იყო დრო როცა დღეს კალიფორნიის მზით გარუჯული იურგენ კლოპი ინგლისში მოგზაურობდა და ღამეში 5 ფუნტად ნაქირავებ საწოლსა და გამზადებულ საუზმეს სჯერდებოდა.

თავისი ლამაზი და შთამბეჭდავი საფეხბურთო კარიერის დაწყებამდე კლოპს მატარებლით მოუვლია ინგლისი, და როცა ნომრის სანაცვლოდ ღამეში თითო 5 ფუნტიანთან განშორება უკვე დიდ ფუფუნებად იქცა, გერმანელი ჰოსტელებში საკუთარი ოთახის თავად დალაგებასა და დასუფთავებასაც არ თაკილობდა, რის სანაცვლოდაც უფასოდ აძლევდნენ ღამის გასათევ ნომერს.

მცირე თანხითა და ინგლისელი ხალხისა და ინგლისური ენისადმი ცხოველი ინტერესით მოუვლია კლოპს ნისლიანი ალბიონი. ერთი თვე უმოგზაურია და მოგზაურობის ბოლოს მტკიცედ გადაუწყვეტია: აქაურობა როგორც აქაურმა მცხოვრებმა ისეც უნდა გავიცნოო. “სტადიონებზე შესასვლელი ფული არ მქონდა, მაგრამ მატარებლის აბონიმენტი შევიძინე და ოთხი კვირა ვიმგაზურე ასე ინგლისის რკინიგზით.”–ამბობს კლოპი goal.com-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც “ლივერპულის” ოფიციალურმა საიტმა სრულ სახით შემოგვთავაზა.

“მაგარი იყო 5 ფუნტად ნაქირავები საწოლი და გამზადებული საუზმე. ხანდახან ახალგაზრდულ ჰოსტელებში მიწევდა ძილი, სადაც ცალკე ამბავი მელოდა. რომ მივედი მითხრეს თავად უნდა დაასუფთავო ოთახიო. ვიფიქრე, გაგიჟდნენ მეთქი. მაგრამ მერე მითხრეს, ასე თუ მოიქცევი, უფასოდ დაიძინებო და ამას უკვე არაუშავდა.

“კარგი დრო იყო. ამინდი რა თქმა უნდა არც მაშინ ვარგოდა, მაგრამ შემიყვარდა ეს ქვეყანა. ენაც კი ძალიან შემიყვარდა, რთული საერთოდ არ ჩანდა. მინდოდა ახალი ხალხის გაცნობა, მიზიდავდა მათი ცხოვრების წესი. მაშინვე ვიცოდი, რომ თუ საშუალება მექნებოდა, აქ აუცილებლად ვიცხოვრებდი.

“ცხოვრებაში არც ისე ბევრ ადგილას ვყოფილვარ და არც ისე ბევრი სამუშაო მქონია. მარტივი არ იყო სადმე უბრალოდ წასვლა. წინააღმდეგობები ყოველ ნაბიჯზე გხვდება. მამა რომ გავხდი ჯერაც ახალგაზრდა ვიყავი, მერე ბევრი საზრუნავი მქონდა და ასეთი რამეები.

“მაგრამ მწვრთნელობა რომ დავიწყე და წარმატებასაც მივაღწიე, უკვე ვიცოდი, აქ წამოსვლის კარგი შესაძლებლობა რომ მქონდა. ახლა კი აქ ვარ. თანაც რამხელა პატივია ასეთ დიდ კლუბში ყოფნა. ძალიან მსიამოვნებს აქ.”

 

კლოპი ინგლისში ჩავიდა, მაგრამ ჩასვლისთანავე ახალი გამოწვევები გამოჩნდა. გერმანელი მერსისაიდულ გიგანტს “ლივერპულს” უდგას სათავეში. “ლივერპულს” რომლის სახელიც ერთ დროს მთელ ბრიტანეთსა და ევროპაში ქუხდა. “ლივერპულის”, ყველაზე წარმატებულ ბრიტანულ გუნდს ევროპაში, ჩემპიონთა ლიგის ხუთგზის ჩემპიონს, ინგლისის თვრამეტგზის ჩემპიონს. გუნდს უმდიდრესი ისტორიითა და უზარმაზარი ტრადიციებით, აი ამ ტიტანის გამოფხიზლებას და ხელახლა მწვერვალზე ატაცებას ცდილობს იურგენ კლოპი.

თუმცა ამ გზაზე გერმანელი მარტო არაა. შეიძლება ლივერპულის ქუჩებში ყველას მისი სახელი აკერია პირზე, მაგრამ გენერალს ძალიან დიდი და გამოცდილი გუნდი უმაგრებს ზურგს. “ლივერპულის” ერთ ვარჯიშზე თუ მაინც შეიხედავთ, ამაში მარტივად დარწმუნდებით.

გუნდი კლუბის ახალ ფიტნეს მწვრთნელს ანდრეას კორნმაიერს გაჰყავს მელვუდზე სარბენად და გაწელვებისთვის. მერე ახალგაზრდა პეპინ ლინდერსი იბარებს ბიჭებს, ბურთს ერთმანეთში აგორავებინებს და პასებზე ამუშავებს. ამის მერე საქმეში ჟელკო ბუვაჩი ერთვება თავისი ტაქტიკური ამოცანებითა და მონახაზებით. თუ აქამდე კლოპი უფრო დამკვირვებლის როლშია, აქედან გერმანელი უკვე ნამდვილი პროფესორი ხდება და თავის გამოცდილებას ფეხბურთელებს უზიარებს.

პეტერ კრავიცი ყოველ მომენტს, ფეხბურთელთა ყოველ მოძრაობას თვალს ადევნებს და მოთამაშეთათვის აბსოლუტურად ყველა სახის შეცდომაზე მითითება და მათი გამოსწორება მისი საქმეა. ვარჯიშის დასაწყისში ჯონ ახტენბერგს, მეკარეთა მწვრთნელს, გუნდის “კიპერები” მიჰყავს და ცალკე ავარჯიშებს. გუნდის კარგ და გამართულ თამაშში თავიანთი წვლილი შეაქვთ სამედიცინო შტაბს, ანალიტიკოსთა ჯგუფს, კვების სპეციალისტ მონა ნემერს და აბსოლუტურად ყველას, ვისაც ფეხბურთელთა მომზადება და მომავალი თამაშისთვის მწყობრში ჩაყენება ევალება.

“ძალიან გამიმართლა, ასეთი ხალხის ჩემს გუნდში შეკრების საშუალება რომ მომეცა.

 

“ერთმსახიობიანი წარმოდგენა არა ვარ. არც არასდროს ვყოფილვარ ჩემს ცხოვრებაში და არც მინდა, ოდესმე რომ ვიყო. ვიცი, ტელევიზორში მარტო მე ვჩანვარ. ისიც ვიცი, რომ ვარჯიშებზეც ფეხბურთელებზე მეტად შესამჩნევი მე ვარ ხოლმე, იმიტომ რომ როცა ისინი დარბიან და ვარჯიშობენ, მე ვდგავარ, ვუყურებ და სახითაც იმ სასაცილო რამეებს ვაკეთებ, ფოტოგრაფები დანახვისთანავე რომ ფირზე აღბეჭდავენ ხოლმე. არ მინდა ასეთი განსაკუთრებული ყურადღება და არც მომწონს, მაგრამ რა ვქნა, ვეგუები, ესეც საქმის ნაწილია და იმიტომ.

“ჩემი საქმე პირველ რიგში დაკვირვება და ყველაფრის შემჩნევაა, იმიტომ რომ გუნდში მიმდინარე აბსოლუტურად ყველა დეტალი უნდა ვიცოდე. კლუბის გარედან ამ ყველაფრის შემჩნევა რთულია, თითქოს ყველაფერი ქაოტურად ხდება. ხშირად უბრალოდ ვდგავარ და ვუყურებ ხოლმე, მაგრამ ყველაფერი მანამდე დაგეგმილია და ვარჯიშზე უკვე ყველამ კარგად იცის რა და როგორ უნდა გააკეთოს.

“ჟელკოსნაირ მწვრთნელს ცხოვრებაში არ შევხვედრივარ. ფანტასტიკაა, ნამდვილი საფეხბურთო წიგნია. პეპი ძალიან კარგ გზას ადგას და სწორად მიიწევს წინ. ჯერ ისევ ახალგაზრდაა, მაგრამ ძალიან ნიჭიერია და უკვე უამრავი რამ იცის. დარწმუნებული ვარ, ყველანი ერთად ვნახავთ, როგორი დიდი მწვრთნელი გახდება მომავალში. ძალიან მიხარია ადნრეასი(კორნმაიერი) რომ გუნდში მოვიყვანე. ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, ბევრი რამ იცის და კარგი კაციცაა პიროვნულად.

“ჯონ ახტენბერგი – არ ვიცი, თუ შეიძლება სადმე რომელიმე მეკარეს ამაზე მეტი ენერგია და ვნება ჰქონდეს ფეხბურთისადმი. პეტერზე რა გითხრათ. არ ვიცი ბოლო ოცი წლის განმავლობაში რეალურად რამდენი თამაში ნახა, თავად კითხეთ, ის გიპასუხებთ. აი დაკვირვება და დეტალების შემჩნევა თუ ვინმეს ეხერხება, პირველი სწორედ ისაა. ამის გარდა კიდევ 10 თვალი მაინც აკვირდება ვარჯიშს და ეს ყველაფერი კიდევ არაა. ვარჯიშის მერე ერთად ვსხდებით და ვმსჯელობთ იმაზე რაც ვნახეთ.

“მწვრნელობა რომ დავიწყე ამ ყველაფერს მარტო მე ვაკეთებდი. ჩემი აზრით ეს საქმის შესწავლის საუკეთესო გზაა, ამაზე უკეთ მწვრთნელობას ვერსად ისწავლი. მე ყველაფრის სწავლა ნულიდან დავიწყე და მაშინ ეს საჭიროც იყო, მაგრამ ახლა აღარაა. ახლა გუნდურად ვმუშაობთ და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გამოცდილი გუნდი მყავს, თითოეული ჩვენგანი ყოველდღე რაღაც ახლის სწავლას ძველებური გულმოდგინებით ცდილობს.

“ბევრს ვლაპარაკობთ. ჩემი აზრით რამის სასწავლად საუკეთესო საშუალება სწორედ ესაა: ელაპარაკო ჭკვიან ხალხს ისეთ რამეებზე, რაც მათ შენზე უკეთ იციან.”

სხვა, ერთ–ერთ ინტერვიუში ლინდერსი აღნიშნავდა: კლოპი “ლივერპულში” ოჯახურ გარემოს ქმნის, რაც გუნდისთვის უმნიშვნელოვანესიაო.

“თუ გინდა მოედანზე შეკრულ და იდეალურ გუნდად გახვიდე, მოედნის მიღმაც ასე ერთ გუნდად შეკრული უნდა იყო.”– უთქვამს ლინდერსს.

კლოპს ძალიან მოსწონებია ეს ფრაზა. “ასეთი რამეები მართლა მიყვარს.”–ამბობს კლოპი, ვინც მართალია გარკვეული ცვლილებები შეიტანა “ლივერპულის” სამწვრთნელო შტაბში, მაგრამ ბევრი რამ უცვლელიც დატოვა. როგორც ამობობს, ამ ცვლილებების კეთება დიდად არ სიამოვნებს.

“მიყვარს გუნდში ასეთი ატმოსფეროს შექმნა. ამ დროს გუნდის თითოეული წევრი ბოლომდე იხარჯება, ყველას ძლიერი მხარე თანაბრად წარმოჩინდება, რაც საბოლოო ჯამში გუნდს აძლიერებს.

“მაინცში ამაზე პატარა გუნდი მყავდა, დორტმუნდში კიდევ უფრო პატარა. მარტივი არ ყოფილა აქაური ბიჭებისთვის, იმიტომ რომ როცა გუნდში ახალი მწვრთნელი მოდის, თავს საფრთხეში გრძნობ. გუნდში ახალი მწვრთნელის მოსვლას ძალიან ბევრ სხვა ცვლილებასაც უკავშირებენ, განსაკუთრებით აქ, ინგლისში.

“ეს მე დიდად არ მომწონს. ერთი ორჯერ იყო შემთხვევა, როცა სხვა გზა არ გვქონდა და მოგვიწია ვიღაცების შეცვლა. მართლა არასასიამოვნო იყო.

“მიყვარს, როცა ხალხს ვენდობი და როცა ხალხისგანაც ვგრძნობ ჩემდამი ნდობას. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ როცა რაღაც პრობლემა გვაქვს, ამ პრობლემის მოგვარებაზე ყველა ერთად ვზრუნავთ.”

კლოპის თქმით, მას და მის გუნდს ენფილდზე ტიტულის მოგება უნდათ, თუმცა მათთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია გუნდში კარგი ატმოსფეროს შექმნა.

“ვიცი, რომ ფეხბურთში მთავარი წარმატებაა, მაგრამ მნიშვნელოვანია გუნდში ისეთი განწყობის შექმნა, რომ 20 წლის მერე როცა უკან მოვიხედავთ, მოვიგონოთ ერთად გატარებული ის კარგი დრო, რომელსაც მუშაობაში, სწავლაში და უბრალოდ ერთად ყოფნაში ვატარებდით.

“ასეთი რამ ერთხელ უკვე მქონდა “მაინცის” იმ გუნდთან ერთად, რომელიც ბუნდესლიგაში ამოვიყვანე. დღემდე საერთო “ვოთსაფ” ჩატი გვაქვს, რომელსაც “2004–ის გუნდი” ჰქვია. იმ გუნდის ბევრი ფეხბურთელი ახლა მწვრთნელია და ხშირად ამობებენ რომ დღემდე ადგებათ ბევრი რამ რაც იმ წელს ერთად ვისწავლეთ.

“მაგრამ თავიდან წარმოდგენაც არ მქონდა, რომ სეზონის ბოლოს ამდენი მოსაგონარი რამ დაგვრჩებოდა. მწვრთნელობის არანაირი გამოცდილება არ მქონია. რასაც მივაღწიეთ და რაც იმ სეზონში განვიცადეთ მთლიანად ადამიანური ურთიერთგაგების, პატივისცემისა და ერთმანეთის გაწეული ფასდაუდებელი თანადგომის შედეგი იყო.

“იმ დროის და განცდების მოგონება დღემდე ძალიან მიყვარს, დღესაც დაუჯერებლად მიმაჩნია, ის რაც ჩვენ შევძელით. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ ასეთი რამ აღარც განმეორდება, მაგრამ იყო დორტმუნდის არანაკლებ ლამაზი და დასამხსოვრებელი წლები.

“და აქ, “ლივერპულშიც”. იმავეს გამეორების შანსი ჩვენც გვაქვს. ისევ შეიძლება რაღაც ძალიან განსაკუთრებულის გაკეთება. როცა გუნდი შეძლებს, ერთად შეიკვრება, ერთად დაიწყებს განვითარებას და გუნდის თითოეული წევრი იზრუნებს საკუთარი თავის, გუნდისა და გუნდის თითოეული მოთამაშის განვითარებაზე, თუ ჩვენ ერთად შევძლებთ განვითარებას, მაშინ ყოველთვის შეიძლება რაღაც ღირსსახსოვარი შემატო შენს განვლილ ცხოვრებას.

“ყოველი დღე მზიანია, უბრალოდ უნდა შეგეძლოს ეს მზიანი დღე შენს დღედ აქციო.”

კლოპს “ლივერპულში” ერთ წელზე გრძელვადიანი გეგმები აქვს და უნდა, რომ როცა “ლივერპულს” დატოვებს, მერსისაიდში კარგად მოსაგონარი და ფასეული მემკვიდრეობა დატოვოს, ისე როგორც ეს წინა გუნდებში გააკეთა.

“როცა ჩემსავით მთავარ სკამზე ზიხარ, დიდ ძალაუფლებას ფლობ, მაგრამ პასუხიმგებლობაც დიდი გაქვს ნაკისრი საკუთარ თავზე.

“და პასუხისმგებლობა, მე ასე მესმის, არასდროს ქრება და რჩება მაშინაც, როცა გუნდს ტოვებ. ისეთი რამ უნდა შექმნა და დატოვო, რის გამოც მოგიგონებენ და მაშინაც კი დაგაფასებენ, როცა უკვე გუნდში აღარ იქნები.

“ფეხბურთში სულ ასეა, მთელი ყურადღება მომდევნო თამაშს ეთმობა, მერე მომდევნოს, ისევ მომდევნოს და ისევ მომდევნოს. მაგრამ ვიღაცამ სადღაც უნდა გაგაჩეროს.

“მომდევნო თამაში აუცილებლად მოვა და მოგიწევს მისი თამაში, მაგრამ გუნდში ვინმე ისეთია საჭირო, ვინც იტყვის, რა მოხდება ამ თამაშის მერე.

“ეს მენეჯერის საქმეა, კაცის ვინც ჩემსავით მთავარ სკამზე ზის.

“კი, მომდევნო თამაში სათანადო ყურადღებას მოითხოვს და არ უნდა გაგეპაროს არც ერთი თამაში, მაგრამ რაღაც დრო იმაზე ფიქრსაც უნდა დაუთმო როგორ შეცვალო მთლიანი სისტემა, რათა ის უფრო ეფექტური გახდეს.

“ააშენო ეს, გააუმჯობესო ის. რაც ჩემს გუნდს ეხება, აბსოლუტურად ყველაფერი მაინტერესებს და როცა რაღაც მომენტში აქედან წავალ ის კი არ მინდა ისევ ჩემი სახელი იძახონ და იმღერონ. მინდა ხედავდნენ იმას, რაც ჩემმა მწვრთნელობას მისცა და დაუტოვა ამ გუნდს.”

სამუშაო ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვს, რათა “ლივერპულში” მართლაც შექმნას რაიმე ასეთი, მაგრამ უცებ თავისი საფირმო სიცილი უვარდება და ამთავრებს: “ამ საქმის ყველაზე სასიამოვნო ნაწილიც სწორედ ესაა”.

ხუთფუნტიანი ინგლისური ჰოსტელიდან, ინგლისურ გიგანტამდე

 

ავტორი : გიორგი ყუშიტაშვილი