რობერტო ფირმინო ღარიბ ბრაზილიურ ოჯახში გაიზარდა. მამა სანაპიროსა და საკონცერტო დარბაზებთან სასმელებს ჰყიდდა, ხოლო თავად ბობი ატლანტის ოკეანის სანაპიროზე ქოქოსით ვაჭრობდა. მშობლებს სურდათ, რომ მას სკოლაში კარგად ესწავლა და მასეიოზე გაცილებით უსაფრთხო სკოლაში გადასულიყო, თუმცა მათი და ფირმინოს აზრები ერთმანეთს სულაც არ ემთხვეოდა.
რობერტო “კლუბ რეგატას ბრაზილში” ვარჯიშობდა. აღნიშნული სკოლა კი ნელ-ნელა ჭაობში იძირებოდა – კლუბს ჰქონდა ფინანსური პრობლემები, მწვრთნელები ხელფასს თვეების განმავლობაში ვერ იღებდნენ და აკადემიაც თავისთვის არსებობდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ ჭაობიდან თავის დაღწევაში ფირმინოს კლუბის სტომატოლოგი, მარსელუშ პორტელლა დაეხმარა.
“როდესაც მისი თამაში ვნახე, მაშინვე მივხვდი თუ რა დიდი ტალანტის მქონე იყო ის. ამის მიუხედავად, მისით არავინ ინტერესდებოდა. როდესაც ფირმინოს ვუთხარი, რომ ერთ დღეს ის ნაკრებში ითამაშებდა, მან შეშლილი მიწოდა. ახლა კი ყველა აღიარებს, რომ შეშლილები თავად იყვნენ როცა ასეთ ნიჭს ვერ ამჩნევდნენ.” – იხსენებს პორტელლა. მარსელუშმა უახსნა რობერტოს, რომ “კრბ”-ში გაჩერება მას წარმატებას ვერ მოუტანდა. სტომატოლოგი დაუხლოვდა პატარა ბიჭის ოჯახს. მალე ის ბობის მასწავლებელი, აგენტი და უბრალოდ კარგი მეგობარი გახდა.

“მან მხარი დამიჭირა მაშინ, როცა ჩემი არავის სჯეროდა. ის ძალიან დამეხმარა სხვადასხვა რჩევებით.” – აღნიშნავს ფირმინო. მალე პორტელლამ თავისი ძველი კავშირები გამოიყენა, რისი წყალობითაც 2 კვირის განმავლობაში რობერტო “სან პაულოში” ვარჯიშობდა. სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ყველაფერი უშედეგოდ დასრულდა. 2008 წელს კი ფირმინომ უკვე “ფიგეირენსეს” მიაშურა, სადაც შეტევაში საოცრებები ჩაიდინა და კლუბის მესვეურებზეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ “კრბ”-ში მას საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ათამაშებდნენ.
“პირველ ვარჯიშზე რობერტომ ორი გოლი გაიტანა. მისი დონე თავიდანვე შესამჩნევი იყო. ჩვენ ის მაშინვე ავიყვანეთ. მას არ ჰქონდა განსაკუთრებული განათლება, თუმცა მოედანზე ის მუდამ დაუჯერებლად გონიერი და ჭკვიანი იყო. ის რაციონალურ გადაწყვეტილებებს იღებდა და ტაქტიკას ალღოს ადვილად უღებდა.” – იხსენებს “ფიგეირენსეს” მწვრთნელი ემერსონ მარია.
ახალ კლუბში ბობი პირველ თვეებში პრაქტიკულად არავის ეკონტაქტებოდა. მეტიც, ზოგიერთმა მწვრთნელმა და მოთამაშემ მისი სახელიც კი არ იცოდა. ფირმინო მაშინაც კი ჩუმად იყო, როცა მას არასწორი სახელით მიმართავდნენ. “ის ძალიან ჩაკეტილი იყო, რადგან პირველად დატოვა სახლი ასე დიდი ხნით. დედა ყოველ დღე ტიროდა. ზოგადად, მე სახელებს მარტივად ვიმსახსოვრებ, თუმცა მასთან პრობლემები მქონდა. გარკვეული პერიოდი მას შეცდომით ალბერტოს ვეძახდი, ის კი ჩემს დავალელებს უსიტყვოდ ასრულებდა.” – იხსენებს მარია. ყველაფერი მაშინ გაირკვა, როცა ფიზმომზადების მწვრთნელმა მარიას ჩუმად უთხრა, რომ ის ფირმინოს სხვა სახელით მიმართავდა.
“ფიგეირენსეში” ფირმინო სწრაფად განვითარდა. ზუსტად 1 წელში გუნდის ყველაზე წყნარი მოთამაშე U17-ის ლიდერი და 10 ნომრის მფლობელი გახდა. “ის უფრო მეტს მუშაობდა, ვიდრე მოეთხოვებოდა. თითქმის 1 წელი, კლუბის ბაზის გარდა არსად ყოფილა.” – აღნიშნავს ემერსონ მარია.
2010 წელს “ფიგეირენსე” ბრაზილიის უმაღლეს დივიზიონში დაბრუნდა. სულ მალე კი რობერტოს შეძენით “ჰოფენჰაიმი” დაინტერესდა. გერმანულმა კლუბმა ის 4 მილიონ ევროდ გაიფორმა, წლების შემდეგ კი “ლივერპულში” 41 მილიონ ევროდ გაუშვა.
მარსელუშ პორტელლა აღარ მუშაობს სტომატოლოგად. ის ფირმინოს ახლო მეგობარი და დამხმარეა. ის უარს აცხადებს “აგენტის” სტატუსსა და თავის თავზე საუბარზე. მისი მიზანი არ ყოფილა რაიმე სარგებლის მიღება. ის უბრალოდ პატარა, ღარიბ ბიჭს დაეხმარა.