გუშინ ერთა ლიგის მეორე 1/2 ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს ნიდერლანდების და ინგლისის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიელთა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდნენ როგორც ვირჯილ ვან დეიკი, ასევე ჟორჟინიო ვეინალდუმი, საუთგეიტმა კი ფინალის მონაწილე ფეხბურთელთა სათადარიგო სკამზე დატოვება გადაწყვიტა.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით დაიწყო და სავსე იყო შეცდომებით. პირველი უხეში შეცდომა მატიას დე ლიხტმა დაუშვა, რომელმაც ჯერ ბურთი დაკარგა შემდეგ კი მეკარის პირისპირ დარჩენილი რაშფორდის წინააღმდეგ იუხეშა. პენალტი რაშფორდმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაიხსნა.

მეორე ტაიმში მატიას დე ლიხტმა შეცდომა გამოასწორა და კუთხურის შემდეგ ანგარიში თავური დარტყმით გაათანაბრა. აღსანიშნავია, რომ ცვლილებაზე გამოსულმა ჯორდან ჰენდერსონმა ჯესი ლინგარდზე საკმაოდ კარგი გამჭოლი პასი გააკეთა და ამ უკანასკნელმაც შანსი გამოიყენა, მაგრამ როგორც განმეორებაზე გამოჩნდა, ლინგარდი რამდენიმე სანტიმეტრით წინ იყო, რის გამოც გოლი გაუქმდა.

შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, სადაც ჯერ უოლკერმა შემდეგ კი სტოუნზმა გამოუსწორებელი შეცდომები დაუშვეს და მეტოქე გუნდს ორჯერ მისცეს კარის დალაშქვრის საშუალება. საბოლოო ანგარიშ – 3:1. ნიდერლანდები ფინალში გავიდა, ინგლისი კი მე-3 ადგილისთვის მატჩში შვეიცარიას დაუპირისპირდება.

ვირჯილ ვან დეიკმა და ჟორჟინიო ვეინალდუმმა 120 წუთი ითამაშეს. ვეინალდუმი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. ის ჯერ შემტევითი, შემდგომ კი დაცვითი ფუნქციებით იყო დაკავებული. ვირჯილ ვან დეიკი ტრადიციულად უშეცდომო იყო მთელი 120 წუთის განმავლობაში.

აქვე უნდა ვთქვათ, რომ ვირჯილ ვან დეიკს ინგლისელ გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად მთელი შეხვედრის მანძილზე ყოველი შეხებისას უსტვენდა, რამაც ინგლისელი ლივერპულის ფანების გაღეზიანება გამოიწვია.