნდა გამორიცხოთ. ვიცი რომ მის თაობაზე ჭორები გასულ ზაფხულს დაიწყო და იმ დონესაც მიაღწია, როდესაც იტალიაში იძახდნენ, რომ „ლივერპულმა“ 80 მილონი ფუნტი თუ რაღაც ამდაგვარი შეთავაზებაც გააკეთა, თუმცა მე აბსოლუტურად განცვიფრებული დავრჩები თუ „ლივერპული“ მის შეძენას მოინდომებს“.

პირსმა კომენტარი დე ლიხტზეც გააკეთა, რომელიც უფრო დამაიმედებელია: – „დე ლიხტი, ვფიქრობ, რა თქმა უნდა, „ლივერპულში“ იგი მოსწონთ, ვფიქრობ იგი ყველა ევროპულ კლუბს სურს. თუმცა, არ ვარ ინფორმირებული იმის თაობაზე, რომ „ლივერპულში“ მის სანაცვლოდ რაიმე მსუყე შეთავაზებას ამზადებენ“.

დაბოლოს, ჟურნალისტმა ფილიპე კოუტინიოს შესაძლო დაბრუნებაზეც ისაუბრა: – „რამდენს დათანხმდება „ბარსელონა“? არ მგონია, რომ მათთვის მისაღები იქნება ის ფასი რასაც მათ „ლივერპული“ შესთავაზებთ. ვერ ვგრძნობ, რომ „ლივერპულის“ მხრიდან რაიმე ცუდი დამოკიდებულება იყოს მის მიმართ. როდესაც იგი წავიდა, ყველაფერი მეგობრულად მოხდა. „ლივერპულში“ გრძნობდნენ ამას, რომ მას აქ ყოფნა აღარ სურდა. ჩვენ ჩვენი ფასი დავადეთ, „ბარსელონამ“ იგი გადაიხადა – ახლა კი წარმატებას ვუსურვებ მას. თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ მისი დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა მანამ, სანამ მის ფასს იქამდე არ დაწევენ, რომელიც „ლივეპულისთვის“ ფინანსურად აზრს შეიძენს. იგი მათ ბონუსების ჩათვლით 142 მილიონ ფუნტად გაყიდეს. ვერ ვხედავ სიტუაციას, სადაც „ლივერპული“ მასში 100 მილიონს გადაიხდის მის უკან დასაბრუნებლად.”