ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე კატალონიის “ბარსელონა” მიიღო. მერსისაიდელებმა მეტოქე 4:0 დაამარცხეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.

ახლა “ლივერპულს” ორი შეხვედრა აქვს დარჩენილი – პრემიერ ლიგის ბოლო ტურში კლოპის გუნდი “ვულვზს” დაუპირისპირდება, 1 ივნისს კი “წითლები” უკვე “ტოტენჰემის” დამარცხებას ეცდებიან.

კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში, მერსისაიდელთა განაპირა მცველმა, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა გუნდის განვლილ მატჩზე, “ენფილდის” ძალასა და მომავალ დაპირისპირებებზე ისაუბრა :

“ვფიქრობ, ეს დღე აუცილებლად შევა “ენფილდის” ისტორიაში. ვთვლი, რომ ყველა, ვინც სტადიონზე იმყოფებოდა, ერთ-ერთი საუკეთესო ატმოსფეროს მომსწრე გახდა. როცა აქ ვთამაშობთ, ჩვენ სრულიად სხვა, კიდევ უფრო უკეთესი გუნდი ვხვდებით. ალბათ, “ბარსელონას” მოთამაშეები გაოცებულიც კი იყვნენ ამით, ჩვენ კი ეს უპირატესობა გამოვიყენეთ და ისინი დავსაჯეთ.

ამავდროულად, საქმე არ დაგვისრულებია – კვირას კიდევ 1 მატჩი გველის. ამ სეზონში წარმატებისთვის ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ. ახლა კი წინ ორი ფინალია ! ამ სეზონში “ტოტენჰემი” უკვე ორჯერ დავამარცხეთ, ასე რომ, საკმაოდ თავდაჯერებულები ვართ. ორივე გუნდმა დაუჯერებელი გზით შეძლო ფინალში გასვლა. დარწმუნებული ვარ, ლიგის ფინალი ნამდვილად კარგი გამოვა.”

“ბარსელონასთან” მოპოვებულ გამარჯვებაზე საუბრისას, არნოლდმა კომენტარი თავის თანაგუნდელებზეც გააკეთა :

“ორიჯის ამ სეზონში შანსი ხშირად არ ეძლეოდა, თუმცა მან მაინც შეძლო 2 გოლის გატანა. ვეინალდუმი კი ალბათ გაბრაზდა კიდეც, როცა სეზონის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე დატოვეს, თუმცა შესვენებაზე მოედანზე გამოვიდა და 10 წუთში დუბლი გაიფორმა. ასე რომ, ყოველთვის უნდა იყო მზად შანსის მისაღებად.” – ციტირებს ტრენტის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.